„კავკასიური სახლი“, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი. შეიქმნა 1993 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, ყოფ. მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობათა მთ. სარედაქციო კოლეგიის ბაზაზე და არის მისი სამართალმემკვიდრე. ექვემდებარება საქართვ. კულტურის სამინისტროს (გამგეობის თავ-რე ნ. გელაშვილი). იგი ხელს უწყობს საქართვ. და კავკ. ხალხთა კულტ. მემკვიდრეობისა და ბუნების დაცვა-გადარჩენას, საქართველოსა და კავკასიაში მშვიდობის დაცვასა და დემოკრ. აღმშენებლობას, საზ-ბის ჰუმანიზაციას, ახალგაზრდობის განათლებას, ეკოლ. უსაფრთხოებას, კავკ. ხალხების ინტეგრაციას.
„კ. ს-ის" განყ-ბები: კავკასიური (ქართ., ადიღეური, აფხ., ყარაჩაიჩერქეზული, ჩაჩნურ-ინგუშური, დაღესტნური, ოსური, სომხ., აზერბ. და სხვ. სექციები); სლავური; ესპანურ-ამერიკული; აღმოსავლური; კულტურის, პოლიტიკისა და ეკოლოგიის; საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული; ფუნქციონირებს სმირნოვების საგვარეულო მუზეუმი – ა. ს. პუშკინის მემორიალი; ქართ. (კავკ.) რეწვის სახელოსნო (ხდება ნამუშევრების მუდმივი გამოფენაგაყიდვა); გამომც. „კ. ს-ის" ცენტრის მიერ დაარსებული საზ-ბები: ა. ს. პუშკინის საერთაშ. საზ-ბა, რაინერ მარია რილკეს საერთაშ. საზ-ბა; კავკ. ხალხთა გილდია; კავკ. ხალხთა სოლიდარობის ფონდი. „კ. ს-ის" სამეცნ.-პოლიტ. საბჭო საჭიროების შემთხვევაში აფასებს კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და საჯაროდ აფიქსირებს თავის პოზიციას.
„კ. ს." 2 თვეში ერთხელ უშვებს ლიტ., რელიგ.-ფილოს. და საზ. ჟურნ. „აფრას" (1999-იდან), აგრეთვე გამოსცემს წიგნებს, ჟურნალებს („კავკაზსკი აქცენტ", „მრავალსახოვანი ქვეყანა", „ჩვენი სოფელი", „ალტერნატივა", „პოლიტიკის დოკუმენტები").
თ. ალიბეგაშვილი