კავკასიური სოჭი, ნორდმანის სოჭი (Abies nordmanniana), მარადმწვანე წიწვოვანი ხე ფიჭვისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 50 მ აღწევს, დიამეტრი – 1,5 მ. შეკრულ ხეთადგომაში მისი პირამიდული ვარჯი დიდ სიმაღლეზე ტოტებისაგან გაწმენდილია, ეული ხე კი ძირიდანვე დატოტვილია. სიბერეში გადასულ ხეს ქერქი ღრმად და ტალღისებრად აქვს დაღარული. 2–3(4) სმ სიგრძისა და 2–2,5 (3) მმ სიგანის წიწვები ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან 2 თეთრი ზოლი გასდევს; წიწვები 9–12 წელს ცოცხლობს. ზედა ტოტებზე 12–20 სმ სიგრძის ბლაგვთავიანი გირჩები კელაპტრებივით აქვს აღმართული, მომწიფებისას ზედვე იშლება ქერქლებად და ხეზე დროებით მხოლოდ გირჩის ღერძი რჩება. გავრცელებულია კავკასიის დას. ნაწილში მთავარი კავკასიონის ჩრდ. და სამხრ. ფერდობებსა და სამხრ. მთიანეთის აჭარა-იმერეთის, აგრეთვე თრიალეთის ქედებზე. საქართველოში მისი გავრცელების უკიდურესი აღმ. საზღვარი გადის მდ. ალგეთზე, მანგლისთან. კ. ს. გვხვდება თურქეთში, პონტოს ქედის ფერდობებზე. იზრდება ზ. დ. 1200–1500 მ-იდან 2000–2300 მმდე. ადგილ-ადგილ ტყის მცენარეულობის გავრცელების სუბალპურ საზღვრამდეც ადის, მთავარი კავკასიონის ჩრდ. ფერდობებსა და ამიერკავკასიის დას. ნაწილში იგი დაბლა, ზ. დ. 600 მ-მდე ეშვება. ქმნის წმინდა კორომებს, ხშირად შერეულია ნაძვთან და წიფელთან. კ. ს. ჩრდილის ამტანი და სიცივეგამძლეა. მგრძობიარეა ზაფხულის მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის სიმშრალისადმი, სუსხის დროს კი აღმონაცენი უზიანდება. მეზოფილური ჯიშია, თუმცა ჭარბტენიან ნიადაგს გაურბის. კარგად ხარობს ნოყიერ ნიადაგზე. მცირედ დაქანებულ ფერდობებზე საკმაოდ ღრმა ფესვთა სისტემას ივითარებს. არის ქარგამძლეც. შედარებით რბილი და მტვრევადი მერქანი აქვს, მაგრამ მაინც ფართოდ იყენებენ მშენებლობაში, აგრეთვე ქაღალდის წარმოებაში. ცოცხლობს 600–700 წელს. თესლს იძლევა 30–40 წლისა (კორომში უფრო გვიან). ყვავილობს მაისში, თესლი ცვივა ოქტომბერ-ნოემბერში. დეკორატიულია, აშენებენ ბაღებსა და პარკებში.
ვ. მირზაშვილი