კავკასიური ფოცხვერი (Felis lynx orientalis Sat., 1905), სმ-მდე, შავი ბოლოთი, ზემოთ კი აქვს 2–3 ძნელად გასარჩევი რგოლი. მისი შეფერილობა წითური ან მოწაბლისფრო-წითურია, ნათელი ლაქებით, აქვს ასევე მომრგვალებული ლაქები (დიამეტრი 2 სმ-მდე) შავიდან შავ-მორუხო ფერამდე. ზურგზე ნიდაოდან ხერხემლის გასწვრივ გასდევს ორი, ზოგჯერ რამდენიმე მუქი წვრილი ზოლი. ნიკაპი, მკერდი, მუცელი და საზარდულის სფერო თეთრი აქვს. კიდურები კარგად განვითარებული, ტერფი – ფართო, კვალი – მრგვალი, ბრჭყალების გარეშე, ბრჭყალები – მსხვილი და მკვეთრად მოხრილი. ტყის ტიპური ცხოველია. კარგად დაძვრება ხესა და კლდეზე, ცურავს, ეგუება თოვლს. ბუჩქნარებში დიდხანს არ ჩერდება, უფრო უღრან ტყეებსა ან ტყის ზედა სარტყელში ბინადრობს. დღისით წევს კლდის ნაპრალში, წაქცეული ხეების ქვეშ, ზოგჯერ ხშირტოტიან ხეს აფარებს თავს. საკვების სიუხვის შემთხვევაში ფოცხვერი ერთ ადგილას ბინადრობს, უკმარისობისას – გადაადგილდება. დღე-ღამეში მას შეუძლია გაიაროს 30 კმ-მდე. ძირითადად იკვებება კურდღლებით, ნადირობს როჭოსმაგვარ ფრინველებზე, პატარა მღრღნელებზე, იშვიათად – მცირე ზომის ჩლიქოსნებზე (როგორიცაა შველი), ზოგჯერ თავს ესხმის შინაურ კატებს და ძაღლებს, აგრეთვე მელიებს, ენოტისებრ ძაღლებს და სხვ. ნადირობს შებინდებისას. მსხვერპლის დევნა შეუძლია არა უმეტეს 60–80 მ მანძილზე. კ. ფ. მძუნაობს თებერვალ-მარტში, მაკეობა გრძელდება 64–67 დღემდე. შობს 2–6 უსუსურ ნაშიერს, თვალები ეხილებათ 10–12 დღეში. ბოკვრების აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს. ბოკვრები ნადირობენ მოზრდილებთან ერთად შემდეგი გამრავლების სეზონის დადგომამდე. მდედრები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 21, მამრები კი 33 თვის ასაკში. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 15–20 წელია.
სახეობის ბინადრობის არეალი მუდმივად მცირდება. საქართველოში უფრო ხშირად გვხვდება ბორჯომის, კინტრიშის, ბაწარის და ლაგოდეხის ნაკრძალებში, ზეკარში, აბასთუმნის ტყეებში, ალაზნის, ივრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის ხეობათა სათავეებში, გუმისთის, ბზიფისა და კოდორის ხეობებში. აქ, სავარაუდოდ, 750 კ. ფ. ბინადრობს.
ლიტ.: საქართველოს სსრ წითელი წიგნი, თბ., 1982.