კავკასიური წაბლა ჯიში, მსხვილი რქოსანი საქონლის (ძროხის) სარძეო-სახორცე მიმართულების ჯიში. გამოყვანილია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში ადგილ. ძროხის შეჯვარებით შვიცურ და კოსტრომულ ჯიშებთან. ჯიში დამტკიცებულია 1960. კ. წ. ჯ-ს მაგარი კონსტიტუცია და მკვრივი ძვალეული აქვს, ფერად წაბლაა. ცოცხალი მასა: კუროსი – 700–800 კგ, ფურისა – 400– 450 კგ; წლიური ლაქტაციური მონაწველი – 2500–3500 კგ (უდიდესი 8800 კგ), რძის ცხიმიანობა – 3,9% (უდიდესი 5%-მდე), ნაკლავის გამოსავალი – 50–55%.
კ. წ. ჯ. საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. ის კარგად ეგუება მაღალი მთის პირობებს. ჯიშის შემდგომი სრულყოფის სამუშაოები მიმდინარეობდა სახელმწ. ჯიშთსაშენში (დედოფლისწყაროს რ-ნი), დმანისის რ-ნის ბაშკიჩეთის სამომშენებლოში, ბორჯომის რ-ნის ციხისჯვრის სანაშენე მეურნეობასა და სხვა რ-ნების 30-მდე სანაშენე ფერმაში.
ამჟამად სანაშენეების ფუნქციონირების შეჩერების გამო ხალასჯიშიანი სულადობა მკვეთრად შემცირებულია. ძირითადად გვხვდება ახალქალაქის, ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში.
ნ. გოცირიძე
გ. გოგოლი