კაზრეთი, დაბა ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), მდ. მაშავრის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ტერიტ. ორგანოს ცენტრი (დაბა კ., სოფ. ბალიჭი). ზ. დ. 700 მ, ბოლნისიდან 15 კმ. 4,3 ათ. მცხ. (2014). რკინიგზის სადგური (თბილისი–ერევნის სარკინიგზო ხაზს უკავშირდება მარნეულ–კაზრეთის განშტოებით).
კ-ში ფუნქციონირებს ოქროს მომპოვებელი საწარმო „კვარციტი".
1970–76 კ-სა და მის მიდამოებში აღმოჩნდა (ხელმძღვ. მ. სინაურიძე) არქეოლ. ძეგლები: 1) ადრინდ. ბრინჯაოს ხანის სამოსახლოს ნაშთი და გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანის სამაროვნები (ძვ. წ. VII–VI სს.) რკინიგზის სადგურთან, ე. წ. „ველებზე". სამარხები ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი იყო. მიცვალებულები დასვენებული იყვნენ მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე ხელფეხმოკეცილნი. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რკინის შუბისპირები, ისრისპირები და სატევრები, ბრინჯაოს ფიბულა და სამაჯურები, სხვადასხვა მასალის მძივები. 2) ანტ. ხანის (I–III სს.) ნამოსახლარი და სამაროვანი დაბაში. აღმოჩნდა ბრინჯაოს ენოხოია, რ-ზეც ამოკვეთილია მოცეკვავე ფიგურები; მინისა და თიხის ჭურჭელი. 3) ეკლესიის ნანგრევები და სამაროვანი კ-ის კარიერ „ბუჩურიანში". აღმოჩნდა VI–VII სს. ქვის სტელებისა და ჯვრების ფრაგმენტები. XI–XIII სს. პოლიქრომული ჭურჭლისა და ქართ. ასომთავრული წარწერებიანი კრამიტის ნატეხები. 4) მდ. კაზრეთის მარჯვ. ნაპირზე პატარა ეკლესიის გათხრების დროს იპოვეს V–VII სს. სტელები, ჯვრები და XVI–XVII სს. სამაროვანი. 5) წითელი ტუფის ორფერდა სახურავით გადახურული ფეოდ. ხანის ქვიშაქვის სარკოფაგი სოფ. ბალიჭში (ხელმძღვ. – ვ. ჯაფარიძე). გულაღმა ჩასვენებულ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა რკინისღეროიანი ოქროს საკინძი და ოქროს ბეჭედი. სარკოფაგის ჩრდ-ით აღმოჩნდა 11 ქვის სამარხი, მიცვალებულები დასვენებული იყვნენ გულაღმა, უინვენტაროდ. სარკოფაგის დას-ით ნაპოვნია მასიური კედლების ნანგრევები, V–VII სს. მოჩუქურთმებული ჯვრებისა და ადრინდ. ფეოდ. ხანის კერამიკის ნაშთები. სოფელში ზედაპირულად აიკრიფა XI–XIII სს. კერამიკა. სოფლის აღმ-ით, "სიპქვიებზე", გამოვლინდა (ხელმძღვ. – მ. სინაურიძე) შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) სამარხები, რშიც აღმოჩნდა შავპრიალა კერამიკა. 6) „სამტრედოში", ზურაბიშვილების სასახლის ნანგრევებთან, გამოვლინდა სამეურნეო სათავსები, კარის ეკლესია, აგრეთვე XVII ს. დასასრულისა და XVIII ს. დასაწყისის თიხის სადა და მოჭიქული ჭურჭელი, ქაშანურისა და მინის ნაკეთობანი, სამეურნეო იარაღი.
კ-ში მდებარეობს XIII ს. I მეოთხედის არქიტ. ძეგლი – სამონასტრო კომპლექსი, რ-ის ხუროთმოძღვრული დომინანტია სამების ერთნავიანი ეკლესია. გეგმით წაგრძელებული, სწორკუთხედის ფორმის მაღალი, უგუმბათო შენობა ნაგებია სუფთად დამუშავებული ქვით. შემკულია მდიდრული დეკორით. აღმ-ით ძალიან ღრმა აფსიდი აქვს, ჩრდ-ით და დას-ით – ორი პორტალებიანი შესასვლელი. ტრადიციულად შესასვლელს სამხრ-იდან აკეთებდნენ, მაგრამ აქ მთავარია ჩრდ. შესასვლელი, ვინაიდან ერთადერთი მისადგომი გზა ჩრდ.-დას-იდანაა. ძეგლის მეორე თავისებურებაა ის, რომ აფსიდს ჩრდ-იდან ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი სადგომი ეკვრის. აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადებს ამკობს სარკმლების დეკორ. ჩარჩოები, პორტალებს – რთულპროფილიანი ჩუქურთმები. კ-ის მიდამოებშია სათხის ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები).
ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე ვ. კაზრეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, «ქართული ხელოვნება», 1987, №9; თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები, «თსუ შრომები», 1951, ტ. 43; ს ი ნ ა უ რ ი ძ ე მ., 1974–75 წწ. არახლო-კაზრეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში, წგ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, [ტ.] 5, თბ., 1977; ს ი ნ ა უ რ ი ძ ე მ., ბ ე რ ი ძ ე თ., კაზრეთის ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1971, № 27–28; ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013; ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი თ., კაზრეთის ბერძნული წარწერა, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1967, ტ. 27В; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ვ., ჩვენი ისტორიის ერთი მემატიანე (კვლავ ბუჩურაშენის ეკლესიის შესახებ), «ძეგლის მეგობარი», 1975, №39.
ვ. დოლიძე
მ. სინაურიძე