კათალიკოსთა სამართალი, კანონები, რომლებიც შეადგინა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებამ XVI ს. შუა წლებში. შედგება 3 ნაწილისაგან: შესავალი, კანონთა მუხლები და კრების მონაწილე პირთა ხელრთვები; შეიცავს 23 მუხლს. ძეგლი სისხლის სამართ. სჯულდებას წარმოადგენს. დანაშაულთა სახეებიდან აღსანიშნავია მეფის ღალატი, მკვლელობა, კაცის გაყიდვა, ეკლესიის გატეხა, ქურდობა, რძლის შერთვა და სხვ. დაწესებულია მკაცრი სასჯელები: სიკვდილით დასჯა, ხელის მოკვეთა, გაძევება, შეჩვენება და სხვ. კ. ს-ის მთავარი წყაროა დიდი სჯულისკანონი; გათვალისწინებულია ქართ. საეკლ. სჯულმდებლობის ტრადიციებიც და პრაქტიკაც. კ. ს. შედგენილია დას. საქართველოსათვის, მაგრამ იგი მთელი საქართველოს საეკლ. წესწყობილების დამახასიათებელი ძეგლია. კანონთა შედგენაში მონაწილეობდა „ყოვლისა საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი მალაქია", რის გამოც კანონთა მოქმედება ნებადართული იყო აღმ. საქართველოშიც.
პუბლ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963.
ლიტ.: ჩ ი კ ვ ა ი ძ ე დ., საეკლესიო სამართლის საკითხები, თბ., 2004.
ი. დოლიძე