კათარსისი (ბერძნ. Katharsis – ამაღლება, განწმენდა), ესთეტიკური განცდის არსის აღმნიშვნელი ტერმინი ძვ. ბერძნულ ფილოსოფიასა და ესთეტიკაში; ტრაგედიაში – უმაღლესი ჰარმონიის განცდა. ის, უწინარეს ყოვლისა, უკავშირდება არისტოტელეს ნაშრომ „პოეტიკას" და მის ერთ-ერთ მთავარ ცნებას წარმოადგენს. ფილოსოფიური აზრით, კ. ნიშნავს სულის განწმენდას. არისტოტელესთან ტრაგედიას ადამიანის სულის განმწმენდი, გამაჯანსაღებელი ფუნქცია გააჩნია, რადგან ტრაგედიის შემქმნელი პოეტი ცდილობს, რომ ადამიანთა მანკიერებების გადმოცემის გზით მაყურებელში აღძრას თანაგრძნობისა და შიშის განცდა. თუკი ეს მიზანი მიღწეულია, მაშინ საქმე გვაქვს ადამიანის ზნეობრივი სრულყოფის იდეალთან. ადამიანი საკუთარი თავის სრულყოფას ახერხებს ვნებებისგან გათავისუფლების გზითა და ზომიერების დაცვით. არისტოტელეს მიხედვით, ხელოვნებას, კერძოდ კი თეატრს, პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის სულზე. ამ საკითხში მისი პოზიცია განსხვავდება პლატონის პოზიციისგან – ტრაგედიის შემოქმედი ადამიანის სულში ქაოსის შეტანას კი არ ცდილობს, არამედ იგი სულის მკურნალია. მან კარგად იცის ადამიანის სულის თავისებურებანი და ისიც კარგად ესმის, თუ როგორ უნდა მოხდეს სულიერი აფექტების მართებული გზით მართვა და დაოკება. XIX ს. ბოლოს კ-ის ცნება დიდ როლს თამაშობდა ფსიქოანალიზში და ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ მეთოდადაც კი აღიარეს. კათარსისული მეთოდის მეშვეობით პაციენტს ეხმარებიან ცრუ შიშებისა და აკვიატებული აზრების დაძლევაში. თუმცა ზ. ფროიდი თანდათან დაშორდა კვლევის ამ ხერხს და უპირატესობა მიანიჭა „თავისუფალი ასოციაციის“ მეთოდს, რ-იც დღესაც განკურნების ძირითად საშუალებად ითვლება ფსიქოანალიზში. საქართველოში კ-ის ცნებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემათა სპექტრს იკვლევდნენ ს. დანელია, მ. გოგიბერიძე, გ. თევზაძე და სხვ. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ს. დანელიას თარგმანი არისტოტელეს ნაშრომისა „პოეტიკა“ და მისივე გამოკვლევა «არისტოტელეს "პოეტიკის" შესავალი», სადაც ვრცელი მონაკვეთი ეთმობა კ-ის ცნების ანალიზს.
ლიტ.: არისტოტელე, პოეტიკა. წინასიტყვ., თარგმ. და კომენტარები ს. დანელიასი, თბ., 1944; გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე მ., ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1941; დ ა ნ ე ლ ი ა ს., არისტოტელეს „პოეტიკის“ შესავალი, წგ.: ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, თბ., 1978; თ ე ვ ზ ა ძ ე გ., ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1995.
თ. ირემაძე