კათოლიკობა (ბერძნ. katholikos – მსოფლიო, საყოველთაო), ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა ქრისტიანობაში მართლმადიდებლობასთან და პროტესტანტიზმთან ერთად. ყველაზე მეტად გავრცელებულია იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში.
ქრისტ. რელიგიასა და ეკლესიაში კ-ის ცალკე გამოყოფისა და კონფესიური თვითორგანიზაციის პროცესი III–V სს-ში დაიწყო. ამ გამოყოფის და, ზოგადად, საერთო ქრისტ. ეკლესიის დას. (რომაულ-კათოლიკური) და აღმ. (ბერძნულ-მართლმადიდებლური) ნაწილებად გათიშვის მთავარი მიზეზი იყო მეტოქეობა რომის პაპებსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებს შორის ქრისტ. სამყაროში პირველობისათვის. მაგრამ ორგანიზაციულ-იერარქიული ჰეგემონიზმის გარდა, განხეთქილების წანამძღვრები არსებობდა ღვთისმეტყველებისა და კულტმსახურების სფეროშიც.
ძირითადი განსხვავება, რამაც საბოლოო განხეთქილების თეოლოგიური საფუძვლები შექმნა, მდგომარეობს წმ. სამების დოგმატსა და ე. წ. ფილიოკვეს (ლათ. ფილიოქუე – ძე, შვილი) საკითხში. კათოლიკურ მოძღვრებაში სულიწმინდის მოფენა ხდება არა მარტო მამა ღმერთისაგან, როგორც ეს მართლმადიდებლობის რწმენის სიმბოლოშია, არამედ ძე ღმერთისგანაც.
კ., მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით, სამოთხისა და ჯოჯოხეთის გარდა, აღიარებს მესამე ინსტანციას – განსაწმენდელს (სალხინებელს); კათოლიკურ ეკლესიაში დადგენილია ცელიბატი – სამღვდელოების სავალდებულო უცოლობა (მართლმადიდებლობაში ეს ეხება მხოლოდ ბერმონაზვნებს) და სხვ.
756 ფრანკების მეფე პიპინ მოკლემ ცენტრ. იტალიაში (ლაციუმში, რომანიაში, მარკესა და უმბრიაში) არსებული ტერიტ.- სენიორალური წარმონაქმნები – რომის დუკატი, პენტაპოლისი და რავენის ეგზარქატი – რომის პაპს გადასცა სამართავად. ასე შეიქმნა ვატიკანი – რომის პაპების თეოკრატიული სახელმწიფო. პირველი სქიზმა ქრისტ. ეკლესიაში მოხდა 867 ახლო ხანებში, მაგრამ მალევე (IX–X სს. მიჯნაზე) აღმოიფხვრა. მეორე დიდი განხეთქილება, რ-საც უკვე საბოლოო გათიშვა მოჰყვა, მოხდა 1054 ივლისში (სხვა მოსაზრების თანახმად, ქრისტ. ეკლესიის გათიშვა დასრულდა 1204, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის ექსორიის შემდეგ).
კ-ის მოძღვრების თანახმად, რომის სამოციქულო ეკლესია დაარსებულია პეტრე მოციქულის მიერ და რომის პაპი წარმოადგენს მის მემკვიდრესა და ქრისტეს ჭეშმარიტ ნაცვალს დედამიწაზე. ამიტომ რომის პაპის ხელისუფლება მსოფლიო საეკლ. კრებების ხელისუფლებაზე მაღლა დგას. ეს დებულება 1869–70 ვატიკანის საეკლ. კრებაზე ოფიც. დოგმატად დაამტკიცეს. ამავე კრებაზე გამოცხადდა „რწმენის საკითხებში პაპის უცოდველობისა და შეუცდომლობის“ დოგმატი. ამ დოგმატიდან გამომდინარე, რომის პაპი ითვლება უმაღლეს მღვდელმსახურად, ყველა ქრისტიანის მწყემსად და მასწავლებლად, რწმენისა და მორალის საკითხებში დოქტრინების განმსაზღვრელად.
საქართველოს რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობა ჰქონდა VI ს-იდან, 1054 სქიზმის შემდეგ კი მეტი ინტენსიურობით გაგრძელდა სარწმუნოებრივი, პოლიტ.-დიპლომატიური და კულტ.-საგანმან. თვალსაზრისით. საქართველო მოელოდა ქრისტიანთა ხსნასა და მფარველობას ისლამური იმპერიების პერმანენტული აგრესიისაგან. საქართვ. სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქართველ მეფე-მთავართა საუკუნეობრივი მისწრაფება იყო, დაკავშირებოდნენ რომის პაპებს და ვატიკანის მეშვეობით სამხედრო-პოლიტ. ურთიერთობა დაემყარებინათ ევროპულ სახელმწიფოებთან მაჰმადიანური აგრესიის შესაკავებლად.
XIII ს. 20–30-იან წლებში რუსუდან დედოფალი რომის პაპებს – ონორე III-სა და გრიგოლ IX-ს – სთხოვდა დახმარებას მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში და აღუთქვამდა საქართველოს ეკლესიის შეერთებას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. მართალია, არც სამხ. დახმარება შედგა და არც უნიის საკითხი გადაწყვეტილა, მაგრამ აღნიშნულ დიპლომატიურ მიმოწერას მოჰყვა კათოლიკე მისიონერთა პირველი შემოსვლა საქართველოში. ესენი იყვნენ ფრანცისკელთა ორდენის წევრები – მინორიტები. მათ თბილისში მონასტერიც დააარსეს იაკობ როგსანელის წინამძღვრობით. XIII ს. 40-იან წლებში თბილისში მოღვაწეობა დაიწყეს და საკუთარი მონასტერი დააარსეს დომინიკელთა ორდენის მისიონერებმაც. ქართ. ეკლესია, ბერძნულისაგან განსხვავებით, სქიზმის შემდეგ ორი საუკუნის განმავლობაში ექვს პატრიარქს ასახელებდა და, ამგვარად, საქართვ. კათოლიკოსპატრიარქის გარდა, დანარჩენ ხუთში რომის პაპსაც გულისხმობდა. 1318 ვატიკანმა თავისი დამოუკიდებელი საეკლ. ორგანიზაცია შექმნა მონღოლთა ილხანთა სახელმწიფოში (ჰულაგუს ულუსში), რ-შიც იურიდიულად საქართველოც შედიოდა. ამ ნაბიჯით,
ქართ. ეკლესიის აზრით, რომის კათოლიკური ეკლესია საბოლოოდ გაემიჯნა მართლმადიდებელ სამყაროს და მანაც შეწყვიტა რომის პაპის პატრიარქად მოხსენიება. იმავე 1318, ჰულაგუს ულუსში შექმნილი „სულთანიეს საარქიეპისკოპოსოს“ კანონიკური იურისდიქციით, რომის პაპმა საქართვ. შავიზღვისპირეთში, ცხუმში დააარსა სებასტოპოლის საეპისკოპოსო კათედრა და კათოლიკე ეპისკოპოსად დანიშნა ფერნანდო მორე.
1321 პაპმა იოანე XXII-მ საგანგებო მიმართვა გამოუგზავნა გიორგი V ბრწყინვალეს. ამის გამო, სავარაუდოდ, საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა და რომის პაპმა თბილისში საეპისკოპოსო კათედრის გახსნის ნებართვა მიიღო. ცხადია, ამის მიზეზი საქართველოში კათოლიკური მრევლის რაოდენობის ზრდაც უნდა ყოფილიყო. 1328 იოანე XXII-მ, „ლათინთა ელემენტის შემცირების“ მიზეზით, გააუქმა სმირნის (ახლანდ. იზმირი, თურქეთი) კათედრა და 1329 წ. 6 თებერვლის ბულით დააარსა თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო.
მისიონერები, ღვთისმსახურების გარდა, ფლობდნენ სამკურნალო და სააფთიაქო სპეციალობებს, საერო დისციპლინებს (ისტორიას, ქიმიას, ფიზიკას, მხატვრულ ხელოვნებას), ქართულად თარგმნიდნენ სასწავლო წიგნებს, ეკლესიებთან ხსნიდნენ სკოლებს (თბილისი, გორი, ახალციხე), ქართულ საზ-ბას აცნობდნენ ევროპულ აზროვნებას და მეცნიერების მიღწევებს.
1438 წ. 8 თებერვლიდან 1439 წ. 6 ივლისამდე მიმდინარე ფერარაფლორენციის საეკლესიო კრებაზე საქართველოს წარმომადგენლობა დიდი პატივით მიიღეს: მიტროპოლიტი გრიგოლი კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და ალექსანდრიის საპატრიარქოთა შემდეგ მეხუთე ადგილზე იჯდა, ხოლო საქართველოს ელჩი – საერო პირთა შორის საპატიო ადგილზე, ბიზანტიის იმპ. იოანე პალეოლოგის რიგში.
1453 წ. 29 მაისს ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დაკავებამ და ბიზანტიის იმპერიის დაცემამ დიდად შეაშფოთა ქრისტ. სამყარო. წარმოიშვა ანტიოსმალური კოალიციის მოწყობისა და თურქთაგან კონსტანტინოპოლის გათავისუფლების იდეა. რომის პაპმა კალიქსტ III-მ 1456 საქართველოში გამოაგზავნა ელჩი (ნუნციის სტატუსით) ლუდოვიკო ბოლონიელი. 1458 ლუდოვიკო საქართველოს კვლავ ესტუმრა, ამჯერად ახალი პაპის – პიუს IIის ჯვაროსნული ანტიოსმალური პროექტით. მაგრამ მალე დასავლეთმა უკან დაიხია (ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ოსმალების მიერ 1471 ტრაპიზონის აღებამ) და ეს გეგმაც ჩაიშალა.
XVI ს-ში საქართველოში კ-ის პოზიციები საგრძნობლად დასუსტდა. თურქების მიერ სრუტეების ჩაკეტვის გამო დომინიკელი და ფრანცისკელი მისიონერები საქართველოში შემოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. შემცირდა კათოლიკური მრევლი. XVI ს. 10-იან წლებში გაუქმდა თბილ. საეპისკოპოსო კათედრა.
საქართველოს კ-ის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება XVII ს. 10–20-იანი წლებიდან. ამ პერიოდში ქართლში, კახეთში, გურიასა და ოდიშის სამთავროში მოღვაწეობდნენ ავგუსტინელთა და იეზუიტთა შედარებით მცირერიცხოვანი მისიები.
1622 წ. 6 იანვარს რომის პაპმა გრიგოლ XV-მ ჩამოაყალიბა ვატიკანის წმინდა კონგრეგაცია – „დე პროპაგანდა ფიდე“. იმავე წლის 22 ივნისის ბულით განისაზღვრა კონგრეგაციის სტატუსი და ძირითადი მიზნები: კ-ის გავრცელება, კოლეჯებისა და სემინარიების მეშვეობით მისიონერთა მომზადება, სხვადასხვა ენაზე საღვთო წერილების თარგმნა და მრავალენოვანი სტამბის ორგანიზება. მათი მეშვეობით 1628 თბილისში დაარსდა პირველი ქართული სტამბა. 1629 გამოიცა პირველი ქართული წიგნი – ქართულ-იტალიური ლექსიკონი.
1626 მაისში „დე პროპაგანდა ფიდემ" მიიღო დეკრეტი საქართველოში თეატინელთა ორდენის მისიონის დაარსების შესახებ (იხ. თეატინელები), რ-იც ქართლში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში უაღრესად ნაყოფიერად მოღვაწეობდა. მათ რიგებში იყვნენ მწერლები, ექიმები, ინჟინრები, მხატვრები. ისინი თავიანთ გახსნილ სკოლებში ქრისტ. მოძღვრებასთან ერთად ასწავლიდნენ ქართულ, იტალიურ, ლათინურ, ფრანგულ ენებს, ადგენდნენ ლექსიკონებს და გრამატიკულ სავარჯიშოებს, აგროვებდნენ ფოლკლორულ მასალას და სხვ. მათ მიერ შედგენილი წიგნებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“, ქრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოზე“ და ჯუდიჩე მილანელის „რელაციები“.
1662–63-იდან საქართველოში მოქმედებდა კაპუცინთა ორდენის მისიები, რ-ებმაც ასევე ღრმა კვალი დატოვეს დიპლომატიურ, სარწმუნოებრივ და კულტ.-საგანმან. სარბიელზე.
XVII–XVIII სს. საქართველოს პოლიტ. ელიტა კვლავ მიუბრუნდა „კათოლიკური პოლიტიკის“ ამას განაპირობებდა ისტ. ფაქტორები. რომიდან, როგორც იმდროინდელი ევროპის პოლიტ. და ქრისტ. სამყაროს სას. ცენტრიდან, სამხ.-სტრატეგიულ დანიშნულებას. ქართვ. პოლიტიკოსები ცდილობდნენ რომის პაპის მეშვეობით ევროპის ქვეყნებთან (განსაკუთრებით საფრანგეთთან) მიეღწიათ სამხედრო-პოლიტ. კავშირისათვის ირანისა და ოსმალეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეიმურაზ I-ის წარგზავნილის ნიკიფორე ირბახის (იხ. ჩოლოყაშვილი ნ.), ვახტანგ VI-ის ელჩის, ს.-ს. ორბელიანისა და ერეკლე IIის კათოლიკე წარმომადგენლების მისიები.
კ-მ განსაკუთრებული როლი შეასრულა ოსმალეთის მიერ დაპყრობილ სამცხე-საათაბაგოში (ახალციხის საფაშოში). აქ საუკუნეების განმავლობაში გაწამებული ქართველების მიერ ქრისტ. სარწმუნოებისა და ეროვნ. მეობის შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ კ-ის მეშვეობით მოხერხდა. ეს პროცესი მიმდინარეობდა, ერთი მხრივ, სულთნის ცენტრ. მთავრობის და, მეორე მხრივ, სომეხ სას. პირთა წინააღმდეგობის ფონზე.
რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ეტაპობრივმა ანექსიამ საგრძნობლად გააუარესა კათოლიკეთა მდგომარეობა. რუსეთი მხარს არ უჭერდა კათოლიკე მისიონერებს საკუთარ ქვეყანაში და, ბუნებრივია, არც საქართველოში შეეგუებოდა მათ საქმიანობას. 1804 აგვისტოში იმპ. ალექსანდრე I-ის ბრძანებით, საქართველოში მცხოვრები კათოლიკე მრევლი გადავიდა რუსეთის ლათინთა მიტროპოლიტისა და მოგილიოვის კონსისტორიის დაქვემდებარებაში. ანალოგიურ დაქვემდებარებაში გადავიდა 1828–29 რუს.-თურქეთის ომისა და ადრიანოპოლის ზავის შედეგად (იხ. სტ. ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება 1829) შემოერთებული სამცხე-ჯავახეთის კათოლიკური მრევლი.
1845 იანვარში იმპ. ნიკოლოზ I-ის დეკრეტით კაპუცინ პატრებს აეკრძალათ საქართველოში საქმიანობა, ასევე აიკრძალა ევროპიდან კათოლიკე მისიონერების შემოსვლა და მოღვაწეობა. 1859 მაისში პ. ხარისჭირაშვილმა ვატიკანიდან მიიღო ნებართვა და კონსტანტინოპოლში დააფუძნა ღვთისმშობლის მონასტერი. 1861 თებერვალში „პროპაგანდა ფიდემ“ ახალ ქართ. სავანეს იურიდიული სტატუსი მიანიჭა. ასე შეიქმნა ქართვ. კათოლიკეთა ძმობა-საზოგადოება (ე. წ. სტამბოლის კონგრეგაცია) თავისი სტამბით, სკოლითა და ქართულენოვანი ტიპიკონით. დამფუძნებელთან ერთად, კონგრეგაციის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ა. გოზალიშვილი, ა. წინამძღვრიშვილი [სტამბოლის კონგრეგაციის მიერ ქ. მონტობანში (საფრანგეთი) დაარსებული ახალი ძმობის წინამძღოლი], ა. ხითარიშვილი, ს. გიორგაძე, ი. გვარამაძე და სხვ. ამ სავანეში აღიზარდნენ ქართ. კულტურისა და მეცნიერების კორიფეები: მ. თამარაშვილი, მ. თარხნიშვილი, შ. ვარდიძე და სხვ.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1919 აგვისტოში აღადგინა ურთიერთობა ვატიკანთან. პაპმა ბენედიქტ XII-მ თბილისში გამოგზავნა ანტუან დელპუჩი. 1920 წ. 20 ოქტომბერს თბილისში აღდგა კათოლიკური საეპისკოპოსოც, თუმცა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შედეგად ურთიერთობები კვლავ შეწყდა. XX ს. 30-იან წლებში ბოლშევიკურმა რეჟიმმა დიდი დარტყმა მიაყენა როგორც მართლმადიდებელ, ისე კათოლიკურ ეკლესიას.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991) შემდეგ დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და ვატიკანს შორის. 1993 თებერვალში თბილისში გაიხსნა ვატიკანის წმ. ტახტის სადესპანო, აღდგა კათოლიკეთა სამოციქულოც, საეპისკოპოსოც, ამოქმედდა ტაძრები და საკრებულოები თბილისში (ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია), ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ხონში და სხვ.
ამჟამად, საქართველოში, რომაულ-კათოლიკური აღმსარებლობის მრევლის რაოდენობა დაახლ. 50 ათ. (აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მრევლი ემორჩილება „კავკასიის აპოსტოლურ ადმინისტრატურას“) შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობს კარმილელთა ორდენი, სტიგმელთა კონგრეგაცია, დედა ტერეზა კალკუტელის მოწყალების ორდენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასი“, იბეჭდება ყოველთვიური მაცნე „საბა“.
ლიტ.: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; ლ ო მ ს ა ძ ე შ., მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი, თბ., 1984; პ ა პ ა შ ვ ი ლ ი მ., საქართველო-რომის ურთიერთობა VI–XX სს.,