კაიკაციშვილი (ნამდვ. გვარი – ქათამაძე) გულახმედ (გულო) ხასანის ძე (1840–1923, სოფ. სამება, ქობულეთი), საზოგადო მოღვაწე. კ. იღვწოდა თურქეთის მფლობელობაში მოქცეული ქართ. მიწების შემოერთებისათვის, ზრუნავდა აჭარაში ეროვნ. თვითშეგნების ამაღლების, აჭარის სამეურნეო ცხოვრების გაუმჯობესებისა და მოსახლეობის კულტურული დაწინაურებისათვის. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ა. წერეთელთან, ს. მესხთან, გ. გურიელთან, პ. უმიკაშვილთან, დ. კლდიაშვილთან, ი. იმედაშვილთან, ჰ. აბაშიძესთან, ზ. ჭიჭინაძესთან, ე. თაყაიშვილთან, დ. კარიჭაშვილთან, პ. მირიანაშვილთან და სხვ. სისტემატურად აქვეყნებდა კორესპონდენციებს ქართ. პრესაში („დროება", „ივერია"), სადაც იმდროინდელი აჭარის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავდა. ეწეოდა ქართ. ენის დაცვისა და განმათ. იდეების პროპაგანდას ქობულეთის მხარეში. 1877–78 რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს იბრძოდა მუჰაჯირობის წინააღმდეგ. თურქთა დამარცხების შემდეგ ქობულეთის მხარის მოსახლეობის სახელით კონკრეტული წინადადებით მიმართა რუს. არმიისა და ქართული მილიციის სარდლობას მუჰაჯირთა თავისუფალი მიწების ზემო აჭარის მოსახლეობისათვის გადაცემის შესახებ.
კ-ის ინიციატივით განხორციელდა გათხრები სოფ. ხუცუბანში. როგორც ხალხურმა მთქმელმა დიდი სამსახური გაუწია ზ. ჭიჭინაძეს ამ კუთხის შესახებ მასალის შეგროვებისას. 1881 კ-მ გაიცნო და სიტყვით მიმართა ბათუმში ჩასულ ი. ჭავჭავაძეს, რ-იც მას „აჭარის გულს" ეძახდა (სავარაუდოდ, აქედან მომდინარეობს მისი სახელი „გულო").
კ. აქტიურად იღვწოდა ქობულეთში ქართული სკოლის გახსნისათვის – უსასყიდლოდ გამოყო მიწის ნაკვეთი; ზრუნავდა ბიბლიოთეკის დაარსებისა და მისი წიგნადი ფონდის გაზრდაზე; მისი შუამდგომლობით ახალგაზრდები სასწავლებლად იგზავნებოდნენ საზღვარგარეთ; მიაჩნდა, რომ ქალებს განათლება აუცილებლად უნდა მიეღოთ.
1915 კ-ის გამოსვლას ა. წერეთლის დაკრძალვაზე „ისტორიული სიტყვა" უწოდეს. იგი სიცოცხლის ბოლომდე მაჰმადიან ქართველთა შორის ქართული კულტ., განათლების აღორძინების საქმეს ემსახურებოდა.
ლიტ.: კ ა ი კ ა ც ი შ ვ ი ლ ი მ., ჩემი ბაბუა გულო კაიკაციშვილი, თბ., 1998; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ა., გულო კაიკაციშვილი, თბ., 1973.