კაკაჩა (Buteo), მტაცებელ ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ცნობილია 25 სახეობა, გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ჰავაის კუნძულებზე, ამერიკაში. საქართველოში გვხვდება 3 სახეობის კ.: ჩვეულებრივი კ. (B. buteo); ველის კ. (B. rufinus); ფეხბანჯგვლიანი კ. (B. lagopus). საქართველოში ჩვეულებრივი კ-ს ორი ქვესახეობა გვხვდება: ქარცი კ. (B. buteo vulpinus), რ-იც მცირე კავკასიონზე ბუდობს, და კავკასიური კ. (B. buteo menetriesi), რ-იც მეტწილად დიდ კავკასიონზე გვხვდება. ზამთარში შემომფრენია ფეხბანჯგვლიანი კ. კ-ს სხეულის სიგრძე 46–57 სმ აღწევს, ფრთების შლილი – 110–130 სმ. დედალი ტანად მამალზე დიდია. იკვებებიან თაგვისებრი მღრღნელებით, პატარ-პატარა ფრინველებით და სხვ. სასარგებლო ფრინველია, საჭიროებს დაცვას. ველის კ. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში".
ა. ბუხნიკაშვილი
რ. ჟორდანია