კალისტრატე

კალისტრატე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი

კალისტრატე (ერისკაცობაში – ბიჭიკო მიხეილის ძე ცინცაძე) [12 (24). IV. 1866, სოფ. ტობანიერი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 3. II. 1952, თბილისი], სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქი (1932–52). 1875 შევიდა ქუთ. სას. სასწავლებელში, რ-ის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილ. სას. სემინარიაში გააგრძელა. 1888–92 კიევის სას. აკადემიაში სწავლობდა, სადაც შეისწავლა ბერძნ., ლათ. და სლავური ენები. იქვე დაიცვა დი­სერ­ტა­ცია თემაზე „ივერიის ეკლესია სასანიდების პერიოდში" და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი (1892).

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნებული კ. 1893 წ. 2 აპრილს დიაკვნად, ხოლო 18 აპრილს მღვდლად აკურთხეს და დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვრად განაწესეს. 1903-იდან მღვდელმსახურება გააგრძელა ქაშვეთის ეკლესიაში. 1909 დეკანოზის პატივი მიანიჭეს. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ავტოკეფალიის აღდგენისა და მართვა-გამგეობის პროექტის ერთ-ერთი ავტორი. 1917 ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ კი სა­ქართვ. ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოში აირჩიეს. 1923 ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 9 თვით და 23 დღით, თუმცა იმავე წლის ბოლოს ამნისტიით გაათავისუფლეს.

1925 კ. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. მალევე ებოძა მიტროპოლიტის პატივი და პატრიარქის თანამოსაყდრედ დაინიშნა, თუმცა 1926 ეკლესიაში მომხდარი შიდა დაპირისპირების გამო მან უარი განაცხადა თანამოსაყდრეობაზე. 1927-იდან მანგლისის ეპარქიას განაგებდა.

1932 პატრიარქ ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ სა­ქარ­თვე­ლოს მე-6 საეკლ. კრებამ კ. სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქად დაადგინა. მისი დიდი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ეკლესია-მონასტრების დახურვისა და ძარცვარბევის პროცესის შეჩერება. კ. აქტიურად იბრძოდა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ სა­ქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის, რის შედეგადაც 1943 რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად პირველად აღიარა სა­ქართვ. ეკლესიის დამოუკიდებლობა.

კ. საეკლ. მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული საზ. და სამეცნ. საქმიანობაში. 1897–1921 იყო საეკლ. მუზეუმის მდივანი, 1896–1917 – ქართ. საღვთისმსახურო წიგნების შემსწორებელი კომისიის წევრი, მცხეთის ტაძრების აღორძინების კომიტეტის მდივანი, სა­ქართვ. საისტ. და საეთნოგრაფიო საზ-ბის საბჭოს წევრი, ქართ. „ფილარმონიული საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი თაოსნობით შეიქმნა „სამუსიკო სკოლა“. დიდი წვლილი მიუძღვის ქართ. ხელნაწერების მოპოვება-შეგროვებაში. მან თბილ. სა­ხელმწ. უნ-ტის საცავს არაერთი ხელნაწერი შესწირა. ყურადღების გარეშე არ ტოვებდა თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეული ქართ. პროვინციების მოსახლეობასა და ისტ. ძეგ­ლების საკითხს. გამოაქვეყნა წერილი „სა­ქარ­თვე­ლოს საკათალიკოსოს ზემო ქარ­თლის ეპარქიებისათვის", სადაც ასახული იყო ისტ. ზემო ქარ­თლის ტერიტორიაზე არსებული ეპარქიების სრული სია. საყურადღებოა მისი პედ. მოღვაწეობა და ღვაწლი განათლების კერების დაარსება-განმტკიცებაში. 1905 გამოქვეყნდა კ-ს მო­ნოგრაფია „Историческая справка по вопросу об автокефальности Грузинской церкви“, რ-იც ­ქართვ. ავტოკეფალისტების ­მეცნი­ერულ მტკიცებულებად იქცა. მას­ვე ეკუთვნის „შენიშვნები ­სა­ქარ­თვე­ლოს ეკლესიის ისტორიიდან", „ვეფხისტყაოსნის ავტორის მსოფლმხედველობისათვის" (კრ.: შო­თა რუსთაველი, თბ., 1966), „ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია ტფილისში“, „ივერიის საეკლესიო წესი“, „ქართული ოდიკისათვის“. 1930–52 მანვე შეადგინა სა­ქართვ. ეკლესიის კალენდრები და სხვა სამეცნ. ნაშრომები. კ-ს პირადი ფონდი და­ცუ­ლია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში. დაკრძალულია თბილისის სიონის ტაძარში.

2016 წ. 22 დეკემბერს სა­ქართვ. სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ კ. წმინდანად შერაცხა და ეწოდა წმინდა პატრიარქი. მისი ხსენების დღეა 3 თებერვალი.

ლიტ.: ვ ა რ დ ო ს ა ნ ი ძ ე  ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეებში), თბ., 2010; ჟ ვ ა ნ ი ა  ზ., სა­ქარ­თვე­ლოს კათალიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994; სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

თ. მარგველა­შვი­ლი