(1355–1418), არაბი ავტორი, ენციკლოპედისტი. თავისი 14-ტომიანი კაპიტალური ნაშრომი „განთიადი წერის ხელოვნებაში" („სუბჰ ალ-ა'შა ფი სინა'ათ ალ-ინშა") დაასრულა 1412, სრული სახით დაიბეჭდა 1913–20 კაიროში. თხზულება 10 ნაწილად (მაკალა) იყოფა. მეორე ნაწილში (ტ. III–IV) მოცემულია მასალა საქართველოს ისტ. და გეოგრ. შესახებ; ოლქებისა და ქალაქების, სავაჭრო გზებისა და სხვ. აღწერა. ნაშრომში საყურადღებო ცნობებია საქართველო-ეგვიპტის, ასევე საქართვ. მეფისა და ირანის ილხანების ურთიერთობის ისტორიისათვის. ალ-კ-ის თხრობა ეყრდნობა ელომარის (გ. 1348) ნაშრომს. ალ-კ-ის წყაროს ცნობით, ჩობანს (მონღ. ყაენის ვეზირი, გ. 1327) იმდენი დახმარება გაუწევია გიორგი V ბრწყინვალისათვის, რომ მეფე მას თავისი სამხ. ძალის საყრდენად და განსაცდელთა გამაქარწყლებლად თვლიდა. ცნობები საქართველოს შესახებ ამოკრიბა და რუსულად თარგმნა ვ. ტიზენჰაუზენმა [Заметка Элькалькашанди о грузинах («Записки Восточного отделения Имп. русского археологического общества»., СПб, 1886, т. 1, вып. III], ხოლო ეგვიპტის სულთნის კარზე შემუშავებული ქართვ. მეფეებისადმი მიმართვის წესის არაბული ტექსტი შეტანილია გ. წერეთლის არაბ. ქრესტომათიაში (არაბული ქრესტომათია, თბ., 1949); მისი ქართული თარგმანი დაბეჭდეს ივ. ჯავახიშვილმა, ა. მენთეშაშვილმა და სხვ.
ლიტ.: მ ე ნ თ ე შ ა შ ვ ი ლ ი ა., საქართველოს და ეგვიპტის ისტორიის ურთიერთობიდან, «დროშა», 1958, №9; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ს ი ლ ა გ ა ძ ე ბ ., მასალები საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიისათვის, «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1968, ტ. [2]; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.
გ. ჯაფარიძე