კალმახი (Salmo trutta fario Linnaeus, 1758), თევზი, მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს (Salmonidae Cuvier, 1815), ორაგულთა გვარს (Salmonidae Cuvier, 1815), მაქსიმალური სიგრძე 40 სმ-ია, მასა – 500 გ. ცოცხლობს 12 წლამდე. ბინადრობს მთის ჩქარი და ცივი მდინარეების ზემო დინებაში. სქესობრივად მწიფდება 2–4 წლის ასაკიდან. მრავლდება სექტემბრიდან თებერვლამდე, უმეტესად ოქტომბერ-ნოემბერში. ქვირითს ყრის მდინარის ჩქარი დინების თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში; ნაყოფიერება 200–2000 ქვირითია. იკვებება ბენთოსით, წყალში ჩაცვენილი მწერებით, ბაყაყებით, წვრილი თევზებით და ქვირითით. საქართველოში გავრცელებულია ყველგან – ტბებსა და მთის მდინარეებში, იშვიათად – ბარის მდინარეებშიც, მტკვარში – ტაშისკართან მდ. ოკამამდე და ზევით; მდ. მტკვრის შენაკადებში: ხრამში, არაგვში (საგურამოდან ქსნამდე), ლიახვში, ბორჯომულაში, ფოცხოვისწყალში, ახალქალაქისწყალში, ალაზანსა და მის შენაკადებში, ჭოროხში; წყალსაცავებში (ხრამის, თბილისის, სიონის). საქართველოს ფარგლებს გარეთ გვხვდება ბალტიის, თეთრი, კასპიის, შავი და აზოვის ზღვების აუზებში; დას. ევროპაში; მურმანსკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ბალკანეთში; მცირე აზიაში, მაროკოში, ირანში. კ. მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია, დღეისათვის გამოიყენება სატბორე მეურნეობასა და სპორტულ მეთევზეობაში. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში". ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მხრიდან არ არის შეფასებული (NE).
ლიტ.: ნ ი ნ უ ა ნ., ჯ ა ფ ო შ ვ ი ლ ი ბ., ბ ო ჭ ო რ ი შ ვ ი ლ ი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; Э л е н и д з е Р., Ихтиофауна рек и озер Грузии, Тб., 1983.
ნ. ნინუა