კალოუბანი, თბილისის ისტორიული გარეთუბნის ერთ-ერთი მიკროუბანი. ახლანდ. რუსთაველის გამზირის დასაწყისში – ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და რუსთაველის კინოთეატრის გარშემო მდებარე ტერიტორია. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს-ში. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება „კალოუბანი" სემანტიკურად უკავშირდება ძვ. ქალაქის ერთ-ერთი შემადგენელი უბნის – კალას (კალა→კალო) სახელს; წარმოიქმნა თბილისის ქალაქად ჩამოყალიბების ადრინდ. ხანაში. კ-ში (ახლანდ. კინოთეატრ რუსთაველის ადგილზე) იდგა ადრინდ. შუა საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესია.
ისტორიკოსი პ. იოსელიანი წყაროს მიუთითებლად გადმოგვცემს ლეგენდას, თითქოს თემურლენგის მიერ თბილისის ერთ-ერთი დალაშქვრის დროს (XIV–XV სს. მიჯნა) აქ არსებულ კალოზე ბავშვები ცხენებით გაუთელავთ და სახელწოდება კ. აქედან უნდა მოდიოდეს.
ლიტ.: И о с е л и а н и П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866.
თ. ბერიძე