„კამპა“ (შპს), უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში. დაარსდა 2008, ხოლო პირველი პროდუქცია გამოუშვა 2009 დეკემბერში. საწარმო მდებარეობს საგურამოში, აღჭურვილია უახლესი მანქანა-დანადგარებით. კომპანია აწარმოებს მსოფლიო სტანდარტების 20-მდე დასახელების ნატურალურ წვენსა და ნექტარს, აგრეთვე ცივ ჩაის, რ-ებიც მზადდება უმაღლესი ხარისხის ხილისა და სასარგებლო მინერალების შემცველი ნატახტრის წყლისაგან, რაც განაპირობებს პროდუქციის მაღალ ხარისხს. იგი არ შეიცავს ემულგატორებსა და კონსერვანტებს. ნედლეული, ძირითადად, შემოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, ბრაზილია, იტალია და ჩინეთი), ნაწილობრივ გამოიყენება ადგილობრივი ხილი (ქაცვი, ასკილი). პროდუქცია ჩამოისხმება თეტრა პაკის 1- და 0,2-ლიტრიან ჭურჭელში. მისი რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, აგრეთვე გადის საზღვარგარეთ (დუბაი, რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი).
„კ-ს" მიღებული აქვს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის საერთაშ. სერტიფიკატები: ISO 9001, HACCP (2010) და ISO 22000 (2014).
ლ. აბრამიშვილი