კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი

კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი (შპს), სამკურნალო დაწესებულება. 1906 წლის 15 სექტემბერს თბილისის გუბერნატორის ბრძა­ნებით დაარსდა კანის, ვენერიული და სიფილისური და­ავადებების პირ­ველი სპეციალიზებული სამ­კურნალო დაწესებულება, ­სადაც მუშაობდნენ სა­ქარ­თველო­ში პირ­ველი დერმატო-ვენეროლოგები – ი. ზაბლუდოვსკი და გ. გედალინი. მოგვიანებით (1918) გაიხსნა თბილ. სიფილისური საავადმყოფო ქალებისათვის. 1922 ჯანდაცვის სახ. კომისარიატში შეიქმნა ე. წ. „ვენსექცია", რ-საც დაევალა ვენე­რიულ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძო­ლის ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობა. 1928 ი. ლორთქიფანიძის, ა. დიასამიძის, ი. გულაძის, ა. ჯავრი­შვი­ლის, მ. ბერიძის, გ. ფხალაძის ინიციატი­ვით იმ დროისათვის უკვე შექმნილ ვენდისპანსერს კანისა და ვენსნეულებათა ინ-ტის ფუნქცია დაეკისრა, რ-ის მოქმედების არე­ალი მხო­ლოდ თბილისით შემოიფარგლებოდა. ამიტომ 1935 წ. 3 ნოემბერს თბილ. ინ-ტისა და დისპანსერის ბაზაზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და კანისა და ვენსნეულებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რ-საც სხვა­და­სხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ვ. ბურგსდორფი, პ. ბუაჩიძე, ვ. იაშვი­ლი, ი. თოფურიძე, ი. შველიძე, ს. მაჭავარიანი, ლ. შეწირული (1970–89), ბ. ჩლაიძე (1989–2004), გ. გალდავა (2004–12).

2011 აპრილში, სა­ქარ­თვე­ლო­ში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით, კანისა და ვენსნეულებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტს შეუერთდა ქ. თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერი, რ-ის სამართალმემკვიდრე გახდა (2012) შპს კანისა და ვენსნეულებათა სამეცნ.-კვლ. ეროვნ. ცენტრი (გენ. დირექტორი გ. გალდავა).

ინ-ტში (ცენტრში) მოღვა­წეობდნენ ცნობილი მეცნიერები: გ. ფხა­ლაძე, ა. ვართაპეტოვი, პ. მგალობლი­შვი­ლი, ა. ცინცაძე, ი. ხათრიძე, პ. ფოჩხუა და სხვ.

საკავშ. სამედ. აკადემიის სამეცნ. საბჭოს გადაწყვეტილებით ინ-ტი მი­ჩნეულ იყო სათავო დაწესებულებად დერმატო-კურორტოლოგიის დარგში, რ-იც მუ­შა­ობ­და დერმატოზებით დაავადებულთა ფიზიო- და საკურორტო თერაპიის პრინციპებისა და მეთოდების შემუშავების პრობლემაზე.

ინ-ტში ფუნქციონირებდა არაგონორეულ დაავადებათა შემსწავლელი სამეცნ. ლაბორატორია, დერმატოლოგიური განყ-ბა, სადაც, სხვა პრობლემებთან ერთად, იკვლევდნენ ფსორიაზს, ალერგოდერმატოზს, პროფესიულ დერმატოზს, კანის ლიმფომებს. ტარდებოდა მიკოლოგიური კვლევები, რ-თაც ფართოდ გაუთქვეს სა­ხელი ქართ. მიკოლოგიურ სკოლას, აგრეთვე მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი შრომებია შესრულებული ალერგოიმუნოლოგიის ლა­ბო­რა­ტო­რია­ში.

ინ-ტის სამეცნ. მუშაობაში წამყვანი ადგილი ეკავა აქტუალურ მიმართულებას – ეპიდემიოლოგიურ კვლევას, დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტიკასა და პირველადი პრევენციის სრულყოფას. ინ-ტი იყო სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ფედერალური პროგრამის კოორდინატორი, აგრეთვე დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, დახმარების ახ. მეთოდებისა და ფორმების ინიციატორი (გაიხსნა ანონიმური მიღების კაბინეტი, ანდროლოგიური განყ-ბა).

2004-იდან გ. გალდავამ, ვ. გოგოხიამ და თ. ქიტუაშვილმა მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლილი შეიტანეს სა­ქარ­თვე­ლო­ში დერმატოვენე­როლოგიის შემდგომი განვითარების საქმესა და მსოფლიო სტანდარტებთან მის დაახლოებაში.

ინ-ტის (ახლანდ. ცენტრის) სამეცნ. მიღწევები ასახულია სამეცნ. შრომების კრებულთა 22 ტომში, სა­ქართვ. დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნ. კონფერენციების მასალებში, სახელმძღვანელოებში, მონოგრაფიებში, სამეცნ.-პოპულარულ ბროშურებში. ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ სამეცნ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. იგი წარმოადგენს თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის, დ. ტვილდიანის სამედიცინო უნ-ტის, პ. შოთაძის სახ. თბილ. სამედ. აკადემიისა და სხვა მრავალი უმაღლესი სამედ. სასწავლებლის სასწავლო ბაზას დერმატო-ვენეროლოგიაში.

ცენტრი მუშაობს დერმატოლოგიური, სქესობრივი გზით გადამდებ (სგგ) დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ვირუსული ინფექციების, სექსოლოგიის, ანდროლოგიის და სხვ. მიმართულებით.

ცენტრი თანამშრომლობს შემდეგ საერთაშ. ორგანიზაციებთან: ჯანმო, წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშ. ფედერაცია, ექიმები საზღვრებს გარეშე, ჯანდაცვის საერთაშ. ქსელები და სხვ.

1946 კანისა და ვენსნეულებათა სამეცნ.-კვლე­ვითი ინ-ტის ბაზაზე ჩამოყალიბებულ სა­ქართვ. დერმატოლოგ-ვენეროლოგთა საზ-ბას ჰქონდა სამი ფილიალი – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გასული საუკუნის 70–80 წლებში მას ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ლ. შეწირული.

2004 დაფუძნდა თბილ. დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნ.-პროფ. საზ-ბა (თავ-რე – გ. გალდავა), რ-ის მიზანს წარმოადგენდა დერმატოვენეროლოგთა პროფესიული დონის ამაღლება, კანისა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პრევენციასა და მკურნალობაში საერთაშ. სტანდარტების დამკვიდრება და სხვ. 2006 ქ. ბათუმში გაიმართა სა­ქართვ. დერმატო-ვენეროლოგთა პირველი შეკრება, სადაც გადაწყდა თბილ. დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნ.- პროფ. საზ-ბას შეცვლოდა წესდება, სა­ხე­ლი და დაფუძნებულიყო სა­ქართვ. დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია.

ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან. მისი ზოგიერთი წევრი არჩეულია უცხოეთის ასოციაციების საპატიო წევრად. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვა­და­სხვა ჰუმანიტარულ აქციაში.

გ. გალდავა