კანკელი, იკონოსტასი (ბერძნ. stásis – გამოსახულება, ხატი; სტასის – ადგილმდებარეობა, განთავსება), მართლმადიდებელ ეკლესიაში ტიხარი, ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოყოფს ეკლესიის ინტერიერის ძირითადი ნაწილისგან. საქართველოში კ-ის უძველესი ნიმუშები VIII–IX სს. მიეკუთვნება. დროთა განმავლობაში თანდათან შემუშავდა კ-ის სპეციფიკური ქართული სახე. საქართველოში არ არსებობდა რუსული ეკლესიისთვის დამახასიათებელი ფერწერული ხატებით შევსებული მაღალი იკონოსტასები, რ-ებიც, არსებითად, სრულიად თიშავს ეკლესიისგან საკურთხევლის სივრცეს. ქართული კ. ქვის ან თაბაშირისაა, იშვიათად – ხის. იგი წარმოადგენს შედარებით დაბალ ბარიერს – ზედ დადგმული თაღებით შეკავშირებულ სვეტებს, რ-თა შორის მანძილი შევსებულია ფარდით. თაღების თავზე ზემო ხაზი აუცილებლად ჰორიზონტალურია. უთაღო (არქიტრავიანი) კ-ები ჩვენში არ არსებობდა (გავრცელებულია ბიზანტიაში). ქართ. ეკლესიისთვის დამახასიათებელია ერთადერთი შესასვლელი (აღსავლის კარი). კ-ში ეს ტრადიცია მხოლოდ ძალიან გვიან, XVI ს-ში დაირღვა. ჩვეულებრივ კ-ს ამკობდნენ ორნამენტული ან რელიეფური მორთულობით. რელიეფები გვხვდება მხოლოდ ქვის კ-ებზე (ქვემო ბარიერზე) და მათ ყოველთვის ფართო ორნამენტული არშია აქვს შემოვლებული. თაბაშირის კ-ები მხოლოდ ჩუქურთმებითაა მორთული. ჩუქურთმა ამკობს როგორც ქვემო ბარიერს, ისე სვეტებსა და თაღებსაც. ზოგჯერ დეკორატიულობის გასაძლიერებლად კეთდებოდა კბილანებიანი თაღები. იშვიათად გვხვდება წარწერებიანი კ-ებიც, მოგვიანებით – მოხატულიც.
საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანია XI ს. კ-ები. მათგან ზოგიერთის რელიეფი (საფარა, ხოვლე) შუა საუკუნეთა ქართ. პლასტიკის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს მიეკუთვნება. შესანიშნავია სპეტის, პატარა ონის ეკლესიების დიდი ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმებით შემკული კ-ები. ცნობილია აგრეთვე გველდესის, ატენის, ურთხვისა და სხვ. კ-ები, ხოლო არმაზის ეკლესიის კ-ზე შემონახულია უძველესი მხატვრობის ნიმუში.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; ქსე, ტ. 5, თბ., 1980; Ш м е р л и н г Р.О., Малые формы в архитектуре средневековой Грузии, Тб., 1962.