კანტი იმანუელ

კანტი

კანტი (Kant) იმანუელ [22. IV. 1724, კენიგსბერგი (პრუსია), ახლანდ. კალინინგრადი (რუსეთი), – 12. II. 1804, იქვე], გერმანელი ფილოსოფოსი. 1740–46 კენიგსბერგის უნ-ტში შეისწავლა ფილოსოფია, მათემატიკა, საბუნების­მეტყველო მეცნიერებები და თეოლოგია. პირველი ნაშრომი „ცოცხალ ძალთა ჭეშმარიტი შეფასების შე­სა­ხებ“ გამოსცა 1746. ხელმოკლეობის გამო რამდენიმე წელი კერძო მასწავლებლად მუშა­ობ­და. 1754 გამოაქვეყნა მოკლე ნაშრომები "გამოკვლევა საკითხისა, განიცადა თუ არა ცვლილებები დედამიწის დღეღამურმა ბრუნვამ დედამიწის წარმო­ქმნის შემდგომ" და "საკითხი, ბერდება თუ არა დედამიწა, განხილული ფიზიკის თვალსაზრისით", სადაც შეეხო ფიზიკური ფაქტორების, ­კერძოდ, ოკეანის მიქცევა-მოქცევის გავლენას დედამიწის ­ევოლუციაზე. 1755 გამოაქვეყნა "ზოგადი ბუ­ნებისმეტყველება და ცის ­თეორია" ("Allgemeine Naturgeschichte und Theorie des Himmels"; ზოგჯერ თარგმნიან როგორც "ბუნების ზოგადი ისტორია და ცის თეორია"), სადაც ჩამოაყალიბა და დაამუშავა პირველადი ქაოსური ნისლოვანებიდან მზის სისტემის წარმოშობის საკუთარი კოსმოგო­ნიური ჰიპოთეზა. ამ ნაშრომს ფ. ენგელსმა "გენიალური აღმოჩენა" უწოდა. 1755-იდან კ. იყო კენიგსბერგის უნ-ტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1770-იდან – ლოგიკისა და მეტაფიზიკის პროფესორი. ორჯერ (1786 და 1788) აირჩიეს რექტორად. ლექციებს კითხულობდა მეტაფიზიკაში, ლოგიკაში, ეთიკაში, ფიზიკაში, ფიზიკურ გეოგრაფიაში და სხვ. 1756–62 კ-მა გამოაქვეყნა რამდენიმე ესსე ("მოსაზრებები ქარის თეორიაზე", "უძრაობისა და მოძრაობის ახა­ლი თეორია" და სხვ.), სწავლობდა ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობისა და ევოლუციის საკითხებს. 1781 გამოვიდა კ-ის ნაშრომი "წმინდა გონების კრიტიკა", 1783 – "პროლეგომენები...", 1788 – "პრაქტიკული გონების კრიტიკა", 1790 – "მსჯელობის უნარის კრიტიკა", 1794 – "რელიგია მხო­ლოდ გონების ფარგლებში" (ეს ნაშრომი, ცენზურის გამო, 1793 ვერ გამოვიდა) და სხვ. 1802 გამოიცა "ემანუელ კანტის ფიზიკური გეოგრაფია". 1838 დაიწყო კ-ის ნაშრომთა სისტემატური გამოცემა. 1897–1922 გამოდის სპეც. ჟურნ. "Kant-Studien", რ-იც ჰ. ფაიჰინგერმა დააარსა. მანვე 1904 ქ. ჰალეში (გერმანია) დააფუძნა "კანტის საზოგადოება". 1935 საერთაშ. ასტრონომიულმა კავშირმა კ-ის სახე­ლი მიანიჭა ერთ-ერთ კრა­ტერს მთვარის ზედაპირზე.

კ-ის სამოღვაწეო ­ასპარეზზე გამოსვლის პერიოდში, ევრ. რაციონალიზმი და ემპირიზმი ჩიხში იყო შესული. კ. წერდა, რომ იგი დ. იუმმა (დ. ჰ ი უ მ ი, შოტლანდია) გამოაღვიძა „დოგმატუ­რი ძილისაგან“, ე. ი. დააეჭვა ლაიბნიც-ვოლფის ფილოსოფიის სამართლიანობაში. მან ერთმანეთისგან განასხვავა ლოგიკური და რეალური საფუძველი, ფილოსოფიაში შემოიტანა უარყოფითი სიდიდეების ცნება, დაინახა კავშირი მეტაფიზიკასა და მისტიკას შორის. იუმის სკეპტიციზმი კ-სთვის მიუღებელი იყო, ამიტომ იგი ცდილობდა ეშველა მეტაფიზიკისთვის, ერთი მხრივ, მათემატიკასთან და ნიუტონის ფიზიკასთან მისი დაკავშირებით, მეორე მხრივ, ღვთის არსებობის ახ. დასაბუთების გამონახვით. როცა კ-მ შემეცნების ახ. პრინციპები დაადგინა და ღვთის არსებობის თეორ. დასაბუთების შესაძლებლობა უარყო, დაიწყო მისი ფილოს. შემოქმედების მეორე, ე. წ. კრიტიკული პერიოდი. პირველ პერიოდს უწოდებენ დოგმატურს, რადგან მაშინ კ. აღიარებდა შემეცნების შესაძლებლობას წინასწარი შემოწმების – კრიტიკის გარეშე.

კ-ის მტკიცებით, მათ. და ფიზ. მეცნიერებათა არსებობა იმის დასტურია, რომ არსებობს ჭეშმარიტება. ფილოსოფიას უფლება არა აქვს უარყოს ეს ფაქტი, მას მხო­ლოდ მისი შესაძლებლობის პირობების დადგენა შეუძლია. კ-ის აზრით, ძველი დროის ფილოსოფიამ ეს საკითხი ვერ გადაწყვიტა, რადგან მისი ამოსავალი პრინციპი იყო ის, რომ ჭეშმარიტი აზრი საგანს უნდა ეთანხმებოდეს. კ. მოითხოვდა საპირისპირო პრინციპის დაშვებას, რ-ის მიხედვით საგნები ჩვენს შემეცნებას ექვემდებარება. ამ რადიკალურ შემობრუნებას ფი­ლოსოფიაში მან „კოპერნიკისებური გადატრიალება“ უწოდა. მისი შეხედულებით, ახ. ფილოსოფიამ ეს პრინციპი საფუძვლად უნდა დაუდოს შემეცნების ბუნების ახსნას, მისი საზღვრების დადგენას, აგრეთვე იმის გარკვევას, თუ რისი ცოდნაა შესაძლებელი ამ საზღვრების მიღმა. ამრიგად, კ-ის მიზანი არის არა მეტაფიზიკის საერთოდ უარყოფა, არამედ მისი ახლებური დასაბუთება.

ს ა ქ ა რ ­თ ვ ე ლ ო შ ი კ-ის კრიტ. ფილოსოფიის სერიოზული ათვისების პირველი მცდე­ლობა უკავშირდება „პირველ ქარ­თველ კანტიანელს“, ს. დოდა­შვილსა და მის ნაშრომს „ლოგიკა“. კ-ის სინთეზურ-აპრიორული მსჯე­ლობების საგულისხმო კრიტიკას ვხვდებით გაბრიელის (გ. ქიქოძის) ნაშრომში „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (1858). XX ს. დასაწყისიდანვე ­ქართვ. მოაზროვნეები კ-ის ფილოსოფიისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ, რაც განპირობებული იყო იმდროინდელ ფილოსოფიაში ნეოკანტიანელთა მზარდი გავლენითაც. 1901 ჟურნ. „მოამბეში“ გამოქვეყნდა ს. გორგაძის სტატია „ფილოსოფია და მისი პროგრესი“, რ-შიც სათანადოდ იყო შეფასებული კ-ის კრიტ. მეთოდი და საორიენტაციო ხაზად ნეოკანტიანელი ვ. ვინდელბანდის „ფილოსოფიის ისტორია“ იყო აღიარებული. 1920 გამოცემულ ნაშრომში „ფილოსოფიის შესავალი“ შ. ნუცუბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა კ-ის მოძღვ­რებისა და მისი „კოპერნიკისებური გადატრიალების“ ადეკვატური გაგების საკითხს, რადგან, მისი აზრით, „კანტი თანამედროვე ფილოსოფიის კარია“. კ-ის კრიტ. ფილოსოფიის საყურადღებო რეცეფციასა და ტრანსფორმაციას გვთავაზობს შ. ნუცუბიძე მოგვიანებით გამოქვეყნებულ თავისსავე ალეთოლოგიურ ნაშრომებში. აქ იგი ნეოკანტიანელთა (გერმ. ფილოსოფოსის ე. ლასკის და სხვ.) მკაფიო გავლენას განიცდის. მ. გოგიბერიძემ ცნობილი გერმ. ფილოსოფოსის, ნ. ჰარტმანის ხელმ­ძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დი­სერ­ტაცია თემაზე „სალომონ მაიმონის აზროვნების თეორია კანტთან და ლოგიკური იდეალიზ­მის შემდგომ განვითარებასთან მიმართებით“ (მარბურგი, გერმანია, 1922), რშიც კ-ის ფილოსოფიის ინტერპრეტაციის ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო მო­ნა­კვე­თი დაწვრილებით არის გაანა­ლიზებული. კ-ის აზროვნების აქტუალურ საკითხებს ეხება მ. გოგიბერიძე სხვა გამოკვლევებშიც. მანვე ქარ­თულად თარგმნა და 1936 გამოსცა კ-ის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი თხზულება „პროლეგომენები...“… 1929 გამოდის კ. ბაქრაძის საეტაპო გამოკვლე­ვა „დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში“, რ-შიც კ-ს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

XX ს. II ნახევარში კ-ის ფილოსოფიისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ითარგმნა კ-ის რამდენიმე მთავარი თხზულება, გამოქვეყნდა არაერთი გამოკვლევა მისი ფილოს. შემოქმედების სხვა­და­სხვა ასპექტის შე­სა­ხებ. 1966 გამოვიდა კ. ბაქრაძის „ახალი ფილოსოფიის ისტორია“, რ-შიც კ-ის მოძღვრება საინტერესოდ არის გადმოცემული, 1967 – ა. ბოჭორი­შვი­ლის გამოკვლევა „კანტის ესთეტიკა“, 1974 – გ. თევზაძის „იმანუელ კანტი“, 1977 – ს. დანელიას „კანტის ცხოვრება და მოღვაწეობა“, ხოლო 1989 კი – რ. შენგელიას მონოგრაფია „ესთეტიკა და გონების ერთიანობის პრობლემა კანტის ფილოსოფიაში“. ეს ნაშრომები კ-ის თეორ. ფილოსოფიის სხვა­და­სხვა ასპექტს ეხება და „ქარ­თული კანტოლოგიის“ განვითარების ისტორიაში მეტად მნიშვ­ნე­ლო­ვან ეტაპს წარმოადგენს. XX ს. ბოლოს და XXI ს. დასაწყისში ­ქართვ. მეცნიერთა შრომებში გვხვდე­ბა კ-ის კრიტ. ფილოსოფიისადმი სისტემური მიდგომის არაერთი საგულისხმო მცდელობა, რ-ის მიზანიც კ-ის მდიდარი თეორ. მემკვიდრეობის გათვალისწინებით საკუთარი ფილოს. კონცეპტების შემუშავებაა (გ. ბარამიძე, თ. ირემაძე, მ. მამარდაშვილი და სხვ.).

თხზ.: Gesammelte Schriften, Bd. 1–29, B., 1900–80 (2009); პროლეგომენები ყოველი მოსალოდნელი მეტაფიზიკისათვის, რომელიც მეცნიერების სახით შესძლებდა გამოცხადებას, თარგმ. და წინასიტყვ. მ. გოგიბერიძისა, ტფ., 1936; გამოც. მე-2, თბ., 2006; წმინდა გონების კრიტიკა, თარგმ. შ. პაპუა­შვი­ლისა, თბ., 1979; რელიგია მხო­ლოდ გონების საზღვრებში, გერმანულიდან თარგმ., წინასიტყვ. და კომენტ. გ. თევზაძისა, თბ., 1989; რა არის განმანათლებლობა? თარგმ., რედ. და ბოლოსიტყვა გ. ზედანიასი, თბ., 2012; ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება, თარგმ. ლ. რამი­შვი­ლისა, თბ., 2013.

ლიტ.: ბ ა ქ რ ა ძ ე  კ., დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში, ტფ., 1929; გამოც. მე-2, თბ., 1971; მ ი ს ი ვ ე , ახა­ლი ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1969; ბ ო ჭ ო რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ა., კანტის ესთეტიკა, თბ., 1967; გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე  მ., მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე, ტფ., 1928; გ უ ლ ი გ ა  ა., კანტი, რუსულიდან თარგმნეს ო. გრატიაშვილმა და ლ. რამიშვილმა, თბ., 1986; დ ა ნ ე ლ ი ა  ს., კანტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა, თბ., 1977; თ ე ვ ზ ა ძ ე  გ., იმანუელ კანტი, თბ., 1974; მ ი ს ი ვ ე , კანტი და ფიხტე გოეთეს „ფაუსტში“, თბ., 2002; მ შ ვ ე ნ ი ე რ ა ძ ე  ნ., კანტის მოძღვრება ადამიანის შე­სა­ხებ, თბ., 1986; ნ უ ც უ ბ ი ძ ე  შ., ფილოსოფიის შესავალი, ნაწ. 1, ტფ., 1920; შ ე ნ გ ე ლ ი ა  რ., ესთეტიკა და გონების ერთიანობის პრობლემა კანტის ფილოსოფიაში, თბ., 1989; შ უ შ ა ნ ა ­შ ვ ი ­ლ ი  გ., კანტის ეთიკური ფორმალიზ­მის მარქსისტული კრიტიკისათვის, თბ., 1974; ძ ა მ ა ­შ ვ ი ლ ი  ა., მოცემადობის პრობლემა კანტის თეორიულ ფილოსოფიაში, თბ., 2006; წ ე რ ე თ ე ლ ი  ს., არისტოტელესა და კანტის მოძღვრებათა ურ­თი­ერ­თობისათვის კატეგორიების შე­სა­ხებ, «თსუ შრომები», 1936, ტ. 3.

გ. თევზაძე

თ. ირემაძე