კაპადოკია (Kappadokia), ოლქი მცირე აზიაში (ახლანდ. თურქეთის ტერიტორია). სახელი მომდინარეობს ძვ. სპარსულიდან (Katpatuka – ლამაზი ცხენის ქვეყანა). კ-ის საზღვარი დას-ით მდ. ჰალისამდე (ახლანდ. ყიზილ-ირმაქი) ვრცელდებოდა, ჩრდ-ით – შავი ზღვის სანაპირომდე, სამხრით – ტავრის მთებამდე, აღმ-ით – მდ. ევფრატამდე. უძველეს ხანაში (დაახლ. ძვ. წ. II ათასწლ.) კ. დასახლებული იყო ხათების (პროტოხეთების) ტომებით. ძვ. წ. II ათასწლ. დასაწყისშივე კ-ში გამოჩნდნენ ინდოევროპული ტომები (ხეთები). კ. გახდა ხეთების სახელმწიფოს ძირითადი ტერიტორია. აქ მდებარეობდა მათი დედაქალაქი ხათუსა. ძვ. წ. XIX ს-ში ასირიელებმა კ-ში სავაჭრო დასახლებები შექმნეს. დაახლ. ძვ. წ. 1200-იდან კ. ფრიგიის ხელქვეით მოექცა. ძვ. წ. VIII სიდან კ-ის ტერიტორიაზე კიმერიელები შევიდნენ და ერთხანს იქ სახლობდნენ. დაახლ. ძვ. წ. 546 კიროს II-მ კ. აქემენიანთა სახელმწიფოს შეუერთა. კ-ის მოსახლეობა აქემენიანებს ყოველწლიურად 1500 ცხენს, 50 ათ. ცხვარსა და 20 ათ. ჯორს უგზავნიდა. ძვ. წ. 327- იდან კ. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაში, შემდეგ სელევკიდებისა და მითრიდატე VI-ის მფლობელობაში იმყოფებოდა. ახ. წ. I–IV სს-ში კ. რომის პროვინცია გახდა. 371 რომაელებმა კ. ორ ნაწილად გაყვეს: პირველის ცენტრი იყო ქ. კესარია (ახლანდ. კაისერი, ძვ. მაზაკა), მეორის – თიანა. ბიზანტიურ ხანაში კ. ანატოლიკის თემს წარმოადგენდა. 1074 სელჩუკებმა დაიპყრეს, XV ს-იდან ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია.
კ-ის ტერიტორიაზე ქართველური მოდგმის ტომები ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრ. სანაპიროზე, პონტოს კ-ში – ლაზები და ჭანები, შიდა კ-ში კი – მუშქ/ მესხები. პონტოს კ-იდან იყვნენ ქართველთა განმანათლებელი წმ. ნინო, წმ. გიორგი, ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის მეუღლე ნანა დედოფალი, ქართლის პირველი კათოლიკოსები (ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ) – პეტრე და სამოელი და სხვანი. როგორც ქართულ სამეცნ. ლიტერატურაშია მითითებული: „ქართველი ხალხის ტრადიცია კ-ს მშობლიურ ქვეყნად მიიჩნევდა, ხოლო კაპადოკიელ მოღვაწეებს – ქართველებად" (ე. ხინთიბიძე), "კაპადოკია-პონტო-კოლხეთი (ლაზიკა)-იბერია ის ერთიანი ეთნიკური სამყარო იყო, რომელიც ერთიანი კულტურული ცხოვრებით ცხოვრობდა" (გ. გოზალიშვილი).
კ-ის ტერიტორიაზე უძველესი დროიდანვე ჩამოყალიბდა დიდი სატაძრო ცენტრები. ახ. წ. I ს-იდან კ. ქრისტიანობის გავრცელების კერა იყო და ადრევე გახდა განდეგილების ასკეტური ცხოვრების ადგილი. მონასტრების მშენებლობა ბასილი დიდის (გ. 379) დროიდან დაიწყო. ქრისტიანები ტუფისა და ბაზალტის კლდეებში კვეთდნენ სენაკებს, ეკლესიებსა და მონასტრებს. დღეისათვის კ. გიგანტურ მუზეუმს წარმოადგენს. მარტო გერემის ველზე 350-მდე კლდეში ნაკვეთი ეკლესიაა (სულ 500-მდე), რ-თა კედლები მოხატულია ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებით. კ. ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი კაპადოკიელი წმ. მამების (ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი და გრიგოლ ნოსელი) სამშობლოა. მისი რელიგიური ცენტრი, კესარია ქრისტ. სამყაროში დიდი გავლენით სარგებლობდა.
ლიტ.: ბ ა ხ ს ო ლ ი ა ნ ი ნ., დიდი კაპადოკია ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, თბ., 2008; გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., ორი ეტიუდი პონტოსა და კაპადოკიის ცხოვრებიდან, თბ., 1965; გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბ., 1991; ხ ა ზ ა რ ა ძ ე ნ., აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, თბ., 1978; Д а н д а м а е в М. А., Каппадокия. Православная энциклопедия, т. 13, М., 2009.
ვ. გოილაძე