კაჟის იარაღი, კაჟის ქანისაგან დამზადებული შრომისა და საბრძოლო იარაღი. განსაკუთრებული თვისებების (სიმტკიცე, ტკეცადობის უნარი, ბასრი გვერდები, სხვა მასალასთან შედარებით პლასტიკურობა და სხვ.) გამო ადამიანი კაჟს ფართოდ იყენებდა საზ-ბის განვითარების უძველესი პერიოდიდან რკინის მეტალურგიის განვითარებამდე და ნაწილობრივ შემდგომ ხანაშიც.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ტერიტ-ზე გამოვლენილ სხვადასხვა ხანის არქეოლ. კულტურებში მრავლადაა ქვის, მ. შ. კ. ი. მის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის შერჩევას უმთავრესად განაპირობებდა შესაბამის საბადოთა სიახლოვე. ალბათ, ამიტომაა, რომ დას. საქართველოში ძირითადად კაჟი გამოიყენებოდა, აღმ-ში – ობსიდიანი.
დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე უძველესი სადგომის გამოვლენამ კავკასიაში ადამიანის პირველად გამოჩენის საკითხი ახლებურად დააყენა. სამხრ. კავკასიის ამ რეგიონში, როგორც ჩანს, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები იყო. უხვად მოიპოვებოდა აგრეთვე იარაღისათვის საჭირო ქვის მასალა, მ. შ. კაჟიც. დმანისის უძველესი სადგომის ქვის არტეფაქტები ძირითადად გაკაჟებული ტუფისგანაა მიღებული.
ქვედა პალეოლითში, აშელის ეპოქის დასაწყისიდან კავკასიას ფართოდ ითვისებს უძველესი ადამიანი და შემდგომ, ძველი ქვის ხანის თითქმის მთელ პერიოდში საკმაოდ ინტენსიურად განაგრძობს აქ ცხოვრებას. მის მიერ დამზადებული აშელური კ. ი. უხეშია, წარმოადგენს უმთავრესად დისკოსებრი ნუკლეუსებიდან ჩამოტეხილ ანატკეცებს, რ-ებიდანაც გაკეთებულია წვეტანები და სახოკი იარაღი. დამახასიათებელია აგრეთვე ბიფასური ტექნიკით ორმხრივად დამუშავებული ხელცულები. ამ დროს ჯერ კიდევ არ იციან იარაღის მეორეული რეტუშით დამუშავება.
პირველყოფილი ადამიანის მიერ სამხრ. კავკასიის ინტენსიურად ათვისების პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა აშელის მომდევნო – მუსტიეს პერიოდში, როდესაც ადამიანი ძირითადად კავკასიის თითქმის ყველა ლანდშაფტურ ზოლს იკავებს. ჩნდება კაჟის ახალი სახის იარაღი, უპირატესად ხელწვეტანა და საფხეკი. განსაკუთრებით ინტენსიური ცხოვრების კვალი ჩანს ზემო იმერეთში, რ-იც მდიდარია ბუნებრივი გამოქვაბულებითა და კაჟის მასალით. აქ მოპოვებული წვეტანები, სამკუთხა ლამელები წითელი კაჟისგანაა დამზადებული და დაფარულია მოყვითალო-ყავისფერი პატინით. ლამელები უკვე ნაკლებმასიურია. გახშირებულია იარაღის მეორეული დამუშავების შემთხვევები. მუსტიეს დროს ადამიანები დაეუფლნენ ქვის ჩამოტკეცვას და ანატკეციდან უფრო მსუბუქი იარაღის დამზადებას. მუსტიური ღია სადგომები აღმოჩნდა აღმ. საქართველოშიც. აქ იარაღის გასაკეთებლად ძირითადად გამოყენებულია ადგილ. ანდეზიტი. შედარებით მცირეა ობსიდიანისა და კაჟის ნაწარმი, რ-იც, ალბათ, თრიალეთიდან და იმერეთიდანაა შემოტანილი.
ზედა პალეოლითის დასაწყისისთვის გლობალური გამყინვარების გამო კავკასიაში აცივდა, რამაც გავლენა მოახდინა ადამიანის ცხოვრების პირობებზე. იგი იძულებული გახდა აეთვისებინა ბარის ის ადგილები, სადაც ბუნებრივი თავშესაფრები არსებობდა – გამოქვაბულები, ფარდულები, ეხები. ამ დროის ადამიანი ძირითადად დას. საქართველოში, უპირატესად მდ. რიონისა და ყვირილის აუზში ცხოვრობდა. სრულად გადახალისდა ქვის ინდუსტრიაც. ჩნდება ახალი ტიპის იარაღი, წნევითი ტექნიკით დამუშავებული მაკროლითები. ნეოლითის ხანაში იწყება მწარმოებლური მეურნეობა, უმჯობესდება კ. ი-ის დამუშავების ტექნიკა. ამ დროის უადრესი ძეგლები სამხრ. კოლხეთშია გამოვლენილი. ქვის ინვენტარი შედგება უპირატესად კაჟისა და ობსიდიანისგან. ზოგან ჭარბობს ობსიდიანი, რაც გასაკვირია მახლობლად მაღალხარისხოვანი კაჟის გამოსავლების არსებობის პირობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ამ მხარეში ობსიდიანის გავრცელება უკავშირდება სამხრ. საქართველოს მაღალმთიანეთიდან მოსახლეობის გარკვეული მასის გადმოსახლებას. კ. ი-ს უპირატესობა დადასტურდა ამავე ხანის რამდენადმე მოგვიანო ძეგლებზე.
ენეოლითის პერიოდის აღმ. საქართველოში კ. ი. ცოტაა. მეტწილად გამოიყენება ობსიდიანი. ამავე პერიოდის დას. საქართველოში ძირითადად კ. ი. გამოიყენება. კაჟის პირველადი დამუშავება ხდებოდა ძირითადად ბუდობების ადგილას, რაც ზემო იმერეთში ბლომადაა. ნამოსახლარებზე კი ნახევარფაბრიკატები მიჰქონდათ, სადაც იარაღის დამამზადებელი სახელოსნო იყო. იარაღი დამუშავებულია ორმხრივად, წნევითი "მცოცავი" რეტუშით. ჩნდება კაჟის დიდი ზომის შუბისა და ისრისპირები, კომბინირებული იარაღი და სხვ.
კ. ი-ის სიმრავლე დამახასიათებელია დას. საქართველოს მომდევნო – ადრე ბრინჯაოს ხანისათვისაც. კვლავ გვხვდება კაჟის ისრისა და შუბის პირები, საფხეკები, საჭრისები და სხვ. რიონყვირილის აუზში გამოვლენილ ადრე ბრინჯაოსა და წინარე ხანის ამ რეგიონის კულტურას შორის სხვაობა თითქმის არ ჩანს. მრავლადაა კ. ი., განსაკუთრებით კი ნამგლის ჩასართები ამავე ხანის აღმ. საქართველოშიც. ვარაუდობენ, რომ მაღალხარისხოვანი, მუქი ყავისფერი კაჟი აქ იმერეთიდან შემოჰქონდათ. იყენებდნენ ადგილობრივ, დაბალხარისხოვან კაჟსაც. აღმ. საქართველოს ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურა ქვის იარაღის მხრივ ნაკლებად უკავშირდება ადგილ. წინარე კულტურას, რ-თვისაც უფრო ობსიდიანის იარაღი იყო დამახასიათებელი. კ. ი-ის ფართო გამოყენების გამო მას მეტი საერთო აქვს დას. საქართველოსთან.
ძვ. წ. III ათასწლ. II ნახ-ში მტკვარ-არაქსის კულტურას ენაცვლება ე. წ. ადრეული ყორღანების კულტურა, წარმოდგენილი მარტყოფული და ბედენური ჯგუფის ყორღანული სამარხებით. თუ მარტყოფული ჯგუფის ყორღანებში ქვის იარაღი იშვიათია, ბედენურში იგი მრავლად გვხვდება მეტად ფაქიზად, წვრილი პარალელური ამოღარვის ტექნიკით დამუშავებული კაჟისა და ობსიდიანის ისრისპირების სახით. დამუშავების მხრივ მნიშვნელოვნადაა დეგრადირებული მომდევნო – გვიანი ბრინჯაოს ხანის ისრისპირი აღმ. საქართველოდან, რ-იც აქ მალევე მთლიანად ქრება. დას. საქართველოში კი ქვის იარაღის, მ. შ. კაჟის ისრისპირის გამოყენება ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ანტ. ხანის ეპოქალური ძვრების შედეგად ქვის ისრისპირების გამოყენების ტრადიცია აქაც ისპობა – კაჟი მხოლოდ კევრის კოხებისთვის, კაჟიანი თოფების კვესებისა და სხვ. წვრილმანი იარაღის დასამზადებლად გვიანობამდე გამოიყენებოდა.
ლიტ.: ნ ე ბ ი ე რ ი ძ ე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეული საფეხურები, თბ., 1986; ო რ ჯ ო ნ ი კ ი ძ ე ა., ქვის ისრისპირები საქართველოდან, «ძიებანი», 2004, №13–14; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1992; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ო., საქართველოს ისტორიის სათავეებთან, თბ., 2003; მ ი ს ი ვ ე, ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან, თბ., 2006.
ა. ორჯონიკიძე