კაჟნარი

კაჟნარი, ს ა ქ ო რ ი ა - კ ა ჟ ნ ა რ ი, კულტურულ ფენას მოკლებული ღია ტიპის ქვედა პალეოლითური ნაბინავარი სახელოსნო. მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. კაცხის ტერიტორიაზე, სოფლის სამხრ. განაპირას, ად­გილ. საქორია-კაჟნარზე, მდ. ყვირილის ­მარჯვ. ნაპირიდან 400–500 მ დაშორებით, 200–250 მ სიმაღლის პლატოზე, რ-საც ჩრდ.-დას-ის მხრიდან ჩაუდის მდ. კაცხუ­რა, აღმ-იდან – საკმაოდ ღრმა ღელე, ხოლო სამხრ-ით – მდ. ყვირილა. ტერიტორია (დაახლ. 4 ჰა) ძირითადად წარმოადგენს მოვაკებულ სახნავ ფართობს, რ-ის ზედაპირი თითქმის მთლიანად დაფარულია კაჟის სხვა­და­სხვა ზომის ბუნებრივი ნატეხებით, მ. შ. გვხდება ადამიანის ნახელავი იარაღი და წარმოების სხვა ნაშთები. საქორია-კაჟნარზე კაჟის შემადგენელი კირქვის ქანები ნაწილობრივ გაშიშვლებულია. ნიადაგის ხშირმა ხვნა-გადაბრუნებამ კი ხელი შეუწყო კაჟის დამტვრევას და მის დიდ ფართობზე მიმოფანტვას (მ. შ. კულტურული ნაშთებისაც). კაჟი თურონ-სენონის იარუსისაა და ძირითადად მოყავისფრო ან მონაცრისფროა; წარმოების ნაშთები მიწის ზედაპირზე სავარაუდოდ მოხვედრილია ნიადაგის ლოკალური გადარეცხვის გზით – მასალას არ ეტყობა შორ მანძილზე გადაადგილება, ამ პროცესს არც რელიეფი უწყობს ხელს. ძეგლი მიკვლეულია სა­ქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სა­ქართვ. მუზეუმის ყვირილის აუზის არქეოლ. ექსპედიციის მიერ (1958; ­ხელმძღვ. დ. თუშაბრამი­შვი­ლი). მასალის შეგროვება მიწის ზედაპირზე მომდევნო წლებშიც ხდებოდა. სულ მოპოვებულია 4000-მდე ქვის ნივთი. კოლექცია წარმოდგენილია სხვა­და­სხვა ტიპის ნუკლეუსებით, კლექტონური და ლევალუაზური ანატკეცებით, ლამელებით და მათ­ზე დამზადებული ­იარაღებით. მ. შ. აღსანიშნავია უაღრესად მასიური, ტლანქი ხელცული ფართო ქუსლით, შედარებით სრულყოფილად დამუშავებული მცირე ზომის ხელცულები, სახო­კები, ნუკლეუს-საჩეხები და სხვ. ­მთელი მასალა დაფარულია მოყვითალო, მოწითალო და მოთეთრო ღრმა პატინით. საქორია-კაჟნარის ქვის ნაწარმი არაერთგვაროვანია, კოლექციის მცირე ნაწილი თა­რიღ­დება შუა აშელის ეპოქით, მოზრდილი ნაწილი კი – გვიანი აშელით. მასალა და­ცუ­ლია სა­ქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სა­ქართვ. მუზეუმის ფონდებში.

ლიტ.: გ ა ბ უ ნ ი ა  მ., ნ ი ო რ ა ძ ე  მ., ნ ე ბ ი ე რ ი ძ ე  ლ. და სხვ., ძველი და ახა­ლი ქვის ხანის ძეგლები სა­ქარ­თველოს ტერიტორიაზე. ცნობარი, სა­ქართვე­ლოს ეროვნული მუზეუმი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, თბ., 2015; თ უ შ ა ბ რ ა მ ი ­შ ვ ი ლ ი  დ., არქეოლოგიური დაზვერვები მდ. ყვირილას ხეობაში, «ს. ჯანაშიას სახ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმწ. მუზეუმის მოამბე», 1962, ტ. 23 B; სა­ქარ­თვე­ლოს არქეოლოგია, ტ. 1, თბ., 1991; სა­ქართვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ.1, თბ., 1970.

დ. თუშაბრამი­შვი­ლი