კარამზინი ნიკოლოზ მიხეილის ძე [1(12). XII. 1766, სოფ. მიხაილოვკა, ახლანდ. ბუზულუკის რ-ნი, ორენბურგის ოლქი, – 22. V (3. VI). 1826, სანქტ-პეტერბურგი], რუსი მწერალი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი. რუს. სენტიმენტალიზმის მამამთავარი. ამ მიმდინარეობის სულისკვეთებითაა დაწერილი მისი „რუსი მოგზაურის წერილები" (1789–91), მოთხრობები: „ფროლ სილინი", „საწყალი ლიზა" (1792). თვალსაჩინო წვლილი შეიტანა რუს. სალიტ. ენის განვითარებაში, რუს. ისტორიოგრაფიაში. ნაშრომში „რუსეთის სახელმწიფოს ისტორია"(ტ. 1–12, 1816–26) საკმაოდ ვრცლადაა მიმოხილული რუს.-საქართვ. ურთიერთობა XVII ს-მდე. კ. ხოტბას ასხამს თამარ მეფეს, მისი მმართველობის პერიოდს ქართ. სიტყვიერების ოქროს ხანას უწოდებს, სიმამაცეს უქებს ქართველებს. კ. პოპულარული იყო ქართ. სალიტ. წრეებში. მის შემოქმედებას დიდად აფასებდნენ ს. დოდაშვილი, ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი და სხვ. ჟურნ. „ცისკარში" იბეჭდებოდა კ-ის ნაწარმოებების ქართ. თარგმანები.
ლიტ.: რუსული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1950.
ვ. შადური