კარატაული ენა

კარატაული ენა, იბერიულ-კავკასიური ენების დაღესტნურ ენათა ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია დაღესტნის ახვახის რ-ნის აულებში – კარატაში, არჩოში, ანჩიხში, ზემო და ქვემო ენხელოში, ტოქიტაში. რუსეთის 2010 აღწერის მიხედვით, ამ ენაზე ლაპარაკობს სულ 255 ადამიანი (Большая Российская Энциклопедия), ადრინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 6000-ს უდრიდა. ძირითადად გამოიყოფა 2 დიალექტი: საკუთრივ კარატაული და ტოქიტური. მათ შორის გაგებინება გაძნელებულია.

კ. ე-ის ფონეტ. სისტემაში 5 მარტივი (ა, ე, ი, ო, უ) და 3 ნაზალიზებული ხმოვანია. თანხმო­ვანთა სისტემა რთულია, აღსანიშნავია ხშულ-მსკდომთა სამეულები; სპირანტებიც სამეულებს ­ქმნის. ლატერალურ თანხმოვანთაგან, სონორი ლ-ს გარდა, არის აგრეთვე 5 ჩქა­მიერი ფონემა. დასტურდება სუსტი, მკვეთრი აფრიკატი ლატერალიც.

სახელები იყოფა გრამატ. კლასების მიხედვით. მხოლოობითში გამოიყოფა 3 კლასი, მრავლობითში – 2. არსებით სახელთა მრ. რ. იწარმოება საგანგებო სუფიქსებით; ზმნებსა და ზედსართავ სახე­ლებში რიცხვის საწარმოებლად კლასის ნიშნებია გამოყენებული. ძირითადი ბრუნვებია: სახ., მოთხრ., ნათ., მიც. (ტოქიტურში – აფექტივიც) და ადგილობითი ბრუნვების რთული სისტემა, რაც 8 სერიას ­ქმნის. ბრუნება ორფუძიანია, თვლა – ათობითი (ტოქი­ტურში – ოცობითი). პირის ნაცვალსახელებში გაირჩევა ინკლუ­ზივი და ექსკლუზივი.

ზმნა იცვლება გრამატ. ­კლასის მიხედვით, პირისა და ­გვარის კატეგორია არ მოეპოვება, აქვს დადებითი და უარყოფითი ფორმები. გავრცელებულია ზმნურ ფორმათა აღწერითი წარმოება. არის მიმღეობები, ინფინიტივიცა და მასდარიც. დიდ როლს ასრულებს აბსოლუტივი (განსაკუთრებით რთული წინადადების ­გადმოსაცემად). სიტყვაწარმოება შედარებით ღარი­ბია. ლექსიკაში კარგადაა დაცუ­ლი უძველესი ფენა. მრავლადაა ნასესხები სიტყვები რუს. და ხუნძური ენებიდან. კ. ე. უმ­წერლობო ენაა (სამწერლობო ენად იყენებენ ხუნძურს).

ლიტ.: Б о к а р е в А. А., Материалы по диалектологии андо-цезских языков, I. Наречие аула Токита, კრ.: Памяти акад. Н. Я. Марра, М.–Л., 1938; Г у д а в а  Т. Е., Консонантизм андийских языков, Тб., 1964; М а г о м е д б е к о в а  З. М., Каратинский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; მისივე, Каратинский язык. Грамматический анализ, тексты, словарь, Тб., 1971; М а г о м е д о в а  П. Т., Х а л и д о в а  Р. Ш., Каратинско-русский словарь, СПб., 2001.

ზ. მაჰომედბეკოვა