კარატე, აღმოსავლური საბრძოლო და სპორტული ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა. მისი კონცეფცია გამოირჩევა რაციონალურობით, წარმოადგენს უნიკალურ სისტემას როგორც ფიზიკური მომზადების, ასევე ფსიქოლოგიური მზადყოფნის, მდგრადობის განვითარებისათვის. 2016 საერთაშ. ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, კ. მასში შემავალი ხუთივე სტილით (შოტოკანი, შიტო-რიუ, ვადო-რიუ, გოჯურიუ და კიოკუშინკაი) აღიარებულია სპორტის ოლიმპიურ სახეობად და შეტანილია 2020 ოლიმპიადის პროგრამაში. კიოკუშინკაის სტილიდან ოლიმპიურ თამაშებში სპორტული კ-ს წესებით მონაწილეობის მიღებაზე ნება დაერთო მხოლოდ ორ ორგანიზაციას – IKO-სა და IKO-1-ს.
აღმოსავლურ ორთაბრძოლებში შიშველი ხელით ბრძოლის განვითარება უკავშირდება ბუდისტ ბერს – ბოდჰიდჰარმას. შაოლინის მონასტერში მან შეიმუშავა ვარჯიშების კომპლექსი და განახორციელა მათი შერწყმა ხელჩართული ბრძოლის ილეთებთან. თანამედროვე იაპონური კ. სათავეს იღებს რიუკიუს არქიპელაგის კ. ოკინავადან. ჩინელმა ლტოლვილებმა ჩინურ კემპოსთან გააერთიანეს ორთაბრძოლის ადგილ. მეთოდები და ჩამოყალიბდა ტა-ტე („ტა" იეროგლიფი ჟღერს როგორც „კარა" და ტანის ჩინურ დინასტიას აღნიშნავს; „ტე"– ხელი, კარატე – „ჩინური ხელი"). საბრძოლო ხელოვნების ეს სახეობა, რ-იც მოგვიანებით იწოდებოდა „ოკინავა-ტედ", აითვისა ადგილ. მოსახლეობამაც. „ტა-ტემ" (კარატემ) ორთაბრძოლის ხელოვნებასთან ერთად მიიღო გასამხედროებული ტანვარჯიშის სახე.
თანამედროვე კ-ს პოპულარიზაცია უკავშირდება გიჩინ ფუნაკოშის სახელს. მან შეცვალა იეროგლიფი „კარა" იმავე ჟღერადობის სხვა იეროგლიფით, რ-იც ნიშნავდა „სიცარიელეს". მას მერე დამკვიდრდა დეფინიცია: კარატე – ცარიელი ხელი. XX ს. 40-იანი წლების ბოლოსათვის მასუტაცუ ოიამამ შექმნა ოკინავური ფესვების მქონე სტილი „კიოკუშინკაი" (გზა აბსოლუტური ჭეშმარიტებისაკენ), პირველი „დოჯო" გახსნა 1953.
არსებობს კ-ს სპორტული, გამოყენებითი და ტრად. მიმდინარეობები. ოკინავური კ-ს მრავალი მიმდინარეობიდან დროის გამოცდას გაუძლო რამდენიმე სტილმა: შოტოკანი, შიტო-რიუ, ვადო-რიუ, გოჯუ-რიუ და კიოკუშინკაი. კ. განსაკუთრებით პოპულარული გახდა გასული საუკუნის 50-იან წლებში.
1966 პარიზში ჩატარდა ევროპის პირველი ჩემპიონატი კ-ში. 1990 შეიქმნა კ-ს მსოფლიო ფედერაცია (WKF), რ-შიც გაერთიანებულია შოტოკანის, ვადო-რიუს, გოჯუ-რიუსა და კიოკუშინკაის სტილობრივი სახეობები. შესაბამისმა ფედერაციებმა მოახდინეს ამ სტილთა სპორტული უნიფიკაცია, რის შემდეგაც კ. აღიარეს სპორტის სახეობად (კიოკუშინკაის სტილის უმეტესი მიმდინარეობა არ იზიარებს შეჯიბრების ჩატარების სპორტულ წესებს).
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი კ-ს ისტორია მეტწილად უკავშირდება ზ. ლეჟავას სახელს. 1970-იდან მას შეუერთდნენ მ. წვერავა, ვ. გონჩარენკო, პ. ჯიჯეიშვილი და ი. ყეინაშვილი. იმხანად არ იყო კ-ს არც ერთი ქართვ. სპეციალისტი. ენთუზიასტები მწირი ინფორმაციით ცდილობდნენ მაქსიმუმის ათვისებას. მათ შექმნეს ჯგუფი და დაიწყეს რეგულარული ვარჯიში. 1976-იდან ამ ჯგუფს შეუერთდნენ თ. რამიშვილი, გ. ბარაბაძე, დ. გვალია, დ. თევზაძე, ა. მიქაძე, გ. დარჩიაშვილი, თ. ჯორჯაძე, დ. სულაქველიძე, ო. რევიშვილი, ს. დოლიძე, გ. ბერიძე, ბ. მაღალთაძე. ასეთივე ჯგუფი ჩამოყალიბდა სოხუმშიც – ს. დარახველიძე, ვ. ჯაფარიძე, რ. ხუროძე, თ. ჯახაია. ენთუზიასტთა ძალისხმევამ ხელი შეუწყო საქართველოში კ-ს პოპულარიზაციას.
შემდგომ წლებში ენთუზიასტთა მომდევნო ჯგუფმა [კ. ბასილია, გ. ბაკურაძე, ა. შენგელია, ო. გელაძე, დ. მოდებაძე, ა. (საჩინო) კიკაბიძე, ვ. გულბანი, თ. ცქიტიშვილი, ზ. კობაიძე, ბ. ხუციშვილი, ტ. ძებისაშვილი, მ. ყუბუსიძე, ა. რუბაშვილი, გ. ახალაძე, თ. და თ. გიგნაძეები, ა. მელაძე; აფხაზეთიდან: ვ. ბარაბაძე, ს. და კ. გოგიები, კ. კაკაბაძე, ტ. და ა. ბიწაძეები] კიდევ უფრო განავითარა სპორტის ეს სახეობა.
სსრკ-ის II ჩემპიონატზე (ტალინი, 1982) კ-ში გ. ბაკურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა, ხოლო მის მწვრთნელს, ზ. ლეჟავას – საქართვ. დამს. მწვრთნელის წოდება. იგივე შედეგი გაიმეორა კ. ბასილიამ (1989). 1980 ჩატარდა საქართვ. პირველი ჩემპიონატი კ-ში. 1983 სსრკ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით კ. აიკრძალა და მისი სწავლება სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა. 80-იანი წლების ბოლოს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და კ-ს განვითარების მეორე ეტაპი დაიწყო.
გ. ბარაბაძის და ა. შენგელიას ინიციატივით ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა კიოკუშინკაი კ-ს ჯგუფი, რ-ის ბაზაზეც შეიქმნა საქართვ. კიოკუშინკაი კარატეს ფედერაცია. გაჩნდა უცხოელ, მ. შ. იაპონელ ოსტატებთან კავშირის დამყარებისა და მათი საქართველოში მოწვევის შესაძლებლობა.
1989 საქართველოს ტრად. კარატე-დოს (ზ. ლეჟავა) და კიოკუშინკაი კ-ს (გ. ბარაბაძე) ფედერაციებმა მიიღეს საერთაშ. აღიარება და გაწევრიანდნენ შესაბამის მსოფლიო ფედერაციებში. 1990 ჩატარდა საქართვ. პირველი ღია, ლეგიტიმური ჩემპიონატი კიოკუშინკაი კ-ში.
საქართველოში მოქმედებს კ-ს მსოფლიო ფედერაციაში (WKF) შემავალი სხვადასხვა მიმართულების ეროვნ. ფედერაციები: შოტოკანი (კ. ბასილია, საქართვ. კ-ს ფედერაციის – GKF – პრეზიდენტი), ვადო-რიუ (მ. მახარაძე), შიტო-რიუ, გოჯუ-რიუ (ო. გრძელიშვილი).
დღეისათვის არსებობს კიოკუშინკაი კ-ს სტილის სხვადასხვა მიმდინარეობის რამდენიმე მსოფლიო ორგანიზაცია. საქართველოში ამ საერთაშ. ორგანიზაციებს წარმოადგენს ანალოგიური მიმდინარეობის ეროვნ. ფედერაციები და კლუბები. ამ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობენ კიოკუშინკაი კ-ს ოსტატები: ა. შენგელია, ტ. ძებისაშვილი, ნ. კვანჭიანი, ა. ჩუბინიძე, გ. კაკაბაძე, ა. (საჩინო) კიკაბიძე, მ. ქანთარია, გ. ემინაშვილი.
ქართველმა სპორტსმენებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს საერთაშ. სარბიელზე. 1990 დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველმა წარმომადგენლებმა იასპარეზეს კ-ს მსოფლიო ჩემპიონატზე.
ამჟამად ტრადიციული (სპორტული) და სხვადასხვა სტილის სახეობებში საქართველოს ჰყავს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის; მსოფლიოს ჩემპიონები ვაჟთა შორის არიან: გ. არქანია, კ. ბასილია, ლ. გორელაშვილი, ჰ. ვეკუა, გ. ზურაბიშვილი, დ. ტყებუჩავა, ი. ტყებუჩავა; ევროპის ჩემპიონები – ლ. ბარამიძე, ტ. ბახტაძე, ს. მოვსესიანი, ლ. ყამარაული, მ. წიკლაური; ქალთა შორის – თ. ბიბილეიშვილი, დ. დარჩიაშვილი, ქ. მამედოვა, თ. მელუა, მ. ქებურია. ამას გარდა – მსოფლიოს, ევროპისა და საერთაშ. ტურნირების პრიზიორები და იაპონიის ორი ჩემპიონი სხვადასხვა სტილის სახეობებში.
საქართველოში მოქმედებს IKO-ს მსოფლიო ორგანიზაციის ეროვნ. ორგანიზაციები. მათი ოფიც. წარმომადგენლები არიან: ტ. ძებისაშვილი, მ. ქანთარია და ა. (საჩინო) კიკაბიძე.
ა. კიკაბიძე
ტ. ძებისაშვილი