კარდენახი, სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ-ით, გურჯაანი–წნორის საავტ. გზაზე. რკინიგზის სადგური. სათავო სოფელი. ზ. დ. 400 მ, გურჯაანიდან 14 კმ. 3,9 ათ. მცხ. (2014). ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" მოხსენიებულია კარდანეხი და კარდანეხის წყალი.
სოფელში შემორჩენილია რამდენიმე ეკლესიის (ნათლისმცემლის, ფერისცვალების, ღვთაების) ნანგრევი და ნაეკლესიარი. დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ღვთისმშობლისა და წმ. ელიას დარბაზული ეკლესიები, ასევე იმავე პერიოდის დარბაზული ეკლესია. სოფლის მახლობლად, ნასოფლარ დიდვარდნულის ტერიტორიაზე, დგას გვიანდ. შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, ე. წ. ონანაანთ საყდარი. სოფლის ზემოთ, დაახლ. 1 კმ-ზე, მდებარეობს საბაწმინდის მონასტერი, რ-შიც გაერთიანებულია წმ. საბას დიდი გუმბათოვანი ეკლესია (XIII ს. I ნახ.), სამეკლესიიანი ბაზილიკა (VI ს. შუა ხანები), წმ. ბარბარეს ეკლესია (გვიანდ. შუა საუკუნეები) და კლდეში გამოკვეთილი სათავსი – სავარაუდოდ სამეურნ. დანიშნულებისა.
კ-ში გვიანდ. შუა საუკუნეების ორი ოთხკუთხა კოშკია, მ. შ. ერთი – ათანაანთ მიწებზე, მეორე კი – წარაფებად წოდებულ ადგილზე. სოფელში XVIII ს. ორი მრგვალი კოშკიცაა.
სოფელში მდებარეობს დ. აფხაზის მიერ XIX ს-ში აგებული სასახლე, რ-იც გარკვეული დროის განმავლობაში ეკუთვნოდა გრაფ შერემეტიევს. XX ს. დასაწყისში აფხაზთა საგვარეულომ სასახლე კვლავ დაიბრუნა. მისი ბოლო მფლობელები იყვნენ ი. ჭავჭავაძის სიძე ნ. აფხაზი და მისი შვილი კ. აფხაზი.
კ-ის სასახლეს ხშირად სტუმრობდა ი. ჭავჭავაძე, რ-საც აქვე დაუწერია ლექსი "ყვარლის მთებს" და პოემა "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ". სოფელში არის ი. ნონეშვილის სახლ-მუზეუმი.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 1-I, თბ., 2013.