კარდიოქირურგია, გულ-სისხლძარღვთა ქირურგია, გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების აღმოფხვრა ოპერაციული გზით. მოიცავს ბავშვთა და მოზრდილთა კ-საც.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესახებ ზოგიერთი მონაცემი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. XVII–XIX სს-ში აღწერეს გულის ზოგიერთი მანკი და კორონარული სისხლის მიმოქცევა.
XX ს-ში კარდიოლოგიის განვითარებასთან ერთად ვითარდება კ-ც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგ. ოპერაციაა კორონალური შუნტირება. ამავე საუკუნეში განხორციელდა გულის გადანერგვაც (კ. ბარნარდი, 1967, სამხრ. აფრიკის რესპუბლიკა).
1941–70 თბილისში, ექიმთა დახელოვნების ინ-ტის თორაკალური ქირურგ. კათედრას განაგებდა ნ. ანთელავა. კლინიკაში პირველად საქართველოში განხორციელდა ოპერაციები „ჰიპოთერმიის ქვეშ" და „მშრალ გულზე".
საქართველოში გულის პირველიკომისუროტომია – 1961 ჩაატარა მ. ჩაჩავამ.
1969 აკად. კ. ერისთავის სახ. ექსპერ. და კლინიკური ქირურგიის ინ-ტში გაიხსნა კ-ის პირველი განყ-ბა, სადაც ბავშვებსა და მოზრდილებზე ტარდებოდა გულის ოპერაციები სისხლის ხელოვნური მიმოქცევის გარეშე. ამ ოპერაციების უმეტესობა პალიატიურ ხასიათს ატარებდა (განყ-ბის ხელმძღვ. – ვ. ფუფინი, შემდგომ – ვ. გეტმანსკი). 1970-იდან თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის გულმკერდის ქირურგ. კათედრას განაგებდა ვ. ფიფია. მან ერთერთმა პირველმა დაიწყო გულის მანკის ქირურგ. მკურნალობა.
კ-ის შემდგომი განვითარების მიზნით, 1984 ახალგაზრდა ქართველ ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა მოსკოვის ა. ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგ. ცენტრში (ხელმძღვ. ვ. ბურაკოვსკი). იმ დროისათვის ცენტრი წარმოადგენდა წამყვან კარდიოქირურგიულ დაწესებულებას, სადაც მოღვაწეობდა 50-ზე მეტი ქართვ. სპეციალისტი ქირურგ., ანესთეზია-რეანიმაციის და კარდიოლოგიის მიმართულებით (ე. კობახიძე, ვ. ალექსი-მესხიშვილი, დ. იოსელიანი და სხვ.). ვ. ბურაკოვსკის და მისი ცენტრის პატრონაჟით თბილ. კ. ერისთავის სახ. ექსპერ. და კლინიკური ქირურგ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კ-ის განყ-ბაში დაინერგა თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ოპერაციული მკურნალობა სისხლის ხელოვნური მიმოქცევის მეთოდის გამოყენებით. იქვე დაარსდა ექსპერ. კ-ის ლაბორატორია (ხელმძღვ. ს. ჭილაია), რ-იც მუშაობდა ხელოვნური სისხლის მიმოქცევის, ხელოვნური სისხლის, ხელოვნური გულის, დამხმარე სისხლის მიმოქცევის პრობლემებზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქირურგ. ინ-ტის კ-ის განყ-ბამ დაამყარა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა მსოფლიოს წამყვან კარდიოქირურგიულ ცენტრებთან და ქირურგებთან, კერძოდ, დებორასა (აშშ, ნიუჯერსი) და ზაბჟეს (პოლონეთი) კარდიოქირურგიულ ცენტრებთან, ამერიკის წამყვან კარდიოქირურგებთან (ჯ. კლიკი და ს. მირჰუსეინი). ამ თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა მატერ.-ტექ. ბაზის გაუმჯობესება და ექიმთა პროფ. უნარების ამაღლება, რამაც განაპირობა ქართვ. ქირურგების მიერ ოპერაციების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა; ჩატარდა ოპერაციები ბავშვებში თანდაყოლილ (თ. ჩაჩანაშვილი) და შეძენილ მანკებზე – გულის სარქვლების პროთეზირება (ო. გიორგაძე და ნ. ხურცილავა). პირველი კორონარული შუნტირება გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტზე შესრულდა ზ. ბახუტაშვილის მიერ (1993).
1996 აშშ-ის დახმარებით თბილისში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა ბავშვთა კ-მა განყ-ბამ (შემდგომში – ჯო ენის სახ. სამედიცინო ცენტრი; პროექტის ავტორი – ი. მეტრეველი, კოლეგებთან ერთად). 1999-იდან ცენტრმა დამოუკიდებლად დაიწყო თანდაყოლილი მანკების რადიკალური კორექცია, რამდენიმე წლის შემდეგ კი – მოზრდილთა პათოლოგიის კარდიოქირურგიული მკურნალობა (ხელმძღვ. – ა. ცინცაძე).
2001 გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბაზაზე, გერმ. კოლეგების დახმარებით, გაიხსნა მოზრდილთა კარდიოქირურგიული განყ-ბა, სადაც ამჟამად სრულდება ყველა სახის ოპერაცია. 2012 განყ-ბამ ზ. ბახუტაშვილის ხელმძღვანელობით განავითარა მინიინვაზიური კ.
2002-იდან ქირურგ. ინ-ტის გულის ქირურგ. ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო კარდიოქირურგიულმა კლინიკამ „ღია გული". ამჟამად კლინიკაში წარმოდგენილია მოზრდილთა და ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციების სრული სპექტრი (ხელმძღვ. ს. ლომინაძე).
2006-იდან ქ. ქუთაისში, აკად. ცხაკაიას სახ. დას. საქართვ. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, გაიხსნა კარდიოქირურგიული განყ-ბა (ხელმძღვ. კ. ბესელია). ამ ცენტრში პირველად საქართველოში განხორციელდა აორტოკორონარული შუნტირების ოპერაცია მომუშავე გულზე. ეს მეთოდი უკვე გამოიყენება თბილ. წამყვან კლინიკებში.
2008-იდან ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრ. საუნივერსიტეტო კლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო კარდიოქირურგიულმა განყ-ბამ (ხელმძღვ. ზ. კაციტაძე). 2013 გაიხსნა თბილ. გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა, სადაც ასევე ფუნქციონირებს კარდიოქირურგიული განყ-ბა (ხელმძღვ. კ. ბესელია). კლინიკაში პირველად საქართველოში წარმატებით შესრულდა აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაციები მინიინვაზიური თორაკოსკოპიური მეთოდით.
2016 ჩამოყალიბდა ისრაელ-საქართველოს ერთობლივი სამედ. კლინიკა „ჰელსიკორი“ (ხელმძღვ. ლ. ქარაზანაშვილი), სადაც პირველად დაინერგა და შესრულდა აორტის სარქვლის პლასტიკა მინი-თორაკოტომიური კვეთით, რ-ის სიგრძეც 5 სმ არ აღემატება.
საქართვ. ზემოხსენებულ კარდიოქირურგიულ კლინიკებში წელიწადში საშუალოდ 300–500 ოპერაცია კეთდება. მთლიანად ქვეყანაში (2017 მონაცემებით) დაახლ. 2700 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩატარდა. საქართველოში შესრულებული ოპერაციები სრულად ასახავს მსოფლიო კ-ში არსებული ოპერაციული მკურნალობის სპექტრს გულის გადანერგვის გამოკლებით.
ზ. ბახუტაშვილი
კ. ბესელია