კარდუხები, ჩრდილო შუამდინარეთში მცხოვრები ხალხი; ქართველური ტომი. ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ქსენოფონტეს (გ. ძვ. წ. 355/354) ცნობით, კ-ის განსახლების სამხრ. საზღვარი ქურთისტანის მთებზე იმ ადგილას გადიოდა, სადაც ეს მთები მდ. ტიგროსს ებჯინება. ჩრდ-ით სომხეთისაგან კ-ის ქვეყანას მდ. ტიგროსთან მდ. კენტრიტი (ახლანდ. ბოსტან-სუ) ყოფდა (გ. მაქსიმოვა), დას-ით ქ. ურფას რ-ნსაც მოიცავდა (ბ. ჰროზნი). მეცნიერთა დიდ ნაწილს (კ. ფ. ლემანჰაუპტი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, გ. მელიქიშვილი, ს. გორგაძე, ვ. გოილაძე და სხვ.) კ. ქართველური მოდგმის ხალხად მიაჩნია. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ეთნონიმი კ. „ერთ-ერთი მეგრულჭანური ტომის სახელია" და იგი ეროვნების აღმნიშვნელი „ხი"-თ ბოლოვდება ისევე, როგორც ტაოხი, კოლხი, ხოლო მდინარის სახელი „კენტრიტი" იგივეა, რაც მდ. კინტრიში (აჭარაში). საყურადღებოა ისიც, რომ კ-ის ტერიტორიაზე მრავლად არსებული საცხოვრებელი გამოქვაბულები ძალზე წააგავს უფლისციხისა და ვარძიის ნაგებობებს (კ. ფ. ლემანჰაუპტი). ძვ. წ. 401 კუნაქსთან ბრძოლის შემდეგ ჩრდ-კენ მიმავალმა ბერძნებმა კ-ის მიწა-წყალზე გავლას შვიდი დღე მოანდომეს და ამ დროის განმავლობაში განუწყვეტელი ომი ჰქონდათ კ-თან. როგორც ქსენოფონტე წერს, კ. კარგად იყვნენ დაუფლებულნი თავდასხმებისა და უკანდახევის ტაქტიკას. ბრძოლისას ისინი მღეროდნენ. ჰქონდათ კარგად გამაგრებული ქალაქები, იყვნენ საალყო მანქანების განთქმული მშენებლები; ცხოვრობდნენ მდიდარ სოფლებში; მისდევდნენ მესაქონლეობას, მევენახეობას – ღვინოს მიწაში ჩადგმულ ქვევრებში აყენებდნენ. მიცვალებულის მოხსენიებისას სვამდნენ ზედაშეს და მიცვალებულის საფლავზე აქცევდნენ. ძვ. წ. 333, ალექსანდრე მაკედონელის მიერ აზიის დაპყრობის შემდეგ, კ-ის ტერიტორიაზე მაკედონიიდან გადასახლებული მიგდონები დასახლდნენ, რის გამოც ეს მხარე მიგდონიად იწოდა. კ-ის ნაწილი ჩრდილოეთში გადმოსახლდა და მესხებს შეერია. სამშობლოში დარჩენილი კ. რომაულ ხანაში სხვადასხვა ბრძოლაში მონაწილეობდნენ. სტრაბონის ცნობით, როცა სომხეთის მეფე ტიგრან II-მ (ძვ. წ. 95–55) სირია და ფინიკია დაიმორჩილა, ქალაქი დააარსა იბერიის (იგულისხმება კ-ის ქვეყანა) მახლობლად. მისივე ცნობით, კ-ის ქვეყანაშია ქ. "ნისიბიდა", რ-საც მიგდონიის ანტიოქიას უწოდებენ (ქ. ნისიბისი ანტიოქიად იწოდება ვახტანგ გორგასლის "ცხოვრებაშიც"). ნისიბისის ახლოს იყო ციხე "ჰარმაზი". სტრაბონი ასახელებს კ-ის ქვეყნის სხვა ქალაქებსაც, აღწერს ბუნებას, ცხოველთა სამყაროს. 363 რომსა და ირანს შორის დადებული ზავით, კ-ის ქვეყანა ირანის ხელქვეით მოექცა, ამიტომ ქვეყნის ქრისტიანი მოსახლეობა ქ. ედესაში გადასახლდა, რის შედეგადაც ედესის ქართ. კოლონია ქართველური მოსახლეობით შეივსო. ნისიბისიდან ედესაში გადაიტანეს ცნობილი სკოლა-აკადემია. კ. კეკელიძის მოსაზრებით, ძველ საქართველოში სწავლა-აღზრდის საქმე ნისიბისის სკოლის ყაიდაზე იყო მოწყობილი. ედესისა და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველებს მშობლიური ენა და ქრისტიანული რწმენა XIX ს. დამდეგამდე ჰქონდათ შენარჩუნებული.
ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, თბ., 2002; მ ი ს ი ვ ე, ქართველთა განმანათლებლები, თბ., 2015.
ვ. გოილაძე