კარპინი (Carpini) იოანე (ჯოვანი) დე პლანო (1182–1253), ფრანცისკელი ბერი. იტალიელი მისიონერი. რომის პაპის ელჩი მონღოლეთის იმპერიაში 1246/47. იყო ბათო-ყაენთან ოქროს ურდოში, შემდეგ – დიდ ყაენ გუიუქთან. თავის წიგნში „ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ" საუბარია ქართველებისა და საქართველოს შესახებ. მისი თხრობა ემყარება მონღოლთა დიდი ყაენის კარზე საკუთარი თვალით ნანახს და იქ მყოფ ქართველთა მონათხრობს. ავტორს ყურულთაიზე პირადად უნახავს ქართველი უფლისწულები – დავით რუსუდანის ძე და დავით ლაშა-გიორგის ძე, რ-ებიც იქ იმყოფებოდნენ. ავტორი აღწერს გუიუქ-ყაენის მიერ 1246 აგვისტონოემბერში საქმის მონღოლური სამართლით გადაწყვეტას – ორივე დავითის დამტკიცებას საქართველოს მეფეებად, მოგვითხრობს მონღოლთა მიერ საქართველოზე შეწერილი ხარკის რაოდენობის, ქართველების მიერ განზრახული აჯანყებისა და სხვათა შესახებ.
თხზ.: ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ, გ. ქიქოძის გამოც., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 2.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.