კარსანი, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ძეგვის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), თრიალეთის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. კარსნისხევის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 700 მ, მცხეთიდან 8 კმ. 18 მცხ. (2014).
კ. დაბალი მთის კლიმ. კურორტია. იცის რბილი, თითქმის უთოვლო ზამთარი და ზომიერად მშრალი ზაფხული. ნალექები 600 მმ წელიწადში.
1904-იდან კ-ში ფუნქციონირებდა თბილისის ფიზ. (შემდგომში გეოფიზ.) ობსერვატორიის მაგნიტური განყ-ბა, რ-იც 1935-იდან გადაიტანეს დუშეთში (იხ. დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია).
სოფელში დგას IX–X სს. ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია; სოფლის მიდამოებში, კარსნისხევის მარჯვ. ნაპირზე, მდებარეობს ძვ. წ. I და ახ. წ. I– III სს-ით დათარიღებული მეთუნეთა ნამოსახლარი, რ-იც 1975 გათხარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა. აფაქიძე). კომპლექსში შედის ნამოსახლარი, საწარმოო უბანი და სამაროვანი. ნამოსახლარი ტერასულადაა განლაგებული ბორცვის თხემსა და ძირში. გამოვლინდა სამი სამშ. ფენა. საცხოვრებელი შედგებოდა საცხოვრ. სახლისა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობისაგან. შენობები გეგმით ოთხკუთხაა, ნაგებია ქვიშაქვითა და ტალახით. მათი უმეტესობა გადახურული ყოფილა მცხეთური ღარისებრი და ბრტყელი კრამიტით. იატაკი თიხისაა, მის ცენტრ. ნაწილში ქვითა და თიხით ნაგები კერებია. ნამოსახლარზე გამოვლინდა დიდი რაოდენობის სამეურნეო დანიშნულების კერამიკა, ლითონისა და თიხის ქანდაკებები, რკინის დანები, მონეტები. ნამოსახლარის აღმ-ით, 60 მ-ზე, მდებარეობს სახელოსნო უბანი. აქ გამოვლინდა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ქურები და მასთან დაკავშირებული ფარდულის ტიპის ნაგებობების ნაშთი.
სამაროვანზე გაითხარა ძირითადად კრამიტსამარხები. დადასტურდა აგრეთვე ორმოსამარხები და ქვევრსამარხი. კრამიტსამარხები ძირითადად კრამიტით ნაგები ორფერდსახურავიანი კრამიტყუთებია, რ-იც ორმოში ყოფილა ჩადგმული.
ნამოსახლართან ახლოს გამოვლინდა საწნახელი და მარნის ნაშთი. 1918 კარსნისხევის მარჯვ. ნაპირას, ფერდობზე, გ. ლემლეინმა გათხარა მინის სახელოსნო (მოპოვებული მასალა ინახება სანქტ-პეტერბურგის სახელმწ. ერმიტაჟში). ფერდობის ძირში (როგორც ჩანს, აქ ყრიდნენ წარმოების ნარჩენებს), თიხის ფენის ქვეშ აღმოჩნდა 0,75 მ სისქის კულტ. ფენა. სოფლის ჩრდ-ით, დაახლ. 1 კმ-ზე, ქართლის ქედის ერთერთ მწვერვალზე შემორჩენილია ადრინდ. შუა საუკუნეების ციხეგალავნის ნანგრევები. 1961–62 ძეგლზე არქეოლ. გათხრები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის ექსპედიციამ (ხელმძღვ. ნ. ბერძენიშვილი). გაითხარა გალავანი, რ-იც გამაგრებულია ერთმანეთისგან სხვადასხვა მანძილით დაშორებული, გარეთ გაშვერილი ოთხკუთხა კოშკებით. გალავნის კედელსა და კოშკებში ჩაშენებულია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრები, რ-ებზეც ამოკვეთილია ფოსოები ე. წ. მერცხლისკუდა გადასაბმელებისათვის. გალავნის შიგნით გამოვლინდა ნატეხი ქვით ნაგები ნახევრად მიწური ტიპის საცხოვრ. ნაგებობანი, რ-თა ცენტრში მოწყობილია ოთხკუთხა კერები. გალავნის ჩრდ. უბანზე გაითხარა ორი მარანი, ერთში – 14, ხოლო მეორეში 4 საშ. სიდიდის ქვევრი აღმოჩნდა. გამოვლინდა სხვადასხვა ფორმის, სიდიდისა და დანიშნულების დიდძალი კერამიკა, რ-იც ძირითადად V–VII სს-ით თარიღდება. კერამიკის ნაწილი და ქვევრსამარხი გვიანდ. ელინისტური ხანისაა. ციხე-გალავნის ჩრდ. კედელში დგას გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. ნინოს დარბაზული ეკლესია.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.