კარსანიძე ვლადიმერ დავითის ძე (23. V. 1910, სოფ. მათხოჯი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 2.VI. 1968, იქვე), დრამატურგი, სცენარისტი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966). 1934 დაამთავრა კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტი. მუშაობდა საქართვ. „სახკინმრეწვში" სასცენარო განყ-ბის (1935–37) და ქრონიკალურდოკუმენტური სექტორის (1940– 46) გამგედ, კულტ. სამინისტროში – სასცენარო განყ-ბის უფროს რედაქტორად. კ. გოგოძესთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის „დაგვიანებული სასიძო" (რეჟ. კ. მიქაბერიძე, 1940). კ-ის სცენარებით გადაღებულია მხატვრული ფილმები: „ბედნიერი შეხვედრა" (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1949), „ბაში-აჩუკი", „გლახის ნაამბობი" (ორივეს რეჟ. ლ. ესაკია 1956; 1960); ანიმაციური ფილმები: „გაზაფხულის სტუმრები" (რეჟ. ვ. მუჯირი, 1949), „ნიკო და სიკო" (რეჟ. შ. გედევანიშვილი, 1961); სამეცნ.-პოპულ. და დოკუმენტური ფილმები: „აკაკი წერეთელი" (რეჟ. შ. ჩაგუნავა, 1940), „ქართველები ირანში. ფერეიდანი", „ამბავი სოფელ ნატანებისა" (ორივეს რეჟ. ი. კანდელაკი, 1944; 1952) და სხვ.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მ. კერესელიძე