კარსნისხევის არქეოლოგიური ძეგლები, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი სოფ. კარსნის მიდამოებში. მდებარეობს თბილისი–მცხეთის გზატკეცილის მე-17 კმ-ზე (მცხეთის მუნიციპალიტეტი), მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირას. კარსნისხევი დასახლებული ყოფილა გვიანდ. ბრინჯაოს ხანიდან. გამოვლენილია ამ ხანის სამარხები. მცირე მასშტაბის გათხრები ჩატარდა 1925 (გ. ნიორაძე). 1975-იდან მიმდინარეობდა სტაციონარული გათხრები (ა. აფაქიძე, ვ. ნიკოლაიშვილი). აღმოჩნდა ძვ. წ. და ახ. წ. I სს. კომპლ. ძეგლი, რ-იც შედგება ხელოსანთა დასახლების, საწარმოო უბნისა და სამაროვნისაგან. ნასახლარზე გამოვლინდა 3 სამშენებლო ჰორიზონტი. გეგმით მოგრძო, ოთხკუთხა შენობები ნაგებია ქვიშაქვითა და ტალახით. გადახურული ყოფილა ანტ. ხანის მცხეთური ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ნაგებობანი ორი ნაწილისაგან შედგებოდა – საცხოვრებელი და სამეურნეო. იატაკი თიხატკეპნილია. მის ცენტრ. ნაწილში ქვითა და თიხით ნაგები კერები იყო. დიდი რაოდენობითაა მოპოვებული უმთავრესად მოწითალოდ გამომწვარი თხელკეციანი კერამიკული ნაწარმი (ქვევრები, დერგები, სამტუჩა ხელადები, კოპებიანი სასმელები და სხვ.), ლითონისა და თიხის ქანდაკებები. ნამოსახლარის აღმ-ით, დაახლ. 60 მ-ზე აღმოჩნდა საწარმოო უბანი. გამოვლინდა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ქურები და მასთან დაკავშირებული ნაგებობათა ნაშთები. ალიზით ნაგები მოგრძო ფორმის ქურები ორსართულიანი ყოფილა. პირველი სართული დახურული იყო ალიზის დიდი აგურებისაგან შეკრული თაღით. ნასახლარის მახლობლად გამოვლინდა I–III სს. სამაროვანი. ძირითადად გაითხარა კრამიტსამარხები, აგრეთვე ორმოსამარხები (მ. შ. ხის ძელებით გადახურულიც). კრამიტსამარხები ბრტყელი და ღარიანი კრამიტითაა ნაგები. გადახურვა ორფერდაა. ზოგს იატაკიც კრამიტისა ჰქონდა. სამარხებში აღმოჩნდა ჭურჭელი (მოვარდისფროდ გამომწვარი თიხის სამტუჩა ხელადები, კოპებით შემკული ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლეები), სამკაული (ოქროს საყურეები და სასაფეთქლე რგოლები, სხვადასხვა ფორმისა და მასალის მძივები, გემიანი ბეჭდები და სხვ.), რომაული და პართიული მონეტები.
1925 კარსნისხევის ბოლოში აღმოჩნდა და გაითხარა ადრინდ. ფეოდ. ხანის დასაწყ. (IV–V სს.) სამაროვანი. ქვიშაქვის დიდი ქვებით ნაგები ქვაყუთები ბანურად იყო გადახურული. სამარხებში აღმოჩნდა სამკაული და ტანისამოსთან დაკავშირებული ნივთები.
კარსნისხევის სათავესთან, მიწის ზედაპირზე შეინიშნება შუა ფეოდ. ხანის ნასოფლარი და მცირე ზომის ეკლესიები. იქვე, ხეობის მარჯვ. ნაპირას დადასტურდა მინის საბერი საწარმოს ნაშთები.
ლიტ.: ლ ე მ ლ ე ი ნ ი გ., მინის საბერი წარმოების ნაშთები კარსანში, მცხეთის მახლობლად, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1945, ტ. 6, № 9; ლ ო მ თ ა თ ი ძ ე გ., არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ძველ დედაქალაქში, თბ., 1945; მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, ტ. 1, თბ., 1955; ნ ი ო რ ა ძ ე გ., კარსნისხევის სასაფლაო, «საქართველოს მუზეუმის შრომები», 1926, ტ. 4; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.
ვ. ნიკოლაიშვილი