კარსტი

კარსტი, კარსტული მოვლენები [გერმ. Karst, სლოვენიაში მდებარე კარსტის (კრასის) პლატოს სახელწოდებიდან], მოვლენები, რ-ებიც თავს იჩენს წყალში ხსნად ქანებში (კირქვა, დოლომიტი, ცარცი, თაბაშირი, ქვამარილი) მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ნაკადების ზემოქმედების შედეგად. კარსტულ მოვლენებში წამყვანი როლი ენიჭება ქანების ქიმ. ხსნადობას. კარბონატული ქანები იხსნება თავისუფალი ნახშირორჟანგის ან სხვა მინერ. და ორგ. მჟავების ზეგავლენით. ქანების გახსნასთან ერთად ხდება მათი მექან. გადარეცხვა და წარმოიქმნება კ-ის ზედაპირული და მიწისქვეშა ფორმების კომპლექსი (კარები, ძაბრები, ქვაბულები, ბრმა ხეობები, პოლიეები, ჭები, შახტები, უფსკრულები და სხვ.). კარსტვად ქანებში, განსაკუთრებით ნაპრალების გასწვრივ, ყალიბდება მიწისქვეშა სიცარიელეები, მღვიმეები. მსოფლიოში უგრძესი მღვიმური სისტემაა ფლინტ-მამონტი (ჯამური სიგრ­ძე 590,6 კმ, სიღრმე 115 მ; აშშ).

სა­ქარ­თვე­ლო­ში „სა­ქართვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრის" მიხედვით რეგისტრირებული 826 ვერტიკალური მღვიმიდან 100 მ-მდე სიღრმისაა 724 მღვიმე; 101 მ-იდან 500 მ-მდე – 88; 501 მ-იდან 1000 მ-მდე – 7; 1000 მ-ზე ღრმაა 7 მღვიმე. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უღრ­მესი (>1000 მ) კარსტული უფს­კრულების პირველი ათეულიდან 4 საქარ­თვე­ლო­შია. ესენია: კრუბერის უფსკრული, ილუზია-თოვლიანმეჟენის მღვიმური სისტემა, უფსკრული "სარმა", პანტიუხინის სახელობის უფსკრული, ამათგან კრუბერის უფსკრული უღრმესია არა მარტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე  ზ., წ ი ქ ა რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი  ჯ., სა­ქართვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009; Г в о з д е ц к и й  Н. А., Карст,М., 1981; К и к н а д з е  Т. З., Т а т а ш и д з е  З. К., Ц и к а р и ш в и л и  К. Д. и др., Атлас карстовых пещер Грузинской ССР, Тб., 1990; Т и н т и л о з о в  З. К., Карстовые пещеры Грузии (Морфологический анализ), Тб., 1976.