კარტოგრაფია (ბერძნ. χάρτης – საწერი ფურცელი ან პაპირუსის გრაგნილი და γράφειν – ვწერ, ვხაზავ, ვხატავ), მეცნიერება ობიექტური რეალობის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის დროში ცვალებადობის შესახებ. ეს კონკრ. სივრცე, როგორც ობიექტური რეალობის საგნებისა და მოვლენების ურთიერთგანლაგების ერთობლიობა, სამგანზომილებიანია. მისი ასახვისათვის კ. იყენებს სპეციფ. ხელოვნურ ნიშნობრივ სისტემას – „რუკის ენას" და სპეციფ. მეთოდს – კარტოგრაფიულ მოდელირებას. კარტოგრაფიული შემეცნების შედეგს წარმოადგენს საკვლევი სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელი, რასაც მეცნიერებასა და საზ. პრაქტიკაში რუკა ეწოდება (იხ. გეოგრაფიული რუკები), შესაბამისად, კ. და რუკები ორ ჯგუფად იყოფა – დედამიწისეული და კოსმოსური. პირველში შედის გეოგრ. კ. და გეოგრ. რუკები, მეორეში – ასტრონ. კ. და ასტრონ. რუკები.
გეოგრ. რუკების ათვლის სივრცით სისტემად მიჩნეულია დედამიწის საკოორდინატო გრადუსთა ბადე (მერიდიანებისა და პარალელების გამოსახულება სიბრტყეზე), რ-იც რუკის მათ. საფუძველს წარმოადგენს და მიიღება გარკვეული კარტოგრაფიული პროექციის დახმარებით.
გეოგრაფიულ ობიექტებს (ოკეანე, ხმელეთი, ჰიდროგრ. ქსელი, რელიეფი, დასახლ. პუნქტები, ატმ. მოვლენები, მოსახლ. ეროვნ. შემადგენლობა და სხვ.) რუკაზე კარტოგრაფიული ბადის მიმართ ზუსტად ისეთივე გამოსახულება აქვს, როგორც სინამდვილეში. ეს არის სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელის უნიკალური თავისებურება, რაც მას დიდ მეცნ. და პრაქტ. მნიშვნელობას ანიჭებს.
გეოგრ. კ-თვის მნიშვნელობა აქვს გეოდ. მონაცემებს დედამიწის ფორმისა და ზომების შესახებ, საყრდენი წერტილების კოორდინატებსა და აეროფოტოგადაღების მასალას, რ-თა საფუძველზე მიიღება დედამიწის ყველა რუკის პირველი წყარო – ტოპოგრაფიული რუკა, რ-საც შეისწავლის ზოგადი გეოგრაფია და კ. ამ თვალსაზრისით კ. მიეკუთვნება ტექ. მეცნიერებათა ციკლს, ხოლო ობიექტური სინამდვილის გარკვეული მხარის კარტოგრაფიული მეთოდით გამოკვლევის პროცესში კ. უკავშირდება საბუნებისმეტყველო და საზ. მეცნიერებებს. ამ კავშირის საფუძველზე იქმნება თემატური კ-ის დარგები: გეოლ., გეომორფოლოგიური, კლიმატური, ლანდშაფტური, ეკონ., ისტ. და სხვ.
კ-ის შემადგენელი სამეცნ. დისციპლინებია: კარტოგრაფიის ზოგადი თეორია – მოძღვრება საგანზე, მეთოდსა და რუკის ენაზე; რუკათმცოდნეობა – მოძღვრება რუკისა და მისი ანალიზის, კარტოგრაფიული წყაროთმცოდნეობის, რუკათა კლასიფიკაციის, ისტორიისა და მათი გამოყენების შესახებ; მათემატიკური კ. – მოძღვრება კარტოგრაფიულ პროექციებზე; რუკათშედგენა და რედაქტირება – რუკათა შექმნის თეორიული საფუძველი და ტექნოლოგია, რ-იც მოიცავს აგრეთვე რუკის გაფორმების ხელოვნებას (კარტოგრაფიული დიზაინი); კარტომეტრია – მოძღვრება რუკებზე ობიექტური სინამდვილის, საგნებისა და მოვლენების გაზომვების შესახებ.
კარტოგრაფიული რუკებისა და ატლასების გამოცემა ხდება სპეციალურ პოლიგრაფიულ საწარმოებში.
უძველესი კარტოგრაფიული გამოსახულებანი, რ-ებმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, შექმნილია ბაბილონში, ეგვიპტესა და ჩინეთში. პირველი რუკები, რ-ებშიც გათვალისწინებულია დედამიწის სფერული ფორმა, ძვ. საბერძნეთს ეკუთვნის. კლავდიოს პტოლემეს "გეოგრაფიის სახელმძღვანელო" (II ს.) არსებითად რუკათშედგენის წესთა კრებულს წარმოადგენს 27 რუკით.
შუა საუკუნეებში ნაოსნობისა და კოლონიზაციის განვითარებას მოჰყვა რუკების, გლობუსებისა და ატლასების შექმნის ინტენს. პროცესი. იმ დროს „კ-ის" ცნება არ არსებობდა, გეოგრაფიასა და ასტრონომიასთან ერთად იგი კ ო ს მ ო გ რ ა ფ ი ა დ მიიჩნეოდა. კ-მ კულმინაციურ განვითარებას გ. მერკატორის (XVI ს.) ნაშრომებში მიაღწია.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ისტ. წყაროები მიგვანიშნებს კარტოგრაფიული სამუშაოების საწყისებზე. ჩვენამდე მოღწეულია არჩილ IIის მიერ შედგენილი საქართველოს რუკა (1703), კავკასიის რუკა (1723), რ-ის შედგენაში გამოყენებული იყო ს.-ს. ორბელიანის მიერ მოპოვებული მასალები და ტ. გაბაშვილის მიერ შედგენილი "ლიხთ-იმერეთის რუკა" (1737). ვახტანგ VI პირადად მუშაობდა საქართველოსა და სომხეთის რუკების შედგენაზე.
აღსანიშნავია ქართული მეცნიერული გეოგრ. და კარტოგრაფიის ფუძემდებლის, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი საქართველოსა და მისი მომიჯნავე ქვეყნების სამი ატლასი (1735 და 1745) და იმავე საუკუნის 40–50-იან წლებში ქართულ და რუს. ენებზე შესრულებული 9 რუკა.
XIX ს-ში გეოგრ. მეცნიერებას გამოეყო რუკათშედგენის დარგი, რ-საც „კარტოგრაფია" ეწოდა, მაგრამ მეცნიერებად მხოლოდ მათ. კ. ითვლებოდა, ხოლო ყველა დანარჩენი კ. რუკათშედგენის ხელოვნებად იყო მიჩნეული.
1924 ა. ჯავახიშვილის ინიციატივით გეოგრ. საზ-ბასთან შეიქმნა კარტოგრაფიის ინ-ტი, რ-იც შემდგომში გეოგრ. ინ-ტად გადაკეთდა.
1936 თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგიის ფაკ-ტზე დაარსდა ტოპოგრაფიაკარტოგრაფიის კათედრა, რ-საც ხელმძღვანელობდა გეოგრაფკარტოგრაფი ს. ცხაკაია. მას ა. ჯავახიშვილთან ერთად მრავალი გეოგრ. რუკა აქვს შედგენილი, მ. შ. კავკასიის ოროგრაფიული, ჰიფსომეტრიული, გეოლოგიური, პოლიტ.-ადმინისტრაციული და სხვ.
მრავალი ქართული რუკისა და ატლასის შედგენა-გაფორმებაში 1932-იდან აქტიურად მონაწილეობდა კარტოგრაფი მ. ქავთარაძე.
კ-ის, როგორც მეცნიერების, ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის გეოგრაფ-კარტოგრაფს ა. ასლანიკაშვილს. აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური მეცნ. შრომები: "კარტოგრაფია. ზოგადი თეორიის საკითხები" (1968) და „მეტაკარტოგრაფია" (1974), რ-ებშიც მოცემულია კ-ის, როგორც მეცნიერების განსაზღვრება. ა. ასლანიკაშვილმა „მეტაკარტოგრაფიაში" განიხილა კარტოგრაფიის სემიოტიკური ასპექტები, რის გამოც კარტოსემიოტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად აღიარეს.
კ-ის დარგის განვითარებასა და სასწ.-სამეცნ. საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით კარტოგრაფებს: ნ. ბერუჩაშვილს, თ. გორდეზიანს, ც. ვაშაკიძეს, ჯ. კეკელიას, გ. ლიპარტელიანს, ი. ქართველიშვილს, ვ. ჭეიშვილს და სხვებს.
ქართ. კ-ის ღირსშესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენს „საქართველოს სსრ ატლასი" – პირველი ეროვნული ატლასი (1964; საქართვ. სახელმწ. პრემია; 1971), შედგენილი ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში. ამავე ინ-ტში შეადგინეს და გამოსცეს „საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასი" (1992; საქართვ. სახელმწ. პრემია; 1994).
1997 ვახუშტი ბაგრატიონის დაბადებიდან 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიბეჭდა გეოგრაფიის ინ-ტში მომზადებული ვახუშტი ბაგრატიონის „საქართველოს ატლასი". 2012 იმავე ინ-ტმა შეადგინა და გამოსცა „საქართველოს ეროვნული ატლასი"; 2003 ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტმა – „საქართველოს ისტორიის ატლასი" (მისი განახლებული გამოცემა განხორციელდა 2016), ხოლო 2018 თსუ-მა და ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტმა – „საქართველოს გეოგრაფიული ატლასი".
კარტოგრაფიულ პროდუქციას უშვებს თბილ. კარტოგრაფიული ფაბრიკა (იხ. სტ. "კარტოგრაფია").
ლიტ.: ა ს ლ ა ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი ა., კარტოგრაფია. ზოგადი თეორიის საკითხები, თბ., 1968; ლ ი პ ა რ ტ ე ლ ი ა ნ ი გ., ლ ი პ ა რ ტ ე ლ ი ა ნ ი დ., გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი, თბ., 2012; ს ა მ ა დ ბ ე გ ო ვ ი ა., კარტოგრაფიის საფუძვლები, თბ., 1977; ც ხ ა კ ა ი ა ს., კარტოგრაფია, თბ., 1962; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980; А с л а н и к а ш в и л и А. Ф., О предмете познания картографии, «თსუ შრომები», 1972, ტ. 144; მისივე, Метакартография, Тб., 1974; С а л и щ е в К. А., Предмет и метод картографии (некоторые современные взгляды), «Вестник МГУ. География», 1970, №2; მისივე, Картоведение, З изд ., M., 1990.
ა. ასლანიკაშვილი
ც. ვაშაკიძე