კარტოფილი, (გერმ. Kartoffel), მრავალწლოვანი მცენარე, გორგლიანი სახეობები Solanum-ის გვარის (Tuberium-ის სექციის), ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა (Solanaceae). გავრცელებულია 200-მდე ველური და კულტ. სახეობა. კულტურაში დანერგილია უმთავრესად 2 მონათესავე სახეობა: ანდიური კ. (S. andigenum) და ჩილური კ. (S. tuberosum). გვხვდება ზომიერი ჰავის ქვეყნებში. მისი სამშობლო სამხრ. ამერიკაა (ჩილეს, პერუსა და ბოლივიის მთიანი რაიონები). კ-ის ნათეს ფართობს მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია პურეულისა და ბამბის შემდეგ.
კ-ის ფესვი ფუნჯაა, სუსტად განვითარებული. ბუჩქის სიმაღლე 50–80 სმ აღწევს, შედგება 3–6 ღეროსაგან. გორგლი ღეროს მიწისქვეშა სახეცვლილებაა. მის ზედაპირზე, ჩაღრმავებებში, 3–4 კვირტიანი თვლები ზის. გორგლის ფორმა შეიძლება იყოს მომრგვალო, წაგრძელებული, ოვალური და სხვ.; გარეგანი შეფერილობა და რბილობის ფერი – თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და ლურჯი. ფოთოლი კენტფრთისებრგანკვეთილია, აქვს ნაკვთები და ნაკვთულები, ფერად მომწვანო-მოყვითალო ან მუქი მწვანეა. ყვავილი ხუთწევრიანია, თეთრი, მოწითალო-იისფერი ან მოლურჯო-იისფერი. ნაყოფი სფეროსებრი ან ოვალური კენკრაა, აქვს ძალიან წვრილი თესლი (1000 ცალი 0,5–0,6 გ იწონის).
კ. მრავლდება ვეგეტატიურად – გორგლით (სელექციის მიზნით – თესლით). კ. ზომიერი ჰავის მცენარეა და კარგად ხარობს ტენიან და გრილ ადგილებში, ამიტომ მთიან რეგიონებში კ-ის ზრდა-განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელი პირობებია, მოსავლიანობაც მაღალია და ვირუსული დაავადებებიც ნაკლებია. გამოყენების თვალსაზრისით არსებობს სასუფრე, საკვები და უნივერსალური კ.; ვეგეტაციის მიხედვით არჩევენ საადრეო, საშ. და საგვიანო ფორმებს.
კ. კულტურაში შემოიტანეს სამხრ. ამერიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 9–7 ათ. წლის წინათ, ევროპაში (ესპანეთში) – დაახლ. 1565, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი კ-ის ნათესები პირველად XIX ს. 20-იან წლებში გაჩნდა თბილისის ახლომახლო. 1913 კ-ის ნათესებმა 6200 ჰა მიაღწია. 1975 სათესი ფართობი 28 ათ. ჰა აღემატებოდა. XX ს. 70-იან წლებში ფართოდ გავრცელდა საადრეო კ-ის მოყვანა უმთავრესად ბოლნისის რ-ნში. საქართველოში კ-ს თესავენ ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრი წყაროს, ხულოს, შუახევის მუნიციპალიტეტებში, მოჰყავთ მთაშიც (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სვანეთი, რაჭა და სხვ.), ზ. დ. 2200–2300 მ-მდე. ახალქალაქში, ახალციხესა და წალკაში მოსავალი მეტია. საქართველოში მოჰყავდათ და მოჰყავთ როგორც საადრეო, ასევე საგვიანო კ. ბარის ზონაში კ-ს თესავენ ზაფხულშიც, თავთავიანი პურეულის აღების შემდეგ და მეორე მოსავალს იღებენ. ამ ზონაში (ზ. დ. 500 მ-მდე) საადრეო მოსავლის მისაღებად კ. შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც – ნოემბერში. ახლო წარსულში საქართველოში მოჰყავდათ კ-ის ჯიშები: მაჟესტიკი, თრიალეთური, სახალხო, ლორხი, ეპიკურე, ვოლჟსკი, ოგონიოკი და სხვ. 2000-იდან გასავრცელებლად დაშვებულია და ფერმერებს მოჰყავთ შემდეგი ჯიშები: დეზირე, პალმა, კოსმოსი, პიკასო, იმპალა, სანტე, ნევსკი, ტემპო, რედსკარლეტი, იზორა და სხვ.
კ-ის ტუბერი საშუალოდ შეიცავს 76,3% წყალს, 23,7% მშრალ ნივთიერებას, მ. შ. 17,5% სახამებელს, 0,5% შაქარს, 1–2% ცილას, 1%-მდე მინერ. მარილებს, აგრეთვე C, B1, B2, B6, PP და სხვ. ვიტამინებს. კ. ადამიანის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია. საადრეო კ. გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით. ის 2–3-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ტუბერები, რ-ებიც ზამთარში ინახება. კ. საქონლის საკვებიცაა, ნედლეულია ბადაგის, დექსტრინის, გლუკოზის, მალტოზას, სპირტის და სხვა ნივთიერებების მისაღებად, გამოიყენება საფეიქრო მრეწველობაში, ქაღალდისა და მედიკამენტების წარმოებაში და სხვ.
ამჟამად, კ-ის სტერილურ მასალას, ქსოვილის კულტურის "in vitro" მეთოდის გამოყენებით, ამუშავებს სსიპ სოფ. მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრის წილკნის ლაბორატორია. მიღებული სარგავი მასალა თავისუფალია ვირუსებისაგან, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენი ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა საკუთარი პროდუქციით დავაკმაყოფილოთ საქართვ. მოსახლეობის მოთხოვნილება კ-ზე, რისი განხორციელებაც, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გახდება შესაძლებელი.
ლიტ.: ბ ა დ რ ი შ ვ ი ლ ი გ., კარტოფილის კულტურა საქართველოში, თბ., 1963; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ა., მემცენარეობა, თბ., 1975; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ვ., მებოსტნეობა, თბ., 2016.
გ. ბადრიშვილი
ვ. ჯაფარიძე