კარჩხანა, კარასი (Carassius carassius, Linnaeus, 1758), თევზი კობრისებრთა ოჯახიდან (Cyprinidae Fleming, 1822), კარჩხანების გვარისა (Carassius Jarocki, 1822). მაქსიმალური სიგრძე – 45 სმ, მასა – 1–3 კგ. ბინადრობს მტკნარ და მარილიან წყლებში. სქესობრივად მწიფდება 4 წლის ასაკიდან. ნაყოფიერება 300000 ქვირითია, ტოფობს მრავალჯერ.
ახალგაზრდა თაობა იკვებება პლანქტონით, მოზარდი კ-ები – მცენარეული და ცხოველური საკვებით. გავრცელებულია ევროპაში, ინტროდუცირებულია მრავალ ქვეყანაში, მ. შ. საქართველოშიც. უარყოფით ზეგავლენას ახდენს წყლის ეკოსისტემებზე (თევზების კონკურენცია კვებისა და გამრავლების ადგილებში). მცირე სარეწაო მნიშვნელობისაა. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მხრიდან საჭიროებს ზრუნვას (LC).
ლიტ.: ნ ი ნ უ ა ნ., ჯ ა ფ ო შ ვ ი ლ ი ბ., ბ ო ჭ ო რ ი შ ვ ი ლ ი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013.
ნ. ნინუა