კარჯინის ზარაფხანა, ლითონის ფულის მოსაჭრელი სახელოსნო, რომელიც ფუნქციონირებდა ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე. მისი არსებობის ფაქტი ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით დაადგინა ც. ღვაბერიძემ. დღეისათვის ცნობილია კ. ზ-ში მოჭრილი 5 მონეტა. 1 დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმის ნუმიზმატიკის განყ-ბის განძის ფონდში (№5549), 3 ც. – ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი) და 1 ც. – სომხეთის ისტ. მუზეუმში (ერევანი). მათი ემისიის თარიღია ჰიჯრით 749–750 (1348/49–50). ყველა მათგანი მოჭრილია ილხან ანუშირვანის (1344–53) სახელით. ვინაიდან ჩრდ. ოსეთის ტერიტორია ოქროს ურდოს იურისდიქციას ექვემდებარებოდა, პარადოქსულად გამოიყურება ის ფაქტი, რომ კ. ზ. და ალაგირის ზარაფხანაც სამონეტო ემისიას აწარმოებდა ჰულაგუიდების სახელით. ც. ღვაბერიძე ამას იმით ხსნის, რომ გიორგი ბრწყინვალისა (1318–46) და დავით IX-ის (1346– 60) დროს ჩრდ. ოსეთი ემორჩილებოდა საქართველოს, სადაც მონეტების ემისია ილხანთა სახელით ხორციელდებოდა. ამიტომაც დამორჩილებული რეგიონის ზარაფხანებშიც საერთო ჰულაგუიდური ტიპის მონეტები მოიჭრა.
ლიტ.: დ უ ნ დ უ ა გ., ჯ ა ლ ა ღ ა ნ ი ა ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ღ ვ ა ბ ე რ ი ძ ე ც., კარჯინის ზარაფხანა, «ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1976, ტ. 32B.