კასიდა

კასიდა, აღმოსავლური პოეზიის ჟანრი. ჩა­მო­ყა­ლიბ­და არაბ. ლიტ-რაში VI ს-ში. ტრად. კ. შედგება ერთიანი რითმითა (მონორითმი) და მეტრით გაწყობილი 20-იდან 200-მდე ბაითისაგან. ყოველი ბაითი ლოგიკურად დასრულებული ნაწყვეტია. თავისი ბუნებით კ. სინკრეტულია. იგი იწყება ლირ. ნაწილით – ნასიბით, რ-შიც პოეტი მიტოვებული სადგომის დანახვაზე მისტირის სატრფოსთან ერთად აქ გატარებულ დღეებს. მომდევნო ნაწილში (ვასფი) აღწერილია პოეტის მოგზაურობა, ბუნება, მისი აქლემის ან ცხენის თვისებები და სხვ. მესამე ნაწილში პოეტი ხოტბას ასხამს თავის ტომს, ბელადს (მადჰი) ან საკუთარ ღირსებებს (ფახრი), შემდგომ ისტ. პერიოდში – მფარველ ფეოდალს. ეს ნაწილი ხშირად სატირულია, მიმართულია პოეტის ან მისი მფარველის მტრების წინააღმდეგ (ჰიჯა – დაცინვა). კ-ის შემადგენელი ნაწილია ხამრიათიც – ღვინის თემა. დროთა განმავლობაში ზოგი ნაწილი და თემა დამოუკიდებელ ჟანრად იქცა. კ. ადრე გავრცელდა ირანში, თურქეთსა და აღმ. სხვა ქვეყნებში. არსებითი ცვლილება განიცადა ნასიბმა, რ-იც ეროვნ. შინაარსით დაიტვირთა (მაგ., რუდაქი, ხაკანი).

კ-ის ჟანრი გამოყენებული აქვს თავის ლირ. სახოტბო და სატირულ ლექსებში ქართული წარმოშობის ირანელ პოეტს თალებ შირაზი გორჯის.

ლიტ.: Б е р т е л ь с  Е. Э., История персидско-таджикской литературы, Избр. труды, [т.] 1, М., 1960; B r o c k e l m a n n  C., Geschichte der arabischen Literatur, 2. Aufl., Bd. 1–2, Leiden, 1943–49.