კასლანძია ლეუარსან შარდინის ძე [25. V. 1912, სოფ. კუტოლი (ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი), – 1996], აფხაზი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1954). 1929–33 სწავლობდა სოხუმის თეატრ. სტუდიაში. 1931-იდან სოხუმის თეატრის აფხაზური დასის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოტელო (უ. შექსპირის „ოტელო"), დაური (დ. გულიას „გმირის კლდე"), გიორგი (ვ. გაბესკირიას „სამი მეგობარი"), ჯემალი (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები"), თარაში (გ. გაბუნიას „მზის ამოსვლის წინ"), მაცი (ს. ჭანბას „კერაზი"), მოხუცი (მ. კოვეს „კეხხაჯარათი"), კომისარი და კონტრადმირალი (ა. კორნეიჩუკის „ესკადრის დაღუპვა"), განდეგილი რაში (ს. ჭანბას „ახმაჯირი"), ბაროვსკი (ბ. ლავრენიოვის „ვინც ზღვაშია"), კაკუტა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი"), უჩა (ვ. პატარაიას „უჩა უჩარდია"), შაბატი (ბ. შინკუბას „კლდის სიმღერა"), მეფე (ე. შვარცის „შიშველი მეფე"), მუროვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი"), არდაშელი (ა. ლასურიას „სპეტაკი სიყვარული"), რაული (გ. მდივანის „კეთილი ნების ადამიანები"), რეჯებ ბეი (ნ. ჰიქმეთის „ახირებული"), იაკობი (ქ. აგუმას „დიდი მიწა") და სხვ. კ-ს შემოქმედება გამოირჩეოდა ფართო დიაპაზონით. ის ერთნაირი სიძლიერით ქმნიდა დრამატულ, სახასიათო და კომედიურ სახეებს. მისი სცენური გმირები სხვადასხვა ეროვნების, მსოფლშეგრძნებისა და სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანები იყვნენ, გამოირჩეოდნენ სულიერი სიძლიერით, ჰუმანურობით, სამართლიანობისათვის ბრძოლის სულისკვეთებით და მიზნისაკენ დაუოკებელი ლტოლვით.
ლიტ.: ა რ გ უ ნ ი ა., ლეუარსან კასლანძია, თბ., 1970.