კასპის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში (შიდა ქართლის რეგიონი). ჩრდ-ით ესაზღვრება ახალგორის, აღმ-ით – დუშეთისა და მცხეთის, სამხრ-ით – თეთრი წყაროსა და წალკის, დას-ით – გორის მუნიციპალიტეტები. ფართ. 803,2 კმ ². მოსახლ. 43,8 ათ. კაცი (2014). ცენტრი – ქ. კასპი. მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი, 74 სოფელი, 1 სათავო სოფელი (ხოვლე), 15 თემი: აღაიანის, ახალქალაქის, ახალციხის, დოესის, ზემო ხანდაკის, თელიანის, კავთისხევის, კოდისწყაროს, ლამისყანის, მეტეხის, ოკმის, სამთავისის, ქვემო გომის, ქვემო ჭალის, წინარეხის.
ბუნება. კ. მ-ის მთავარი ოროგრაფიული ერთეულია თრიალეთის ქედი (მთა ობოლი კლდე, 2022 მ). მუნიციპალიტეტის ფარგლებში შედის ქედის ჩრდ. კალთა. იგი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული ზედაცარცული (შუა კალთებზე – კარბონატული) და მესამეული ასაკის ქანებით (თიხა, ქვიშაქვა, მერგელი, ალაგ-ალაგ – ვულკანოგენური წყება). კალთაზე კარგად არის გამოხატული საშ. სიმაღლის მთა-ხეობათა რელიეფი და საფეხურებრივად განლაგებული მოვაკებული ზედაპირები, ხოლო დაბლა სერებიან-ბორცვიანი მთისწინეთია. მუნიციპალიტეტის შუა ნაწილი უჭირავს მეოთხეული ალუვიური ნალექებით აგებულ მტკვრისპირა ტერასულ ვაკეს. იგი დანაწევრებულია ხევ-ხეობებით, რ-თა ბოლოებში გამოზიდვის ფართო კონუსებია. ვაკის ჩრდ-ით ზედამიოცენურ-ქვედაპალეოცენური მოლასური წყებებით აგებული მონოკლინური სერია – კვერნაქები (მთა წლევი, 1097 მ), რ-იც გაკვეთილია ლეხურისა და ქსნის ხეობებით. ხშირია ხევ-ხრამები, კვერნაქების თხემზე შემორჩენილია მოვაკებული ზედაპირები და ტერასები. სამხრ. კალთაზე განვითარებულია ბედლენდები (უნაყოფო ნიადაგი). არის ხელოვნური გამოქვაბულებიც. კვერნაქის სერის ჩრდ-ით მდებარეობს პლეისტოცენური ფხვიერი ნალექებით აგებული ტირიფონისა და მუხრან-საგურამოს ვაკეები, რ-თა შუაში აღმართულია იგოეთის ამაღლება. მუნიციპალიტეტის უკიდურესი ჩრდ. ნაწილი უჭირავს სარმატული და მეოტურ-პონტოური თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით აგებულ სერებიან-ბორცვიან და გამოზიდვის კონუსებიან მთისწინეთს.
მუნიციპალიტეტის უმთავრესი წიაღისეულია მერგელები, თეძმის ტუფი, ბენტონიტური თიხა (ხოვლის მიდამოები), სააგურე და საკრამიტე თიხები (მდ. ქსნის ქვემოწელში და მეტეხთან), გოგირდწყალბადიანი წყლები (სოფ. ხოვლესთან).
ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. კარგად არის გამოხატული ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა. მუნიციპალიტეტის ვაკე ნაწილში ზომიერად თბილი, სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთებზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. ჰაერის საშ. წლ. ტემპრა 11,4 °C-იდან (კასპში) 0 °C-მდეა (თრიალეთის ქედის თხემზე), შესაბამისად, იანვ. საშ. ტემპ-რა 0,5 °C-იდან –6 °C-მდე, აგვ. 23 °C და 10–11 °C. აბსოლ. მინ. –30 °C, აბსოლ. მაქს. 40 °C. ბარში ნალექების რაოდენობა 500–550 მმ წელიწადში, მთაში – 600–700 მმ. ნალექების მაქს. მაისშია (110 მმ), მინ. – იანვარში (25 მმ). ზაფხული გვალვიანია. გაბატონებულია დას. და აღმ. ქარები. მთიან ნაწილში ხშირია მთა-ხეობათა ქარები.
მუნიციპალიტეტს თითქმის შუაზე კვეთს მდ. მტკვარი. მისი შენაკადებიდან მთავარია: მარცხნიდან – ქსანი და ლეხურა, მარჯვნიდან – თეძამი და კავთურა. მდინარეები შერეული საზრდოობისაა, ჭარბობს წვიმის წყლით საზრდოობა. მდინარეებს იყენებენ ენერგეტ. მიზნებისათვის და სარწყავად.
მტკვრისპირა და მუხრანის ვაკეებზე, აგრეთვე მთავარ მდინარეთა ხეობების ძირზე კარბონატული და უკარბონატო ალუვიური ნიადაგებია, ვაკის ტენიან უბნებში – მდელოს კარბონატული ნიადაგი, მთისწინეთსა და თრიალეთის ქედის კალთების ქვემო ნაწილში – ტყის ყავისფერი, შუა და ზემო ნაწილში – ტყის ყომრალი ნიადაგი. თხემურ ზოლში კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია. კვერნაქების სამხრ. კალთასა და მდინარეთა ხევ-ხეობების ციცაბო ფერდობებზე სუსტად განვითარებული, მცირე სისქის, ზოგან ძლიერ ჩამორეცხილი ნიადაგია.
მუნიციპალიტეტის ვაკის მდინარეთა ჭალებსა და ჭალისზედა ტერასებზე შემორჩენილია ჭალის ტყეები. ძირითადი ჯიშებია: ტირიფი, ვერხვი, ოფი, მურყანი, ჭალის მუხა; ქვეტყეში გვხვდება კუნელი, ქაცვი, მგლისყურძენა და სხვ. ტერიტ. დიდი ნაწილი უჭირავს ჯაგეკლიან სტეპს, მათი მთავარი შემქმნელია ძეძვი, შავჯაგა, გრაკლა, კვრინჩხი, კუნელი; აქა-იქ გვხვდება აკაკი, ქართული მუხა. ბალახეულიდან გავრცელებულია ურო, წივანა, ურცი, იორდასალამი და სხვ. მთების ქვემო კალთებზე მუხნარი და რცხილნარია, იზრდება აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, პანტა, მაჟალო და სხვ. ტყეების დიდი ნაწილი გაჩეხილია.
თრიალეთის ქედის შუა კალთებზე წიფლნართან ერთად იზრდება იფანი, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი; ქვეტყეში – თხილი, უცვეთელა, ჭანჭყატი და სხვ. ამავე ზონაში მცირე კორომებად ნაძვნარი და ნაძვნარ-სოჭნარია, ტყის ზემო საზღვრის გასწვრივ – ტანბრეცილი წიფლის, არყის, მაღალმთის ბოყვისა და მუხის სუბალპ. ტყეები. თრიალეთის ქედის თხემი შემოსილია მეორეული მთის მდელოებით.
ცხოველთაგან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება შველი, კვერნა, მაჩვი, მგელი, მელა, ტურა, მურა დათვი; ბევრია მღრღნელები: ციყვი, თაგვი, ზაზუნა, კურდღელი, ღამურა, ზღარბი, თხუნელა, ბიგა; ფრინველთაგან – ყორანი, ყვავი, კაჭკაჭი, ჩხიკვი, შოშია, ტოროლა, კოდალა, გუგული და სხვ.; ქვეწარმავლებიდან – კუ, გველგესლა, ანკარა; ამფიბიებიდან – ბაყაყი, გომბეშო, ტრიტონი. მდინარეებში ვხვდებით კალმახს, ხრამულს, ტობს და სხვ. ძირითადი ლანდშაფტები: 1. ჭალები ძირითადად ჭალის მცენარეულობით, ალუვიური ნიადაგით; 2. დახრამული ტერასული ვაკე ჯაგეკლიანი და სტეპური მცენარეულობით, ალუვიური და ყავისფერი ნიადაგებით; 3. ხევ-ხეობები ციცაბო (ალაგ-ალაგ ბედლენდური) ფერდობებით, ფრიგანოიდული, სტეპური და კლდის ქსეროფილური მცენარეულობითა და ჩამორეცხილი ნიადაგით; 4. ხევხრამიანი მთისწინეთის კალთები, ჯაგეკლიანი და სტეპური მცენარეულობით, ტყის ყავისფერი ნიადაგით; 5. მთისწინეთის კალთები ჯაგრცხილნარ-მუხნარით და ჯაგეკლიანებით, ტყის ყავისფერი ნიადაგით; 6. ბორცვიანი მთისწინეთი ჯაგეკლიანებით და ჯაგრცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერი ნიადაგით; 7. დაბალი მთები რცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერი და ტყის ყომრალი ნიადაგებით; 8. საშ. მთები (მოსწორებული ზედაპირების უბნებით) წიფლით, ზოგან ნაძვნარ-ფიჭვნარით, ტყის ყომრალი ნიადაგით; 9. სუბალპ. ტყეები და მდელოები, მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებით.
მოსახლეობა. მოსახლ. 86,5% ქართველია, ცხოვრობენ აგრეთვე აზერბაიჯანელები (8,1%), ოსები (3,9%) და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 500–800 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 54,5 კაცი 1 კმ 2-ზე (2014).
მეურნეობა. სოფ. მეურნ. ძირითადი დარგებია მევენახეობა, მეხილეობა და მარცვლეულის მეურნეობა, განვითარებულია აგრეთვე მეცხოველეობა. სას.-სამ. სავარგულს უჭირავს მუნიციპალიტეტის ფართობის დაახლ. 40%. ძირითადად მოჰყავთ მარცვლეული (ხორბალი), პარკოსანი და საკვები კულტურები. მნიშვნელოვან ფართობზეა ვენახისა და ხეხილის ნარგავები. მეცხოველეობაში წამყვანია მესაქონლეობა. განვითარებულია მეფრინველეობა.
მრეწველობაში წამყვანია საშენ მასალათა წარმოება. ადგილ. მერგელების ბაზაზე მუშაობს კასპის ცემენტის ქარხანა, მნიშვნელოვანია სს „კასპიელექტროაპარატის", კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაარსებული შპს „თიემთის" და შპს „ჯორჯიან პლასტიკ პაიპსის" (მეტეხის პოლიეთილენის მილების ქარხანა) მიერ დამზადებული პროდუქცია. მუნიციპალიტეტს აღმ-იდან დას-კენ კვეთს სარკინიგზო მაგისტრალი და ავტობანი თბილისი–სარფი.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, ბ-კები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (კასპი), ივ. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი (სოფ. ხოვლე). მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს "გინიკა".
ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები: იდლეთის იოანე ნათლისმცემლის (VI ს.), იკვის წმ. გიორგის (XI ს. II ნახ.), კაბერის (X–XI სს.) ეკლესიები, სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარი (XI ს.), ქვათახევის მონასტერი (XII–XIII სს. მიჯნა), მაღალაანთ ეკლესია (XII ს. დასასრ.) წინარეხის მიდამოებში. რკონის სამონასტრო ანსამბლის ბაზილიკა (ადრინდ. შუა საუკუნეები) და ეკლესიები (განვითარებული შუა საუკუნეები), მეტეხის (XIII ს.), ერთაწმინდის წმ. ესტატეს (XIII ს.) ეკლესიები, გუდალეთის ღვთისმშობლის ტაძარი (XIII–XIV სს. მიჯნა), გიორგი სააკაძის კოშკი (XVII ს.) ნოსტეში, სხვილოს ციხე (შუა საუკუნეები), აღაიანის წმ. ნინოს (VII–VIII სს.), წმ. გიორგის (XIX ს.) ეკლესიები.
ქ. კასპში დგას გიორგი სააკაძის ძეგლი (1971, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), II მსოფლიო ომში და საქართვ. ტერიტ. მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალები.
ქ. ჯაყელი
ვ. ჯაოშვილი
თ. გერსამია