კასრაძე გიორგი (გივი) ამირანის ძე (დ. 27. II. 1929, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკ-ტი (1955). საქართვ. დამს. მხატვარი (1979). 1971–2016 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში (2003 – პროფესორი). 1955-იდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. 1959-იდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". არის რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი თოჯინური ფილმებისა: „ცნობისმოყვარე" (1970), „მგელი და კრავი" (1979), „კომბლე" (1988) და სხვ. კ-ის ნამუშევრები: ნატიურმორტების სერია – „ფერწერული პრობლემები", „თეთრი ნატიურმორტი", „თეთრი ქილა ბროწეულით", „სამი განზომილება", „თუნგი თეთრი ხალიჩის ფონზე" და სხვ. (1955–99); პეიზაჟები – „ზამთარი", „თოვლი", „მთვარიანი დღე" და სხვ. (1960– 70); პორტრეტები – „თუში ქალი", „თუში მამაკაცი", „კოსტა", „ლუხუმი", „ზურაბ ქაფიანიძე", მეუღლის პორტრეტები, ავტოპორტრეტები და სხვ. (1960–70). გამოფენები: გალერეა თMშ (1996), ქართველ მხატვართა გამოფენები (1996, დიჟონი, საფრანგეთი; 1997, მოსკოვი), „ქართული ნახატის გამოფენა" (2015, გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრი) და სხვ. პერსონალური გამოფენები: „100 ნახატი"(1996, საქართველოს ეროვნული გალერეა), თანამედროვე ხელოვნ. გალერეა (1997), გალერეა „ჰობი" (2003). გაფორმებული აქვს წიგნები: „ნიალის საგა", „რამაიანა", „გილგამეში". მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, აშშ-ის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, იაპონიის, რუსეთისა და საქართველოს კერძო კოლექციებში.