კასრისკარი

კასრისკარი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, სასაზღვრო სიმაგრე კასრის ხეობაში, მდ. არდონის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ ქვემო ზრამაგიდან მე-8 კმ-ზე. ისტ. წყაროებში და­ცუ­ლია ცნობები V–VI სს-ში ქარ­თლის ჩრდ. საზღვრების დამცავი ნაგებობების შე­სა­ხებ, რ-ებიც აღმართული იყო არა კავ­კასიონის მთავარი ქედის უღელტეხილებზე, არამედ ჩრდ. ხევების ვიწროებში. ასეთებია კ., ხილაკას ჩამხერგავი კედლები და დარიალის ციხე და კედელი. ერთ განედზე განლაგებული ეს სიმაგრეები ჯერ კიდევ ადრე შუა საუკუნეებში ქმნიდა თავდაცვით ნაგებობათა ერთიან ხაზს, რ-იც კეტავდა სა­ქართვ. საზღვრებზე გამავალ მთავარ სამიმოსვლო გზებს ქართლიდან ოსეთისა და ჩრდ. კავკასიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მშენებლებმა კარგად იცოდნენ კავკასიონის ოროგრაფია – ისინი ­ოსტატურად იყენებდნენ ბუნებრივ პირობებს, ვიწრობებისა და ყინულოვან მთათა მასივების მონაცვლეობას. „ახა­ლი ქარ­თლის ცხოვრების" (ბე­რი ეგნატა­შვი­ლი) ცნობით, XVI ს. I მეოთხედში ქართლის სამეფოს უკიდურესი ჩრდ. პუნქტები იყო „ხევ-ხილაკა და კასრის-ხევი". ვა­ხუშტი ბატონი­შვი­ლი თავის გეოგრაფიულ აღწერილობაში კასრის ხეობასთან ერთად მოიხსენიებს „კასრის-კარს" და იძლევა ამ ნაგებობის მოკლე დახასიათებას. კ. მდებარეობს ხეობის მომცრო, დავაკებულ ადგილზე, რ-ის სიგანეა 50-ოდე მ, ხოლო სიგრ­ძე (მდინარის გა­ყო­ლე­ბით) – ოდნავ მეტი. ნაგებობა მდინარის დონიდან ამაღლებულია დაახლ. 12 მ სიმაღლეზე. ნაპირი წარმოადგენს გაშიშვლებულ ფრიალო, სრულიად პერპენდიკულარულ კლდეს. დავაკებულ ადგილს დასიდან ზღუდავს მთა, სახელდობრ, ამ მთის 15–18 მ სიმაღლეზე შვეულად აღმართული კლდე. კ. აგებულია ამ კლდისა და მდ. არდონის ფრიალო ნაპირს შორის.

XX ს. 60-იანი წლების მონაცემებით, ნაგებობათაგან დარჩენი­ლია კედელი, რ-იც იწყება მდინარის მაღალი ნაპირიდან, კვეთს დავაკებულ ადგილს და დას-ით ეკვრის მთის შვეულ კლდეს. ამ კედლის აღმ. ნაწილში ჩაშენებულია კოშკი. მთელი ნაგებობის სიგრ­ძეა 52 მ, სისქე – 1,7 მ, შემორჩენილი სიმაღლე აღწევს 4,3 მ. კედელი და კოშკი ამოყვანილია დუღაბით; კოშკი შემოსილი იყო პერანგით, რ-ის უმეტესი ნაწილი გამოყენებულია გზის მშენებლობაში (XIX ს.). მოგვიანებით, გზის მშენებლობის დროს კედლის ნაწილი მოანგრიეს. კოშკს ორი კარი აქვს – სამხრ-ით და დას-ით. სავარაუდოდ, ხეობის გზა კოშკის კარში ცერად, „მრუდედ" გადიოდა, ამიტომ ადგი­ლობრივმა მოსახლეობამ მას „მრუდე კარი" შეარქვა. იქ, სადაც კედლის დას. ბოლო შვეულ კლდეს ეკვრის, კლდის თავზე აშენებულია ცალკე მდგა­რი კოშკი, საიდანაც ნათლად ჩანს კასრის­ხე­ვის მიმდებარე ჩრდ. ნაწილი. ეს კოშკი, კ-ის ძირითად ნაგებობასთან ერთად, ერთ საერთო ­კომპლექსს წარმოადგენდა. უეჭველია, ბუნებრივი პირობების გამო შუა საუკუნეებში კასრის­ხევზე ფე­ხით თუ ცხენით მიმავალი მგზავრი კ-ს გვერდს ვერ აუვლიდა. იგი პი­რით მიქცეულია ჩრდილოეთისაკენ, თვით ხეობა კი გამაგრებული იყო არაერთი სა­ფორტიფიკაციო ნაგებობით, მ. შ. ზრამაგას გალავნიანი ციხით.

ლიტ.: გ ა მ რ ე კ ე ლ ი  ვ., ­დვალე­თის კარნი ცენტრალურ კავკასიონზე (სასაზღვრო სიმაგრეები), «ძეგლის მეგობარი», 1965, № 5.

თ. გერსამია