კასტელას აბრეშუმის მანუფაქტურა, აბრეშუმსართავი საწარმო თბილისში, რომელიც 1826 გახსნა ფრანგმა ნეგოციანტმა კასტელამ (კასტელომ) (Castella, Castello). საწარმოს იაფი ნახევარფაბრიკატი (ნართი) უნდა მიეწოდებინა მოსკ. და პეტერბ. საფეიქრო ფ-კებისათვის. ამასთან დაკავშირებით კასტელა აცხადებდა, რომ იგი ირანთან, თურქეთთან, რუსეთთან და ევროპასთან გააჩაღებდა ფართო ვაჭრობას და თბილისი მსოფლიო კომერც. ოპერაციების ცენტრი გახდებოდა.
კასტელამ თავის ოპერაციებში ჩააბა იმპერიის ცენტრ. ხელისუფლების ადგილ. წარმომადგენლები, მიიღო I გილდიის ვაჭრის წოდება და დიდძალი თანხა როგორც სახელმწ. ხაზინისაგან, ისე კერძო პირთაგან. მან ჩამოიყვანა ფრანგი სპეციალისტები, დაიქირავა ადგილ. მუშები, დაიწყო იაფი მუშახელის – სამხ. ტყვეებისა და პატიმარი ქალების – ექსპლუატაცია და მოსახლეობისაგან ღალისა და სხვა გადასახადების სახით მიღებული აბრეშუმის პარკისაგან ნართის ამოხვევა. ფ-კა წამგებიანი აღმოჩნდა არასაკმარისი სახსრების, მუშახელის სიმცირისა და გასაღების ბაზრების უქონლობის გამო. კასტელა 1828 გარდაიცვალა. ამიერიდან მთავრობამ თავად მოჰკიდა ხელი აბრეშუმძაფსართავ წარმოებას – წესრიგში მოიყვანა მანქანაიარაღები, მოწყობილობანი და ამ სახით შეიქმნა „სახაზინო სასწავლო აბრეშუმსართავი საწარმო", რ-ის მთავარი დანიშნულება იყო ამიერკავკასიაში აბრეშუმის ნართის გაუმჯობესებული წარმოების გავრცელება. ამ ე. წ. „სახელმწიფო მანუფაქტურამ" დიდხანს ვერ იარსება და როგორც წამგებიანი, 1844 დაიხურა.
ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი პ., მანუფაქტურული წარმოების ისტორიისათვის ამიერკავკასიაში, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1938, ნაკვ. 3; მ ი ს ი ვ ე , კაპიტალიზმის წარმოშობა და განვითარება საქართველოსა და ამიერკავკასიაში, თბ., 1941; ღ უ დ უ შ ა უ რ ი მ., თბილისის ეკონომიკური განვითარება XIX საუკუნეში, თბ., 2009; Г у г у ш в и л и П. Б., Развитие промышленности в Грузии и Закавказье в XIX–XX вв., т. 1, Тб., 1957.