კასტელი

კასტელი (Castelli) დონ კრისტოფორო დე, XVII ს. იტალიელი მისიონერი, პატრი, თეატინელთა ორდენის წევრი. მხა­ტვა­რი. საქარ­თვე­ლო­ში ჩამოვიდა 1628 სხვა თეატინელებთან (ვინჩენცო კარაფა, ანტონიო ჯარდინა და ჯუსტო პრატო) ერთად. პირველ ხანებში ცხოვრობდა აღმ. სა­ქართვე­ლო­ში (გორი). 1634 ანტონიო ჯარდინასთან ერთად შემოქმედის ეპისკოპოს მაქსიმე მაჭუტაძის (შემდგომში მაქსიმე I) მიწვევით გურიაში გადავიდა. ახლო ურ­თიერ­თო­ბა ჰქონდა დას. სა­ქარ­თველოს კათოლიკოს მალა­ქია II-თან – ცდილობდა რომში ქარ­თველი ახალგაზრდების გაგზავნას სასწავლებლად. 1640 სა­მე­გრე­ლო­ში დასახლდა. მოგვიანებით ცხოვრობდა ქუთაისში, იმერეთის მეფის, ალექსანდრე III-ის კარზე, საიდანაც კვლავ სა­მე­გრე­ლო­ში დაბრუნდა. რამდენ ხანს დაყო კ-მ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ცნობილი არაა. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 1650 იგი ქუთაისში იყო, შემდეგ იტა­ლიაში დაბრუნდა.

კ-მ იცოდა ქარ­თული ენა. მას მიაწერენ ორ ლიტ. ნაწარმოებს ქართ. ენაზე: „ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბოს შე­სა­ხებ" (უძღვნა ელენე ათაბაგს, რ-იც, ზოგიერთი ცნობით, კათოლიკედ მოაქცია) და „ფიქრები ქრისტეს წამების შე­სა­ხებ" (უძღვნა კათოლიკოს მალაქია II-ს).

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფნის დროს კ-მ მრავალი საყურადღებო ჩანახატი გააკეთა – დახატა მრავალი ისტ. პირის პორტრეტი (მამია, სიმონ და ვახტანგ გურიელები, ლევან დადიანი, ელენე ათაბაგი, კათოლიკოსი მალაქია II, იმერეთის მეფე ალექსანდრე III, ნიკიფორე ირბახი, ქარ­თლის მეფე გიორგი X, დიდი მოურავი გიორგი სააკაძე, კა­ხე­თის მეფე თეიმურაზ I და ა. შ.); ადგილებისა და ცალკეული ნაგებობების ხედები (ტაძარი ბიჭვინთაში; გორი, ზუგდიდი, ქუთაისი, არგვეთი); ქარ­თველ­თა ტიპები, კერძოდ, მეგრელები, ჩერქეზები, თურქი და მოსკოველი მეომრები; მოსახლეობის სხვა­და­სხვა ფენის საცხოვრებელი ადგილი, საყოფაცხოვრებო სცენები და ა. შ. ყველა სურათს აქვს ისტორიულად ღირებული მინაწერი. მისი ჩანახატები 2 ალბომს მოიცავს (500-ზე მეტი სურათი). ერთი ალბომი კ-ს იტალიაში დაბრუნებისას დაიკარგა, მეორე კი და­ცუ­ლია ქ. პალერმოს კომუნალურ ბ-კაში. ამ ჩანახატების ნაწილი გამოაქვეყნა მ. თა­მარაშვილმა, მანვე ჩამოიტანა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩანახატების ნაწილის ფოტოპირები. 1977 კ-ს ალბომი წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოსცა ბ. გიორგაძემ. კ-ს რელაცია, ჩანახატები და მინაწერები ძვირფას ცნობებს იძლევა XVII ს. სა­ქარ­თვე­ლოს პოლიტ. და ეკონ. ისტორიისათვის.

თხზ.: ცნობები და ალბომი სა­ქარ­თველოს შე­სა­ხებ, თბ., 1976 [1977].

ლიტ.: თ ა მ ა რ ა ­შ ვ ი ­ლ ი  მ., ისტორია კათოლიკობისა ქარ­თველ­თა შორის..., ტფ., 1902; Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935.

ქ. ჩხატარაი­შვი­ლი