კასტორიუსის რუკა

კასტორიუსის რუკა, ტაბულა პ ო ი ტ ი ნ გ ე რ ი ა ნ ა, რომაული საგზაო რუკა, შედგენილი IV ს-ში სავარაუდოდ, გეოგრაფ კასტორიუსის მიერ. დიდხანს ინახებოდა სიძველეთა ცნობილ გერმ. მკვლე­ვარ კონრად პოიტინგერთან (XII ს. ასლი). კ. რ. სრულიად განსხვავ­დება იმ დროისთვის ცნობილ მსოფლიო რუკებისაგან, რ-ებზედაც დედამიწა გამოხა­ტული იყო ელიფსის სახით. კ. რ. ­გრძელ ზოლად არის გაჭიმული და სიგანე 21-ჯერ თავსდება სიგრ­ძეში. ამ რუკის დანიშნულება იყო მოგზაურ-ვაჭრებისთვის გზების მი­მართულების მიცემა, მათზე მდე­ბარე ძირითადი ­პუნქტების (დიდი თუ მცირე ქალაქები, გასაჩერებელი სადგურები) აღნიშვ­ნა და ამ პუნქტებს შორის მანძილის ჩვენება რომაულ მილებში (1 რომაული მილი უდრის 1,4815 კმ). რუკაზე დატანილია აგრეთვე უმთავრესი მდინარეები, მთები და ზღვები, დასახელებულია იმ ხალხთა, ქვეყა­ნათა თუ პროვინციათა სახელები, რ-ებზედაც გზები გადიოდა.

კ. რ-ის XI–XII სეგმენტებზე დატანილია სამხრ. კავკასიის ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო გზები, მ. შ. სომხეთის ქ. არტაშატიდან ­არმაზციხე-მცხეთამდე მიმავალი გზაც. ამ გზაზე არმა­ზციხის უშუალო სიახლოვეს აღნიშნულია სადგური Philado (ფილადო), რ-იც მკვლევართა საერთო აზრით, უნდა იყოს Tphilida-ს (ტფილადა) დამახინჯებული ­ფორმა. მდებარეობითაც და სახელ­წო­დებითაც ამ სახელში უნდა მოიაზრებოდეს თბილისი (ტფილისი). ამდენად, კ. რ-ზე თბილისი პირველადაა აღნიშნული.

გამოც.: Itineraria Romana – Römische Reisewege an der Hand der Tabula Peutingeriana, dargestellt von K. Miller, Stuttg., 1916.

ლიტ.: თ ვ ა რ ა ძ ე  ა., სა­ქარ­თვე­ლო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII– XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004; ლ ო მ ო უ რ ი  ნ., ძველი სა­ქარ­თვე­ლოს სავაჭრო გზების საკითხისათვის, «ისტორიის ინ-ტის შრომები», 1958, ტ. 4, ნაკვ. 1.

ნ. ლომოური