კატაბარდა (Clematis), მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები ან ხვიარა, მცოცავი და სწორღეროიანი მერქნიანი მცენარეებია. მოიცავს 250-ზე მეტ სახეობას. გავრცელებულია ზომიერ და თბილ რაიონებში. საქართველოში 5 სახეობა იზრდება. მათგან ჩვეულებრივი კ. (C. vitalba) ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხვიარა ბუჩქია. აქვს წიბოებიანი ღერო და სურნელოვანი მოყვითალო ყვავილები. ხარობს ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში იზრდება კოლხეთის და აღმ. საქართველოს ჭალისა და ვაკეთა ტენიან ტყეებში. ღერო და ფოთოლი შეიცავს ალკალოიდ კლემატინს. ნორჩი ყლორტებისაგან ამზადებენ მხალს. კ-ს ბევრი სახეობა დეკორატიულია.