კატალანური ატლასი 1375 შექმნილი მსოფლიო რუკა. კ. ა. ისტ. კარტოგრაფიის ერთ-ერთ შედევრად ითვლება. ვარაუდობენ, რომ მისი ავტორია ესპანელი აბრაჰამ კრესკე. კ. ა-ზე ჩვენთვის საინტერესოა საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილის განხილვა. საყურადღებოა ორი დროშა, რ-ებიც დატანილია სევასტიასა (სავასტო – Savasto) და სებასტოპოლისთან (Sauastopoli), ანუ სოხუმთან. სევასტიასთან გამოსახულ დროშაზე კვლავ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – წითელი ხუთჯვრი ანი დროშა მოცემულია სპარსეთის ილხანთა სახელმწიფოს დროშასთან კომბინაციაში. სავარაუდოდ, ეს კომბინაცია ასახავს იმდროინდელ ისტ. რეალობას – ოლჯაითუ ყაენის დროს მცირე აზიაში მონღოლ-ქართველთა ერთობლივ ლაშქრობას და გიორგი V ბრწყინვალის პოლიტიკას. მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტი: ეს დროშები ერთმანეთის გვერდზე კი არ არის მოთავსებული, არამედ ეს არის პრაქტიკულად ერთი დროშა, რ-ის ქვედა ნახევარი წითელი ხუთჯვრიანი დროშაა, ხოლო ზედა ნახევარი – მოყვითალო ფონზე გამოსახული წითელი კვადრატი, ანუ ზუსტად ასახულია ის ისტ.
სურათი, როდესაც აღმ. საქართველოს ჯარი იბრძოდა ილხანთა სახელმწიფოს ჯართან ერთად. კ. ა-ზე დროშა ასევე დატანილია სოხუმთან. მისი გამოსახულება, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში წაშლილა; აქაც, სავარაუდოდ, მოცემული უნდა ყოფილიყო წითელი ხუთჯვრიანი დროშა.
ამგვარად, კ. ა. არის ფაქტობრივად მეექვსე რუკა, სადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს ტერიტორიაზეა დატანილი.
ლიტ.: თ ვ ა რ ა ძ ე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII– XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.
ა. თვარაძე