კატეგორიოლოგია

კატეგორიოლოგია, ფილოსოფიის ქვედარგი, მოძღვრება კატეგორიების შე­სა­ხებ. კატეგორიები ლოგიკის, ონტოლოგიისა და მეტაფიზიკის საყრდენი ცნებებია და არსებულთა მთავარ ნიშანთვისებებს გამოხატავს.

კატეგორიების შე­სა­ხებ მოძღვრება ანტ. ხანის ბერძნ. აზროვნებაში დამუშავდა. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია პარ­მენიდეს, ჰერაკლიტეს, პლატონი­სა და არისტოტელეს წვლილი. პლატონი საკითხს სვამს არსებულთა არსის შე­სა­ხებ და იმის თაობაზე, თუ რა სახის არსებობა მიეწერება არსებულებს. აქვე ისმის კითხვა: რას ნიშნავს გამოთქმა „რაიმე არის?“ კატეგორიები არსებულთა ფუძემდებლური ცნებებია და სწორედ მათი მეშვეობითაა შესაძლებელი საგანთა ადეკვატური შემეცნება. პლატონური დიალოგების მთავარი მოტივიც არსებულთა აუცილებელი და ზოგადი პრინციპების დადგენაა. დიალოგში „სოფისტი“ პლატონი არსებულთა ხუთ უმაღლეს გვარზე (არსებული, უძრაობა, მოძრაობა, იგივეობა, განსხვავება) მსჯელობს, რ-იც არსებულთა არსებობის უზოგადესი პრინციპებია, რადგან მათი სხვა პრინციპებზე დაყვანა შეუძლებელია. კ-ის განვითარებაში, პლატონის მიერ შეტანილი წვლილის მიუხედავად, ამ დარგის პირველი სისტემური განვრცობა და განვითარება არისტოტელეს სახელს უკავშირდება. არისტოტელე ითვლება კ-ის დამფუძნებლად, რაზეც მეტყველებს მისი ნაშრომი „კატეგორიები“, რშიც იგი ათი კატეგორიის (არსება, რაოდენობა, თვისება, მიმართება, ადგილი, დრო, მდგომარეობა, ფლობა, მოქმედება და ვნება) შესა­ხებ მოძღვრებას ავითარებს. არისტოტელეს შემდეგ, ფილოს. აზროვნების ისტორიაში, კატეგორიები სპეციალური განხილვისა და ხშირი დავა-კამათის საგანი იყო. შუა საუკუნეების ფილოსოფიაში კატეგორიების სპეციფიკური ინტერპრეტაცია მოხდა და ფართოდ გავრცელდა მოძღვრება პრედიკაბილიების (გვარი, სახე, განსხვავება, საკუთრივი ნიშანი, აქციდენცია) შე­სა­ხებ. მომდევნო ეპოქებში კი სხვა­და­სხვა ფილოს. მიმდინარეობა (იდეალიზმი, რეალიზმი, სიცოცხლის ფილოსოფია, პრაგმატიზმი, ანალიზური ფილოსოფია და სხვ.) განსხვავებული ასპექტებითა და პერსპექტივებით განიხილავდა კ-ის თემატურ სპექტრს. ი. კანტის მიხედვით, კატეგორიები აზროვნების აპრიორული ფორმებია და ყოველგვარი სახის გამოცდილების წინაპირობას წარმოადგენს. კატეგორიების სისტემატიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური მცდელობა სწორედ კანტის სახელს უკავშირდება. მან კატეგორიები განსჯის ძირითად ცნებებად მიიჩნია, მათი ონტოლოგიური სტატუსის რელატივირება მოახდინა და ისინი შემეცნების თეორიის ფარგლებში მოათავსა. ამით კანტმა სათავე დაუდო კრიტიკულ ფილოსოფიას, ხოლო მისი მოძღვრება „კოპერნიკისებური შემოტრიალების“ სა­ხელით დამკვიდრდა.

ქ ა რ ­თ უ ლ ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო აზროვნებაში კ-ს საგანგებო ადგილი უკავია. ანტ. კ-ის ქრისტ. ინტერპრეტაციის თვალსაჩინო მაგალითია მოცემული იოანე დამასკელის „დიალექტიკაში“, რ-იც ქარ­თულად თარგმნეს ეფრემ მცირემ და არსენ იყალთოელმა. პლატონის ხუთი უმაღლესი გვარის საინტერესო განმარტება და ანალიზი ეკუთვნის იოანე პეტრიწს, რ-მაც გვართა თეორიის შუაგულში "მყოფის ცნება" განათავსა. შუა საუკუნეების ქრისტ. აზროვნებასა და იოანე პეტრიწის შემოქმედებაზე დაყრდნობით, ქრისტ. კ-ის საგულისხმო მოდელი გადმოსცა ანტონ პირველმა. კატეგორიების ლოგიკური სისტემატიზების თვალსაჩინო ნიმუშია მოცემული ს. დოდა­შვი­ლის ნაშრომში „ლოგიკა“. XX ს. ქართ. ფილოსოფიაში კ-ის პრობლემატიკას განიხილავდნენ: შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, ს. დანელია, მ. გოგიბერიძე, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, გ. ბაჩულა­შვი­ლი, გ. მაჩიტაძე, გ. თევზაძე, თ. ბუაჩიძე და სხვ. ასევე საგანგებო ყურადღება ექცეოდა მატერიალისტური ­დიალექტიკის კატეგო­რიების ანალიზსა და ინტერპრეტაციას (გ. რუსია, ბ. ური­დია, გ. ცინ­ცაძე, ბ. ლუტიძე და სხვ.). თა­ნამედროვე ქართ. ფილოსოფიაში ინტენსიურად განი­ხილება ანტ. კატეგორიათმოძღვ­რებისა და ქრისტ. კ-ის ურთიერთმი­მართების პრობლემები (გ. თევზაძე, თ. ირემაძე და სხვ.).

ლიტ.: ბ ა კ უ რ ი ა  მ., ბ უ ა ჩ ი ძ ე  თ., ე რ ქ ო მ ა ი ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., თანაფარდობითი კატეგორიები, თბ., 1993; ბ ა ჩ უ ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  გ., კატეგორიების კავშირი კარლ მარქსის „კაპიტალში“, თბ., 1961; თ ე ვ ზ ა ძ ე  გ., იმანუელ კანტი, თბ., 1974; ი რ ე მ ა ძ ე  თ., მყოფი და ყოფნა, წგ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე, თბ., 2013; მ ა ჩ ი ტ ა ძ ე  გ., კატეგორიების პრობლემა უაიტჰედის ფილოსოფიაში, თბ., 1966; წ ე რ ე თ ე ლ ი  ს., არისტოტელესა და კანტის მოძღვრებათა ურ­თი­ერ­თობისათვის კატეგორიების შე­სა­ხებ, «თსუ შრომები», 1936, ტ. 3.

თ. ირემაძე