კატეხიზისი (ბერძნ. katēchēsis – დარიგება, დამოძღვრა, სწავლება), სახელმძღვანელო, რ-შიც გადმოცემულია ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დებულებები, განკუთვნილი ქრისტიანულ ეკლესიაში ახალმოსულთათვის (კათაკმეველთათვის). ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში კ. იყო ზეპირი დარიგება ქრისტიანობაზე მოსაქცევად, XVI ს-იდან კი – წიგნი, რ-იც პოპულარულ ენაზე გადმოსცემს ქრისტ. ეკლესიის მოძღვრებას. მართლმადიდებლურ, კათოლ. და პროტესტანტულ ეკლესიებს აქვთ თავიანთი კ-ები. ამ ჟანრის პირველი ნაბეჭდი წიგნი ქართულ ენაზე (ხუცურად), წმ. იოანე დამასკელის – „გადმოცემა უცილობელი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, დაბეჭდილია 1744, მოსკოვში, ბაქარის სტამბაში.
ცარიზმის დროს გამოიცა „დაწყებანი საქრისტიანო სწავლისა, ანუ მოკლე სამღუდელო ისტორია და მოკლე კატეხიზმო"; „ვრცელი ქრისტიანობრივი კატეხიზმო მართლმადიდებელის კათოლიკე-აღმოსავლეთის ეკლესიისა"; „სამღვთო სჯულისა და მცნებათათვის მართლმადიდებელ კატეხიზმოს სახელმძღვანელოსამებრ"; "სახელმძღვანელო მართლმადიდებელ ეკკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად" და სხვ.
საბჭოთა პერიოდში, ათეიზმის ხანაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წლის საქართვ. ეკლესიის კალენდარში პირველად დაიბეჭდა (1911 წლის გამოცემის მიხედვით) სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კ-ის შესასწავლად (მრწამსის, ათი მცნების, ცხრა ნეტარების და `მამაო ჩვენოს“ განმარტება). მას შემდეგ სხვადასხვა სახის შინაარსითა და რედაქციით შექმნილია და ქართ. ენაზე გამოცემულია შემდეგი კ-ები: „სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად“ (1990); „მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მოკლე კატეხიზმო კათაკმეველთათვის" (ოზურგეთი, 1991–92); „სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად“ (1994); „სახელმწიფოებრივი კატეხიზმო: მართლმადიდებლური სწავლება საღვთო ხელისუფლებაზე“ (1999); „ნესტორ (ყუბანეიშვილი) ეპისკოპოსი – მოკლე კატეხიზმო“ (2000); ალექსანდრე ეპისკოპოსი – „მართლმადიდებლური კატეხიზმო" (2001), ალექსანდრე ეპისკოპოსი – "მართლმადიდებლური კატეხიზმო: ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები" (საქართვ. საპატრიარქოს გამომც. 2011).
კ. ალიბეგაშვილი