კატისთვალა გველი (Telescopus), გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. კ. გ-ის თვალის გუგა სინათლეზე ვერტიკალურადაა შევიწროებული და კატის თვალებს მოგვაგონებს. აქვთ შხამიანი, ღარიანი კბილები. გავრცელებულია ევროპაში, სამხრ.-დას. აზიასა და აფრიკაში. გვარი შეიცავს 12 სახეობას. სამხრ. კავკასიაში ერთი სახეობაა ცნობილი – ჩვეულებრივი კ. გ. (T. fallax), რ-იც გავრცელებულია აღმ. და სამხრ. საქართველოში. ბინდისა და ღამის ცხოველია. იკვებება პატარ-პატარა ცხოველებით. ადამიანისათვის უვნებელია, კბილების მდებარეობა დაშხამვის საშუალებას არ იძლევა.
თ. მუსხელიშვილი