კაუკაზიშე პოსტი, („Kaukasische Post" – „კავკასიის ფოსტა"), ყოველკვირეული გაზეთი, გამოდიოდა 1906-იდან თბილისში გერმ. ენაზე. დამაარსებელი და პირველი რედ. – ა. ლაისტი. სხვადასხვა დროს მისი გამომცემლები იყვნენ კ. ფონ კუჩენბახი და ი. შლოინინგი.
„კ. პ-ის" ფურცლებზე შუქდებოდა მასალები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. გაზეთი ასახავდა კავკასიის გერმანელთა ყოფას, ქართ. საზ. ცხოვრებას, გერმანელ კოლონისტთა და ქართველთა ურთიერთობას.
გაზეთის პირველი ნომერი 1906 წ. 18 ივნისს გამოვიდა. I მსოფლიო ომის დაწყებისას მისი გამოცემა შეწყდა, ხოლო 1918–22 – განახლდა.
„კ. პ-ში" ა. ლაისტმა გამოაქვეყნა ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის ლექსების, აგრეთვე ა. დეკანოზიშვილის პროზაული მინიატიურის თავისივე თარგმანები.
გაზეთს ჰქონდა სხვადასხვა რუბრიკა: „პოლიტიკური მიმოხილვა", „სხვადასხვა ცნობები", „კოლონიებიდან", „მთელი მსოფლიოდან", „ლიტერატურა და ხელოვნება", „ახალი წიგნები", „მხიარული კუთხე".
ლიტ.: ბ რ ე გ ა ძ ე ლ., მოგზაურობა „კაუკაზიშე პოსტის" ფურცლებზე, თბ., 2010.
თ. დოლიძე